მელიამ ზუსტად გათვალა, რომ ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანას განსაკუთრებული მუხტი სჭირდება და ამ მუხტს თავად ქმნის. ის მაქსიმალურად ეცდება თავი დააჭერინოს, ან პირიქით, თავისუფლებაზე დარჩეს და ორივე შემთხვევაში, ხელისუფლება დააზიანოს“, – გვეუბნება ნაცმოს პოლიტიკური საბჭოს წევრი.
„ოცნების“ კოჰორტამ უნდა გადაწყვიტოს, დააპატიმრებენ თუ არა მელიას. გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ მელიას დაპატიმრება მათი ღირსების საქმეა, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ამაზე პარლამენტის რიგითი წევრების დათანხმება ჭირს. რიგითი პარლამენტარები ვარაუდობენ, რომ მელიას დაკავებამ, შესაძლოა, რეგიონებში ხალხი გამოიყვანოს და საბოლოო ჯამში, ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. დეპუტატებს აქვთ იმის შიში, რომ შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები მაინც დაინიშნოს და ეს მათ 4-წლიან გარანტირებულ ნირვანას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლამ ოპოზიციას ფრთები შეასხა. იმის მიუხედავად, რომ ისინი ამბობენ, არ გვჯერაო, ივანიშვილი კონტაქტზე მართლა არავისთან გადის, ხოლო პოლიტსაბჭოდან მისი უერთგულესი ხალხის – დავით საგანელიძისა და ერეკლე ტრიპოლსკის წასვლამ ეს ეჭვები გაამყარა.
„ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, არჩილ თალაკვაძესა და თეა წულუკიანს დანარჩენების დარწმუნება უჭირთ. ამიტომ მელიაზე იმუნიტეტის მოხსნის კენჭისყრა მარტივი არ იქნება, თუ პარლამენტარებმა რაღაც გარანტიები არ მიიღეს. შიდა კონსულტაციების დროს ითქვა ისიც, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად განადგურებული და ძალაგამოცლილია, მოლაპარაკებების მაგიდა მიატოვეს ფასილიტატორმა ელჩებმაც და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. ეს კარგად იციან დეპუტატებმა და ამიტომ არ სურთ, ხელოვნურად შექმნან დაძაბულობის ახალი კერა. მეორეს მხრივ, მელია თუ არც გირაოს გადაიხდის და გარეთაც დარჩება, ეს ოპოზიციის აქტივს ფრთებს შეასხამს, ისინი დაიჯერებენ, რომ ყველაფერი ეპატიებათ და უმართავი პროცესები დაიწყება“, – გვეუბნება „ოცნების“ დეპუტატი.
ყველაფრის მიუხედავად, თითქმის 100%-ით გადაწყდა, რომ უახლოეს სესიაზე პარლამენტი მელიას იმუნიტეტს მოუხსნის, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს,რომ პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე უნდა დააკავოს. ეს კი მარტივი არ იქნება.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები