სპორტული ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი:
“რა გააკეთა ივანიშვილმა ქართული რაგბისთვისო?”, ზოგიერთმა ნაცსექტანტმა ამოსთქვა ამ დღეებში და მათ გასაგონად ვიტყვი ორიოდე სიტყვას !
“მთავარი მოქალაქის” ფან-კლუბს ნამდვილად არ წარმოვადგენ, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაო შეხება მქონდა წლების მანძილზე და პრაქტიკიდან გამომდინარე ფაქტს ვიტყვი, დანარჩენი თავად განსაჯეთ !
ტვ “მზეში” მუშაობისას, ქართული რაგბის სამყაროს წარმომადგენლები მოვიდნენ ჩვენთან და 2006-2007 წლების სარაგბო სეზონისთვის, გადაცემათა ციკლის შექმნაზე შეთანხმდნენ ტვ-ს ხელმძღვანელობასთან, რომლის გაკეთებაც მე დამევალა. ყოველკვირეულად უნდა გაგვეშუქებინა შიდა, ეროვნული ჩემპიონატის ტურის მატჩები, რაც მაშინ ყველა ტელევიზიას უკაცრავად პასუხია და მაგრად ეკიდა. დიდი-დიდი საჩემპიონო მატჩის ფრაგმენტები ენახებინათ წელიწადში ერთხელ. შევუდექით საქმეს, მაგრამ რაც ვნახე, თუ სად და რა პირობებში თამაშობდნენ ბიჭები, შოკი იყო. ეს გახლდათ ვარკეთილის მეურნეობის სტადიონი, რომელსაც სტადიონი ძველი წლებიდან ინერციით გადმოყოლილად თუ ერქვა, თორემ ყველაფერი იყო მის გარდა. მინგრეულ-მონგრეული ინფრასტრუქტურა, ასეთივე გასახდელები, არ იყო შუქი, არ იყო წყალი, რომ მორაგბეებს შხაპი მიეღოთ მატჩის შემდეგ. შემოდგომა-ზამთრის პირას უწევდა მატჩებს ჩატარება, უმეტეს შემთხვევებში ცუდ ამინდში და თამაშების შემდეგ ერთიანად ტალახიანები სხდებოდნენ მეგობრების მანქანებში და სახლებისკენ მიეშურებოდნენ, რომ იქ მოწესრიგებულიყვნენ. საუბარი მქონდა მაშინ რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან და შეწუხებულები ამბობდნენ ისინი, მოთამაშეები ხელფასებს ვერ იღებდნენ, რადგან არც კლუბებს და არც კავშირს არანაირი სათანადო დაფინანსება არ ჰქონდათ. ერთადერთი რაც შეგვიძლია, ეს არის რომ თვეში 60 ლარს ვაძლევთ სიმბოლურად და ამას სტიპენდიას ვეძახითო. პლუს ყველაფერს ამას, მოედნის გვერდით, რაღაც შენობები იდგა, სადაც ლტოლვილები ცხოვრობდნენ, მათ ბაღ-ბოსტნები ჰქონდათ სტადიონთან ლამის ზედ მოდგმული და ის მავთულის ღობეები, რაც გამყოფად იყო შემოვლებული, ხშირად ამ ხალხისვე კუთვნილებაში მყოფ ღორებს და ძროხებს ვერ აკავებდა. შესაბამისად მათი მოედნიდან განდევნაც ხდებოდა საჭირო. გარეთ გამოფენილი “სერა-ბურა-მალინოვი” ფერის ე.წ. სარეცხ-თეთრეული კი დროშებივით ფრიალებდნენ სპორტული შეჯიბრებების დროს და ჩემი ოპერატორებისთვის ასე ვთქვათ “კარგი კადრის” გადასაღებად ღორ-ძროხა-ბოსტნებთან ერთად, პრობლემებს უქმნიდნენ. ძალიან რთული იყო ეს “პეიზაჟი” კადრში არ მოხვედრილიყო. ასეთ პირობებში უწევდათ იმ ბიჭებს თამაში, რომელთაგანაც ძალიან ბევრმა შემდგომ ეროვნულ ნაკრებში იასპარეზა და არაერთი გამარჯვება მოუტანა საქართველოს !
ჰო, ვინც საზღვარგარეთ თამაშობდა, ისინი ნაკრებში თავიანთი ხარჯებით ჩამოდიოდნენ, იმდენად დიდი იყო ეროვნული გუნდის მაისურით მოედანზე გასვლის სურვილი !
ეს სულ რამდენიმე პატარა დეტალი ავღწერე, რასაც მე შევხებივარ და ცა და დედამიწასავითაა განსხვავება იმ პირობებსა და ახლანდელს შორის, რაც მორაგბეებს აქვთ. რა თქმა უნდა უკეთესის სურვილი სულ იქნება, მაგრამ ის რაც იყო და რაც არის, ახლოსაც ვერ მივა ერთმანეთთან !
სწორედ ივანიშვილის ინიციატივა იყო სტადიონების რეაბილიტაცია ჯერ თბილისში და შემდეგ რეგიონებში, რაშიც სახელმწიფოს კაპიკი არ დახარჯვია. ასეულობით მილიონებზეა საუბარი. ნაკრების მოთამაშეებს, ვინც გამოძახებულები არიან მატჩებზე, სრულად უნაზღაურდებათ გზა, პლუს ერიცხებათ პრემიალურები. კლუბებში აქვთ ხელფასები მორაგბეებს. იმ ნაცსექტანტებს კიდე გავახსენებ, მათი ლიდერები რომ გამოიჭიმნენ (ხელისუფლებაში იყვნენ მაშინ), როცა “შევარდენის” სტადიონი გარემონტდა პირველი და მის გახსნაზე ყელ-ყელაობდნენ, როგორ იბუზებოდნენ, როცა უწევდათ იმის ხსენება, თუ ვისი ფინანსებით მოხდა ეს !
ამიტომ ბიძიკოებო, სანამ იმ კითხვას დასვავთ ტვ-ეთერებში “რა გააკეთა რაგბისთვის ივანიშვილმაო?”, თუ არ იცით, ან არ გინდათ იცოდეთ, თავად მორაგბეებს ჰკითხეთ, იმ პერიოდის ხელმძღვანელებს, ჟურნალისტებს ვინც რაგბის აშუქებდა და მოგიყვებიან წვრილ-წვრილად რა და როგორ იყო !
“თეთრზე თეთრი უნდა ითქვას, თორემ შავს რა დალევს ?!”
კომენტარები