„კიდევ ერთხელ, საქართველოს ხელმძღვანელობა აქტიურად ამრავლებს თავის სამხედრო პოტენციალს და ამართლებს თავის მოქმედებას რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობით. ამასთან, უკიდურესად რთულია სადაზვერვო და საჰაერო უპილოტო ხომალდების შეძენის აუცილებლობის დასაბუთება მხოლოდ თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
2021 წელს სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საჰაერო ხომალდების შეძენის გეგმების შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო მოსმენაზე. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ისრაელთან ხელი მოეწერა შეთანხმებას, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებისა და სრულყოფილი მოდერნიზაციის შესახებ.
სოხუმში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მთიან ყარაბაღში ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, სადაც აქტიურად იყენებდნენ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლის წყალობითაც აზერბაიჯანულმა მხარემ შეძლო შეტევითი ოპერაციების შემუშავება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს გეგმებს, ასეთი ტიპის თანამედროვე მაღალი სიზუსტის იარაღის შესაძენად.
„აშკარაა, რომ ეს თანამედროვე ტიპის იარაღი შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ გადაუჭრელი კონფლიქტების საომარი გზით გადასაჭრელად“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
სოხუმის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ქმედებები აშკარად ცხადყოფს საქართველოს მტრულ დამოკიდებულებას უახლოესი მეზობლების მიმართ და სრულად აუფასურებს დეკლარაციულ ნაბიჯებს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მილიტარიზაციის პროცესს აქტიურად უჭერს მხარს ოფიციალური ვაშინგტონი, რომელიც მოქმედებს, როგორც თბილისის სტრატეგიული პარტნიორი“, – აღნიშნავს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სოხუმი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მილიტარიზაციის პროცესის გააქტიურება ძალზე საშიშია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას. აფხაზური მხარე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას, საქართველოს ხელისუფლების ასეთი პროვოკაციული ქმედებების გამო, რამაც შეიძლება შექმნას დაძაბულობის ახალი რაუნდი კონფლიქტის ზონაში.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით, აფხაზური მხარე აპირებს აშშ-ს წარმომადგენლებისგან დეტალური განმარტება მოითხოვოს საქართველოს ხელმძღვანელობის განზრახვების შესახებ და დასაბუთებული არგუმენტებიც, ჩვენს რეგიონში ასეთი მაღალი სიზუსტისა და ძალზე ეფექტიანი შეტევითი იარაღის შემდგომი გამოყენების შესახებ“, – განაცხადა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები