ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის.
როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
რა განსხვავებაა თეთრ და მუქ ქათამს შორის?
ქათამი არის ფრინველი, რომელიც თითქმის არასოდეს დაფრინავს. ეს არის მთავარი მიზეზი, რომელიც განსაზღვრავს ქათმის სხვადასხვა ნაწილის შეფერილობას. ხორცის მუქი ფერი გამოწვეულია ქათმის შესაბამის კუნთებში მრავალი სისხლძარღვის არსებობით. რაც უფრო ინტენსიურია დატვირთვა კონკრეტულ კუნთზე, მით მეტი სისხლით მარაგდება კუნთის ვენა და არტერია – შესაბამისად ხორცი მუქდება. ქათმის ფრთებზე დატვირთვა მინიმალურია და გულმკერდის კუნთები კი არ ასრულებენ რაიმე აქტიურ ან ინტენსიურ მუშაობას. ამიტომ ქათმის ფრთები თეთრი შეფერილობითა და ნაზი გემოთი გამოირჩევა. ქათმის ხორცის მახასიათებლებზე და უპირატესობებზე საუბრისას ასევე უნდა აღინიშნოს სხვადასხვა ფერის ხორცის შემადგენლობა, კალორიულობა და ჯანმრთელობაზე გავლენა.
ქათმის თეთრი ხორცის უპირატესობებია:
ქათმის თეთრ ხორცში მეტი სრულფასოვანი ცილაა და იგი დაბალკალორიულია, შესაბამისად თეთრი ხორცი საუკეთესო არჩევანია, როცა გსურთ წონაში დაკლება. თეთრი ხორცი რეკომენდებულია დიეტოლოგების მიერ თითქმის ყველა ბალანსირებულ და სწორი კვების სქემაში. გარდა ამისა, თეთრ ხორცს აქვს ყველაზე მეტი პროტეინი. ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იცავენ სპეციალურ დიეტას, როგორც წონის დასაკლებად, ასევე კუნთოვანი მასის გასაზრდელად.
ქათმის მუქი ხორცის ძირითადი უპირატესობებია:
მუქი ხორცი შეიცავს კუნთოვან უჯრედებს და მდიდარია რკინით. ასე რომ, მუქი ხორცი რკინისა და მინერალების საუკეთესო წყაროა.
მუქი ხორცი მდიდარია თუთიით, სელენით, რიბოფლავინით, B6 და B12 ვიტამინებით. მუქი ხორცი ამცირებს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკს, აუცილებელია გულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ქათმის მუქ ხორცს აქვს შესანიშნავი გემო და სასიამოვნო არომატი, რის გამოც იგი ასე პოპულარულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
გემოვნური თვისებები და ტექსტურა:
რაც შეეხება გემოვნურ თვისებებს, თეთრ ხორცს გემო უფრო ნაზი და ნაკლებად გამოკვეთილი აქვს, მაგრამ მოხარშული თეთრი ხორცი სასარგებლოა ყველა ასაკის ადამიანისთვის. მუქი ხორცი უფრო არომატული და წვნიანია, რადგან უფრო მეტ ცხიმს შეიცავს.
ორივე სახის ხორცი მდიდარია ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით, ასე რომ, არჩევანი თქვენზეა.
კომენტარები