ალიას ესაუბრება ანგიოლოგი, ანგიოქირურგი, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე, რომელსაც პრაქტიკული გამოცდილება მიღებული აქვს როგორც საქართველოს, ასევე, ევროპის არაერთ კლინიკაში, არის საქართველოს სისხლძარღვთა ასოციაციისა და ევროპის სისხლძარღვთა ასოციაციის წევრი, არის დოქტორანტი და 15 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მონაწილეობდა პარიზში, მიუნხენში, შვეიცარიაში, ლაიფციგსა და სინგაპურში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებში.
დღეს, ბატონ გიგისთან ერთად, ვისაუბრებთ დიაბეტური ტერფის პათოლოგიაზე, რომლის დროულ გამოვლენასა და მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
–რა არის დიაბეტური ტერფი?
–დიაბეტური ტერფი პათოლოგიაა, რომელიც გვხვდება ტიპური შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, გვიან ეტაპზე, გამოხატულია ქსოვილის ნეკროზული გადაგვარებით, წყლულით. არსებობს ორი ფორმა: ტერფის ნეიროპათიური და ნეიროიშემიური პათოლიგიები, ასევე, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა იყოს კომბინირებული ფორმა.
–რა უნდა გააკეთოს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტმა იმისათვის, რომ დიაბეტური ტერფის პათოლოგია აირიდოს თავიდან?
–ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია რეგულირებადი იყოს დიაბეტი, დაურეგულირებადი დიაბეტი იწვევს ნეიროპათიურ დაზიანებებს, ვითარება მძიმდება, თუ დიაბეტი სისხლძარღვების დაავადებასთან კომბინირდება.
–რა სიმპტომები ახასიათებს? როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა ჩაიტაროს კვლევა?
–პირველი ნიშანია მგრძნობელობის დარღვევაა, შემდეგ, შესაძლოა, მოხდეს ნერვული ქსოვილის ატროფია. სამწუხაროდ, დროული რეაგირების გარეშე, შეიძლება ისე დაზიანდეს ქსოვილი და შესაბამისად ქუსლი, რომ მგრძნობელობა მთლიანად დაიკარგოს, სისხლის მიმოქცევა ისე დაირღვეს, რომ სავალალო შედეგი დადგეს. ათეროსკლეროზი დიაბეტთან კომბინაციაში მძიმე ფორმაში მიდის და დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის გარეშე, განგრენის და კიდურის დაკარგვის რისკამდე მივდივართ. დიაბეტის სწორი მართვა, გავიმეორებ, რომ უმთავრესია.
პირველი სიმპტომებია, დაბუჟების შეგრძნება, ტერფის გულზე, თუ ფეხის თითებზე, სიმხურვალე, სიცივე, ამას შეიძლება დაემატოს, ასევე, ერთ–ერთი პირველი სიმპტომი – ხანგამოშვებითი კოჭლობა, კუნთების ტკივილი მოძრაობისას, ცოტა მოგვიანებით, შესაძლოა, ტკივილი უკვე მოსვენებულ მდგომარეობაშიც იგრძნობოდეს. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ქრონიკული, შეუხორცებელი წყლულიც. სამწუხაროდ, დიაბეტური ტერფის საწყისიც კი, უკვე დაავადების გართულებული ფორმაა, ამიტომაცაა აუცილებელი სასწრაფო რეაგირება.
ხშირად მქონია შემთხვევა, როცა უკვე სერიოზული გართულებით და სიმპტომებით მოდის პაციენტი, ჯერ წყლულზე უმკურნალეს, მერე კიდევ რაღაცაზე, ან მიდის ქირურგთან, რომელიც ფეხის დაჩირქებულ თითებს მკურნალობს, ან სულაც მოკვეთს და მერე აღმოჩნდა, რომ არ ხორცდება და აი, მერე უშვებენ ჩვენთან, ანგიოლოგებთან. ისეთი შემთხვევაც მქონია, როცა პაციენტმა, რომელსაც უკვე დიაბეტური ტერფი ჰქონდა განვითარებული, ჩემგან გაიგო, რომ დიაბეტი ჰქონდა, ესეც კი არ იცოდა. შესაბამისად, დაგვიანებული მომართვის შემთხვევები მრავლადაა, სამწუხაროდ.
–რა გართულებები ახლავს დიაბეტურ ტერფს?
–დიაბეტური ტერფი როცა უკვე განვითარებულია, ესე იგი, იქ ათეროსკლეროზის სერიოზული პრობლემაა. ყოფილა შემთხვევები, კვლევებს უჩვენებია რომ პაციენტს უკვე გადატანილი აქვს ინფარქტი, ინსულტი, ზოგს რამდენჯერმეც. შესაბამისად, მართალია, პაციენტი მოდის ფეხის პრობლემით, ამ შემთხვევაში, მაგრამ გარდა სისხლძარღვების და ფეხების კონტროლისა, კომპლექსური კონტროლი და კვლევებია აუცილებელი. როგორც წესი, როცა დიაბეტური ტერფი მხვდება, იქ უკვე გულის პრობლემები დაწყებულია.
–იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ აღენიშნება დიაბეტურ ტერფის სიმპტომები, მაგრამ აქვს შაქრიანი დიაბეტი, რა პერიოდში ერთხელ უნდა გაესინჯოს, რომ მდგომარეობა არ მიიყვანოს დამძიმებამდე?
–თუ არ აქვს სიმპტომები, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს კვლევები, გაესინჯოს ექიმს, პრობლემა არ იწყება მოულოდნელად და ერთ დღეს, შესაძლოა არ ჰქონდეს სიმპტომები, მაგრამ სისხლძარღვების კედლები იყოს უკვე გასქელებული და იყოს სხვა ნიშნები, რაც დაავადების საწყის, უსიმპტომო ეტაპზე მიგვანიშნებს. ვისაც უკვე აქვს სიმპტომები, მან, ცხადია, კომპლექსურად უნდა იმკურნალოს და პარალელურად, სასურველია მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 6 თვეში ერთხელ გააკონტროლოს მკურნალობის შედეგი, ხომ არ გართულდა მდგომარეობა.
–როგორ ხდება კვლევა დიაბეტური ტერფის ნიუ ჰოსიტალსის კლინიკაში?
–არაინკლუზიური, ულტრაბგერითი კვლევით ხდება სისხლძარღვების, სისხლის მიმოქცევის შეფასება. ვიკვლევთ, არის თუ არა დარჩენილი სისხლის მიმოქცევის აღდგენის, რეგენერაციის უნარი, თუ არ არის უკვე დარჩენილი ეს უნარი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მდგომარეობა გავუუმჯობესოთ პაციენტს, ასევე კეთდება კომპიუტერული კვლევებიც. საჭიროების მიხედვით, ცხადია. მთავარი ისაა, რომ ყველა სახის აპარატურაა კლინიკაში და რომელი კვლევაც გვჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში, უპრობლემოდ ვნიშნავთ და სწრაფადაც ვაკეთებთ. პროცესში ჩართული გვყავს სისხლძარღვების ქირურგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, საოპერაციოდ პაციენტის მომზადება ხდება სწრაფად და პროფესიონალურად. ყოფილა შემთხვევა, რომ ჯერ გულის ოპერაცია დაგვიგეგმავს და შემდეგ უკვე ბარძაყის, ან სხვა ადგილის, რადგან, პაციენტი კი ვერ გრძნობს და მხოლოდ ფეხი ჰგონია პრობლემა, მაგრამ გულის ნახევარი დაკეტილი დაგვხვედრია შემოწმებისას. ამიტომაა მნიშვნელოვანი მრავალპროფილურ კლინიკაში დიაგნოსტირება და მკურნალობა.
– მკურნალობა როგორ ხდება ნიუ ჰოსპიტალში? რომელი მეთოდებით?
–მას შემდეგ, რაც დავადგენთ პრობლემის მოცულობას, მაგალითად, შესაძლოა, ბარძაყის სისხლძარღვი იყოს „დაკეტილი“, შესაძლოა, სხვა ადგილებიც იყოს მოცული, იგეგმება ქირურგიული ჩარევა, არსებობს ორი გზა – ღია, ე.წ. ტრადიციული წესით შუნტირება და ენდოვასკულური, განაკვეთის გარეშე. ყველა მანიპულაციას ვიყენებთ, რომ მაქიმალურ დონეზე შევძლოთ შეჩერება დაავადების. არსებობს ასევე მესამე მეთოდი – ჰიბრიდული, როცა ამ ორივე მეთოდს ერთდროულად ვიყენებთ.
ზოგადად საუკეთესო შედეგს გვაძლევს არა ის, რომელ მეთოდს ვიყენებთ, არამედ, ამ მეთოდების სწორად დაგეგმვა. კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა, კონკრეტული მეთოდი იყოს ეფექტური. რაც მთავარია, კლინიკას აქვს ჰიბრიდული ქირურგიული განყოფილება, სადაც ორივე მეთოდით მუშაობის შესაძლებლობა გვაქვს თანამედროვე აპარატურის დახმარებით. წლების წინ, რთული იყო წვრილ სისხლძარღვებზე მანიპულაცია ღია წესით, ახალმა ტექნოლოგიებმა გააფართოვა მკურნალობის შესაძლებლობები, ახლა ყველაზე წვრილი კალიბრის სისხლძარღვის გახსნაც კი შეგვიძლია, მთავარია, დაგვიანებული არ იყოს.
–რა პრევენციული ზომები შეგვიძლია მივიღოთ ამ დაავადების თავიდან ასარიდებლად?
–არსებობს რისკ ფაქტორები, რომლებიც იწვევს დაავადების პროგრესირებას: თამბაქო – ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი ფაქტორია. ამ დაავადებების დროს, თამბაქოს ვინც ეწევა, ვურჩევ თავი დაანებოს, ქოლესტერინის ცვლის დარღვევა ასევე, რისკ ფაქტორია, ცხოვრების არააქტიური წესიც, რაც მეტად აქტიურად ცხოვრობს ადამიანი, მით უკეთესია მეტაბოლიზმი.
ჩვენ, ექიმები, სისხლძარღვის ყოველი სანტიმეტრისთვის ვიბრძვით, ეს პრობლემა არ არის ერთჯერადი, ასე არ ხდება, რომ ერთ დღეს იმკურნალებს და სრულად დამთავრდება, სამწუხაროდ, ქრონიკულია და მუდმივ ყურადღებას, მუდმივ პრევენციას საჭიროებს.
–რა მითები გსმენიათ პროფესიულად?
–ხშირია შემთხვევები, როცა ანგიოლოგთან მისვლამდე ყველა ბალახეულს, ყველა მალამოს მოსინჯავენ ხოლმე, წავლენ იმ ექიმბაშებთან, რომლებიც ამბობენ, რომ განგრენას არჩენენ, განგრენა უკვე მკვდარ ქსოვილს ნიშნავს, კვდომას, სამწუხაროდ, არაფერი არჩენს და პირიქით, იკარგება უძვირფასესი დრო, მეტი ქსოვილი ზიანდება და კვდება, ჩნდება ქრონიკული წყლული. ამიტომაა უმნიშვნელოვანესი, რომ პირველ რიგში სისხლძარღვები იქნეს გაკონტროლებული და შესაბამისი მკურნალობა ჩატარებული
–და ბოლოს, მოგვიყევით თქვენზე, რატომ მედიცინა? ხომ არ გინანიათ ოდესმე, რომ ანგიოლგია აირჩიეთ და რა ახალ გადამწყვეტ სიტყვას ელოდებით მედიცინისგან?
–მედიცინა ავირჩიე ოჯახური ტრადიციების გამო, ჩემი ოჯახის წევრები, დედის მხრიდან ექიმები იყვნენ, ბიძა, სისხლძარღვთა ქირურგი, თამაზ ფხაკაძე, სწორედ მან დანერგა ქვეყანაში ენდოვასკულური მეთოდები, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც აპარატები ასე მწირი იყო. მოგვიანებით, კიდევ მეტად დამაინტერესა ამ პროფესიით პროფესორმა კოტე ყიფიანმა, რომელიც, ისევე როგორც სხვა ცნობილი ქიმები, ჩემი მასწავლებელი იყო.
რაც შეეხება მედიცინის იმედისმომცემ სიახლეებს, მე პირადად, იმედი მაქვს, ოდესმე ტექნოლოგიებით ორგანოების სინთეზის საშუალება გაჩნდება, ღეროვანი უკრედების ახალი ქსოვილებით არაერთი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ.
თქვენ კითხვაზე, მინანია, თუ არა, ანგიოქირურგად მუშაობა, გიპასუხებთ, რომ არა, არასოდეს მინანია, პირიქით, წარმოუდგენლად კარგი შეგრძნებაა, როცა უკვე სასოწარკვეთილ პაციენტს გამოიყვან მდგომარეობიდან, დაუბრუნებ ნორმალური ცხოვრების პირობებს, და როცა იცი, ამისათვის ყველაფერს აკეთებ, ეს ნებისმიერ დაღლას გავიწყებს.
კომენტარები