ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– ბატონო გიორგი, მიხეილ სააკაშვილის თემით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებს უკვე გასცდა? უკრაინაში უნდა გაუშვან, პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს თუ უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მისჯილი აქვს და რომელიც კიდევ შეიძლება დაუმატონ? ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უამრავი სისტემური დანაშული ხდებოდა, ბევრი მათგანი პრზიდენტის უშუალო დავალებით და მას მარტო პიჯაკებისა და „რედ ბულის“ ყიდვას არ ედავებიან, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ მისი მომხრეები. რაში ხედავთ გამოსავალს, რომ სამართალმაც იზეიმოს, შიდა არეულობა არ მოყვეს სააკაშვილის გასამართლებას და არც ქვეყნის რეპუტაცია შეილახოს?
– სამართლიანი მართლმსაჯულება გულისხმობს იმას, რომ ის თანაბრად უდგება ყველას, მიუხედავად იმისა, კონკრეტული სამართალდამრღვევი იყო თუ არა ხელისუფლებაში, რა პოსტი ეკავა ხელისუფლებაში ყოფნისას და რომელ პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნება. ეს არის უმთავრესი პრინციპი სამართლიანი მართლმსაჯულებისა. კი, ბატონო, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს? იჯდეს, მაგრამ მაშინ მას გვერდით უნდა ესხდნენ ამ ხელისუფლების სხვა და სხვა წარმომადგენლები.
ჩვენ ვუყურებთ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ იპარავენ ბიუჯეტიდან მილიონებს, ითვისებენ სახელმწიფო ქონებას და ამის გამო მათ პასუხს არავინ სთხოვს. 40 000 გადაიხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა ნიუ–იორკში მგზავრობაში, როდესაც გაერო–ს ასამბლეას დაესწრო, ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობდნენ ის და მისი ამალა და არ დაუკლიათ არაფერი. შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროდან აორთქლებულ 750 მილიონ ლარს, ყალბი აქციზებით შემოტანილი ნავთოპროდუქტებს, რომლითაც 700 მილიონი ლარი დაუმალეს სახელმწიფოს, გრიგოლეთში ორმხრივი ავტობანი უნდა გაკეთებულიყო და 700 მილიონი ლარი გაქრა ამ საქმიდან.
არა ერთი ასეთი კორუფციული სქემა გვახსოვს ბოლო წლებში, რომელთა მეშვეობითაც ასეულობით მილიონი მოიპარეს. ამ ყველაფერზე პასუხი არავის უგია. ბუნებრივია, როდესაც შერჩევითია სამართალწარმოება, კონკრეტულ დამნაშავეებს, თავიანთ დამნაშავეებს პასუხს არ სთხოვენ და კანონი შერჩევით უდგება მიხეილ სააკაშვილს, მას ასამართლებენ არა კანონისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური მოტივით. სააკაშვილი ჩამოვიდა უკრაინიდან საქართველოში და ამით დაარღვია შეთანხმება, ღია თუ ფარული, რომელიც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან დადებული. ამ შეთანხმებით, „ნაცებს“ და „ქოცებს“ უნდა ჰქონოდათ გაყოფილი პოლიტიკური სივრცე და ყველა სხვა პოლიტიკური ძალა უნდა მოეგუდათ. ეს პირობა დაარღვია, არ უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ჩამოვიდა საქართველოში და ამის გამო ასამართლებენ.
მართლმსაჯულების სამართლიანი პრინციპები რომ მოქმედებდეს ჩვენში, სააკაშვილს გვერდით უნდა ესხდნენ კახი კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და რა ვიცი, ბევრი სხვა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი. „ქართული ოცნების“ ყველა მერი ციხეში უნდა იჯდეს, იმდენი ფული აქვთ მოპარული ტენდერებით. ბოლო ორ წელიწადში 10 მილიარდი მიზნობრივი სესხი აიღეს კორონავირუსთან ბრძოლის მოტივით, ეს თანხა გაქრა, შეჭამეს, საქმეს არ მოხმარდა და ამიტომაც არის, რომ მსოფლიოში ერთ–ერთ მოწინავე ადგილზე ვართ დაავადების გავრცელებისა და სიკვდილიანობის მხრივ. 11 ათასზე მეტი ადამიანი უკვე დაგვეღუპა. ახლახან არ იყო, კახა კალაძის უაზრო გადაწყვეტილების, რუსეთთან ფარული შეთანხმების გამო, 80 000 დოლარი დაგვაკისრა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ. ეს ფული უნდა გადავუხადოთ ოკუპანტ ქვეყანას და ეს გაკეთდა წინასწარ შეთანხმებით. ასეთი აღვირახსნილი ქურდობა, ბიუჯეტის ძარცვა, რაც დღეს ხდება, მე არ მახსოვს. ეს არის ერთ–ერთი მიზეზი იმისა, რომ ასეთ სიღატაკეში ცხოვრობს ხალხი. ჰო, რომ იცოდეთ, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას კიდევ აპირებენ იანვრიდან. მიზეზად ის სახელდება, რომ ლარის დევალვაცია მოხდა და ენერგოკომპანიები ძველებურ მოგებას ვერ ნახულობენ, ლარში ხარჯები გაეზრდათ. ეს სქემა უკვე გამზადებულია, მომზადებულია შესაბამისი სამართლებრივი აქტები. ჯერ მალავენ, მაგრამ რამდენიმე თეთრით აპირებენ გაზრდას. რამდენი თეთრით გაიზრდება, ეგ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ გაიზრდება. აღარ იციან, ხალხი როგორ გაატყაონ. სააკაშვილს დავუბრუნდეთ. მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელედება და არა კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება. პოლიტპატიმრობა უდანაშაულობას კი არ ნიშნავს. ევროსაბჭოს კრიტერიუმები აქვს დადგენილი, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება, ვინ არის პოლიტპატიმარი. ადამიანის მიმართ, პოლიტიკური ნიშნით თუ შერჩევითი სამართალი ხორციელდება, ის უკვე პოლიტპატიმარია. ასეა სააკაშვილის შემთხვევაშიც. ის კორუფციის და სხვა ბრალდებებით ზის ციხეში და ვისაც მსგავსი ან უარესი დანაშაულებები აქვთ ჩადენილი ამ ხელისუფლებიდან, ისინი დაუსჯელები არიან.
– კორუფციამ მართლა წალეკა ქვეყანა და უბედურება ის არის, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია.
– ისრეალის სახელმწიფო როდესაც ყალიბდებოდა, ისრაელის პრემიერ–მინისტრმა, გოლდა მეიერმა განაცხადა: „თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, კორუფცია გამოაცხადეთ ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე”. ეს იყო მთავარი პრინციპი, რომელსაც იცავდნენ ისრაელის სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები და როგორი ქვეყანა ააშენეს, კი ხედავთ. კი, ჩვენი საზოგადოების ბრალიც არის, რომ ასეთი აღვირახსნილი კორუფციაა ქვეყანაში. ნახეთ, როგორი სტერეოტიპები და წარმოდგენებია დამკვიდრებული ჩვენს საზოგადოებაში კორუფციასთან დაკავშირებით. ჰო, აბა, თანამდებობაზე როა, ფულს გააკეთებს, აბა, რას იზამს? ცოტა თუ მოიპარა, რა დაშავდება ამით? „პოსტს აფუჭებს, არც თვითონ სჭამს, არც სხვას აჭმევს, ასეთი პატიოსნებაც არ ვარგა“, „ამხელა თანამდებობა აქვს და მის ოჯახს არაფერი ეტყობა“. აი, ასეთი ფრაზები, კომუნისტების დროიდან დღემდე, რამდენჯერ მოგისმენიათ? ბევრჯერ, დარწმუნებული ვარ. ეს საზოგადოების მხრიდან კორუფციის გამართლებაა. კორუმპირებულ ჩინოვნიკებსა და პოლიტიკოსებს უძვრებიან და ელაქუცებიან და რაც მთავარი უბედურებაა, ასეთებს ირჩევენ პარლამენტის, საკრებულოების დეპუტატებად და მერებად. ჩვენი მოქალაქეებს მინიჭებული აქვთ ხმის უფლება ნებისმიერი რანგის არჩევნებში და ეს ხმა უნდა გამოიყენონ ქვეყნისა და საზოგადოების უკეთესობისკენ შესაცვლელად, რაც მათი, მათი ოჯახების, შვილების მომავალსაც შეცვლის უკეთესობისკენ. არა, გარბიან და ფულის, საკვები პროდუქტების ნაცვლად ხმას აძლევენ კორუმპირებულ ადამიანებს,ზოგი მათგანი ჩამოყალიბებული მაფიოზია. ჰყიდიან საკუთარ მომავალს და მერე ჩივიან, რომ ცუდად ცხოვრობენ, მათ შვილებს ამ ქვეყანაში პერსპექტივა არ გააჩნიათ. კორუფცია, კორუმპირებული ადამიანების მიმართ მიმტევებლური დამოკიდებულება, ჩვენს მენტალობაშია გამჯდარი. ვიდრე ეს სტერეოტიპი არ დაიმსხვრევა, ბიუჯეტის მღრღნელები და მყვლეფავები არ დაილევა ჩვენს ქვეყანაში.
კომენტარები