პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
” მეგობრებო, ახლა გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს გაზეთ „ალიას“ მივეცი ინტერვიუ, სადაც ვსაუბრობ ემიგრანტების დაბრუნებაზე და კორონა ვირუსის სასარგებლო შედეგებზე ამ მიმართულებით. ეს ინფორმაცია არის ყალბი, ისევე, როგორც მრავალი სხვა რამ რაც თითქოს მითქვამს! არ მიმიცია არანაირი ინტერვიუ ამ თემაზე და გთხოვთ, ნუ აყვებით მსგავს ნიუსებს. სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ დროს არიან ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ყალბ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას.”
როგორც გაირკვა, ვიღაცამ შექმნა ყალბი ე.წ. სქრინი, სადაც წერია, თითქოს “ალია” ვავრცელებთ ქალბატონი გუგულის ინტერვიუს. არადა, არც ინტერვიუ ჩაგვიწერია მასთან და არც კომენტარი ბოლო პერიოდში. შესაბამისად, ჩვენს ოფიციალურ გამოცემებში, არც გაზეთსა და არც ვებ-გვერდზე არ გამოგვიქვეყნებია.
“ალია” დაუკავშირდა ქალბატონ გუგულის კომენტარისთვის:
“დამიკავშირდნენ და მითხრეს, თითქოს “ალიასთან” ინტერვიუში ვამბობ, რომ კარგი და დადებითი აქვს კორონავირუსს ის, რომ ემიგრანტები დააბრუნა საქართველოში და თითქოს, ასევე ვამბობ, მაღიზიანებენ ის პენსიონერი ემიგრანტები, აქაც რომ პენსიას იღებენ და მაინც არ არიან მთავრობის მადლიერნი-თქო. რა თქმა უნდა, მაშინვე დავინტერესდი და ვნახე, რომ არც გაზეთ „ალიაში“ და არც თქვენს საიტზე მსგავსი არაფერი გიწერიათ და რომ ვიღაცამ გააკეთა ეს ფეიკნიუსი და თქვენი და ჩემი სახელით ავრცელებს. ახლა ამის გაკეთება, მართლა უნამუსობაა. დიასპორა მერე ამას აზიარებს და არის ერთი ამბავი, ვიღაცა შეიძლება სახლშიც მოგვიხტეს. ჩემმა თანაშემწემ მითხრა სქრინიც ვნახეო, სადღაც რაღაცა გააკეთეს და დაატრიალეს. არამარტო მე, “ალიასაც” ფეიქ ნიუსს უკეთებენ ამითი. ერთი მუჭა ხალხი ვართ და ახლა ამის დრო არ არის, ვის სცალია ასეთი რაღაცებისთვის, მართლა მაინტერესებს… საკმარისია რამე დადებითი გაჩნდეს ჩემზე, რომ სპეციალურად ხალხია გამზადებული და მზად არიან, ჩამქოლონ. ფსიქოლოგიური დახმარების ჯგუფი გავაკეთეთ ახლა და დახმარებას დისტანციურად ვუწევთ ადამიანებს, როგორც კი გაიგეს, რომ ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა ესეთი ჯგუფი – დაიწყეს ამ ინფორმაციების გავრცელება, თან თქვენი, “ალიას” სახელით, როგორც ჩანს ჰყავთ ასეთი ფეიკების შემქმნელი ადამიანები და ალბათ ხელფასსაც მაგაში უხდიან.”
კომენტარები