მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ბრჭყალები უკვე გამოაჩინა და როგორც ადრე ვწერდით, პირველი ვიოლინოს როლი ბოლომდე შეითავსა. ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე, ნიკა მელია დანარჩენ ოპოზიციას ულტიმატუმებით ესაუბრება – ან მოგვყვებით ჩვენ და ჩვენს გეგმას, ან არადა ცალკე ხართ. აი, ცალკე ვერცერთი ფინანსურად თუ ადამიანური რესურსით რომ ვერ გაქაჩავს, კარგად იციან და ამიტომ, ნაციონალების გეგმის გარშემო, უხმო მორჩილებით პარტიები ნელ-ნელა ერთიანდებიან. ერთადერთი „ლელოა“, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს რაღაცას, მაგრამ მამუკა ხაზარაძის პარტიის რიგებიც არაერთმა ადამიანმა დატოვა, რადგან ბატონმა მამუკამ ყველაზე კარგად ფინანსები იცის და რაღა თქმა უნდა, რეგიონულ ორგანიზაციებს არაფრის კეთებაში არაფერს უხდის, მუქთად კიდევ საქართველოში დიდი ხანია, არავინ მუშაობს.
გარედან არ ჩანს, თუმცა თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევის შემდეგ, ნაცმოს შიდა სამზარეულოში უმკაცრესი კონტროლი დაწესდა არამარტო დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაზე, არამედ ინფორმაციის გატანაზეც. მელია დამოუკიდებლად ცდილობს ბევრი რამის კეთებას…
„აქამდე ასე იყო – სააკაშვილს უთანხმებდნენ უმცირეს დეტალებსაც კი. ახლა მელია დამოუკიდებლად აკეთებს, პრაქტიკულად, ყველაფერს და ზუსტად იცის, რომ სააკაშვილს ამის შესახებ პარტიის სხვა წევრები დეტალურად ესაუბრებიან. მელიას დამსახურებაა ის, რომ პარტია არ დატოვა სალომე სამადაშვილმა და ზოგადად, რეგიონებში აქტივი სწორედ მელიას შეჰყურებს იმედის თვალით. მათ ცოტა აგრესიული მოქმედება სურთ და ამის შესაძლებლობა თითქოს არ ჰქონდათ, მაგრამ ახლა ეს თემა „ხსნილია“. მელიამ ისიც ზუსტად გათვალა, რომ ახლა ხალხის ქუჩაში გამოყვანას განსაკუთრებული მუხტი სჭირდება და ამ მუხტს თავად ქმნის. ის მაქსიმალურად ეცდება თავი დააჭერინოს, ან პირიქით, თავისუფლებაზე დარჩეს და ორივე შემთხვევაში, ხელისუფლება დააზიანოს“, – გვეუბნება ნაცმოს პოლიტიკური საბჭოს წევრი.
ზოგადად, პოლიტიკური საბჭოც პირობითი ცნება გახდა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, მელია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და საბჭოს წევრებიც მხოლოდ თავის დაქნევით შემოიფარგლებიან. მმართველი გუნდი კი ნამდვილად დილემის წინაშე დგას. პროკურატურამ ხელი დაიბანა, როცა პარლამენტს მიმართა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, ანუ ახლა საკანონმდებლო უმრავლესობამ, ანუ „ოცნების“ კოჰორტამ უნდა გადაწყვიტოს, დააპატიმრებენ თუ არა მელიას. გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ მელიას დაპატიმრება მათი ღირსების საქმეა, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა ამაზე პარლამენტის რიგითი წევრების დათანხმება ჭირს. რიგითი პარლამენტარები ვარაუდობენ, რომ მელიას დაკავებამ, შესაძლოა, რეგიონებში ხალხი გამოიყვანოს და საბოლოო ჯამში, ისინი პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. დეპუტატებს აქვთ იმის შიში, რომ შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები მაინც დაინიშნოს და ეს მათ 4-წლიან გარანტირებულ ნირვანას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლამ ოპოზიციას ფრთები შეასხა. იმის მიუხედავად, რომ ისინი ამბობენ, არ გვჯერაო, ივანიშვილი კონტაქტზე მართლა არავისთან გადის, ხოლო პოლიტსაბჭოდან მისი უერთგულესი ხალხის – დავით საგანელიძისა და ერეკლე ტრიპოლსკის წასვლამ ეს ეჭვები გაამყარა.
„ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, არჩილ თალაკვაძესა და თეა წულუკიანს დანარჩენების დარწმუნება უჭირთ. ამიტომ მელიაზე იმუნიტეტის მოხსნის კენჭისყრა მარტივი არ იქნება, თუ პარლამენტარებმა რაღაც გარანტიები არ მიიღეს. შიდა კონსულტაციების დროს ითქვა ისიც, რომ ოპოზიცია პრაქტიკულად განადგურებული და ძალაგამოცლილია, მოლაპარაკებების მაგიდა მიატოვეს ფასილიტატორმა ელჩებმაც და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამორიცხულია. ეს კარგად იციან დეპუტატებმა და ამიტომ არ სურთ, ხელოვნურად შექმნან დაძაბულობის ახალი კერა. მეორეს მხრივ, მელია თუ არც გირაოს გადაიხდის და გარეთაც დარჩება, ეს ოპოზიციის აქტივს ფრთებს შეასხამს, ისინი დაიჯერებენ, რომ ყველაფერი ეპატიებათ და უმართავი პროცესები დაიწყება“, – გვეუბნება „ოცნების“ დეპუტატი.
ყველაფრის მიუხედავად, თითქმის 100%-ით გადაწყდა, რომ უახლოეს სესიაზე პარლამენტი მელიას იმუნიტეტს მოუხსნის, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს,რომ პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე უნდა დააკავოს. ეს კი მარტივი არ იქნება.
„ალიას“ ინფორმაციით, მელია პარტიის ოფისში მივა და სამართალდამცავებს იქ დაელოდება, თუმცა ოფისთან მინიმუმ რამდენიმე ასეული აქტივისტი იქნება, რომლებიც სამართალდამცავებს მისი დაკავების უფლებას არ მისცემენ. აუცილებლად მოხდება შეტაკება და უკვე ცხადია, რატომ ახსენებს „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ხშირად 20 ივნისის ღამეს. ისინი იგივეს განმეორებას ელიან. მზად არის აქტივი რეგიონებში, რომელიც თბილისისკენ უკვე ორშაბათს დაიძვრება, რათა მელია დაიცვან და რაც მთავარია, სამართალდამცავებს მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწიონ. თუ თავმჯდომარის დაკავება მოხდება, გაკეთდება მოწოდება, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და დიქტატურა დაამხოს, თუ არადა, უკვე თავად მელია იტყვის, რომ სახელმწიფო უნიათოა და ისინი უნდა დამთავრდნენ. შესაბამისად, სამშაბათს ან ოთხშაბათს, ხელისუფლებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც ვა-ბანკზე წასვლა უწევთ და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულს ყველაფერი დარჩება.
ნაციონალურ მოძრაობას ბოლომდე გაჰყვებიან დანარჩენი პარტიები და ნეიტრალიტეტს სავარაუდოდ მხოლოდ „ევროპული საქართველო“ შეინარჩუნებს. თავის მხრივ, ხელისუფლებამ იცის, რომ გიგა ბოკერიასთან დალაპარაკება უკვე შესაძლებელი იქნება. პარლამენტში ერთჯერად შესვლაზე შემთხვევით არ დაუწყიათ საუბარი „რესპუბლიკურ პარტიაში“. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პარტიის წევრებმა კარგად იციან, რომ ახლა ოპოზიციაში პოლიტიკურად უძრაობის ხანა დგას და რაღაც არაორდინალურია საჭირო. მით უმეტეს, მმართველი გუნდი რაღაც დათმობებზე აუცილებლად წავა, რათა პარლამენტში ე.წ. რადიკალური ოპოზიცია შეიტყუოს, თუნდაც მცირე ხნით.
პოლიტიკური კვანძი ამ კვირაში უნდა გაიხსნას და პურის რა გითხრათ, სანახაობა გვექნება.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები