მაისის 15-სთვის, ხელისუფლებას რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა შტაბი გახსნილი უნდა ჰქონდეს და უკვე დაწყებულია მუშაობა იმაზე, რომ ის ადამიანები, ვისი იმედიც ოპოზიციას 15 მაისისთვის აქვს, სწორედ „ოცნების“ შტაბის წევრები გახდნენ და მომავალ აქციას ჩაეხსნან. დასამალი არ არის, რომ რეგიონებში ოპოზიციას ისეთი მხარდაჭერა აღარ აქვს, როგორიც საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა. იგივე დღეშია „ოცნებაც“, მაგრამ მმართველი გუნდი ფონს ადმინისტრაციული რესურსით ადვილად გავა, ოპოზიციას კი ეს რესურსიც არ გააჩნია. რაც მთავარია, აქციაზე ვერანაირად ვერ იქნება ნიკა მელია, კაცი, რომელმაც ეს ყველაფერი წამოიწყო, ხოლო თუ ის გირაოს გადაიხდის და გარეთ გამოვა, აღიქმება როგორც უკან დახევა და მარცხი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემთხვევით არ გვიხსენებია. დაახლოებით ორ ათეულ ადამიანს უკვე გარანტირებულად უთხრეს, რომ მერობის კანდიდატი იქნება. მათ წინასაარჩევნო აგიტაცია ჯერ დაწყებული არ აქვთ, მაგრამ ნელ-ნელა ემზადებიან და სოფლებსა თუ მუნიციპალიტეტებში, ისეთ ადამიანებს აგროვებენ, რომლებიც არჩევნებზე სოლიდური რესურსის მოძიებას მოახერხებენ. ისიც გვითხრეს, ზედ წინა საარჩევნოდ, ხელისუფლებამ შესაძლოა საწვავის აქციზის გადასახადი ერთი წლით გააჩეროსო, რაც ბიზნესს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, ხოლო მოსახლეობა საწვავს მინიმუმ 50-თეთრიანი შეღავათით შეიძენს. მართალია, ეს ყველაფერი ბიუჯეტს 1 450 000 000 ლარით აზარალებს, მაგრამ ახლა მთავარი ბიუჯეტის ზარალი კი არა, რეგიონებში ძალაუფლების შენარჩუნებაა. თუ წინა არჩევნებზე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი კანდიდატების გამარჯვებით, ოპოზიციამ ვერ იხეირა და ეს ადამიანები საბოლოოდ „ოცნებასთან“ ასოცირდებოდნენ, ახლა ნებისმიერი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება უდიდეს პრობლემას შექმნის. შორიდან ისე ჩანს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ პარალელურად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება, მაგრამ ეს ხელისუფლების გადაბარებაზე პირდაპირი მინიშნება იქნება და ამის გაკეთებას მმართველი გუნდი ნამდვილად არ აპირებს.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები