ანი დვალიშვილი, ალია
პოლიტიკური სპექტრი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია ხმამაღლა აცხადებს, მეორე ტურში ერთიანი გუნდით გავალთო, უკვე ცხადია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ და გიორგი გახარიას გუნდი მხარს არცერთს არ დაუჭერს. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად ბევრი დარწმუნებულია, რომ სწორედ გახარიას გუნდთან ხელისუფლებას მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს, რადგან აბსოლუტურად ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტური შედგება, „ოცნების“ კანდიდატის ხმებს დამატებული გახარიას კანდიდატის ხმები, მეორე ტურის მოსაგებად, სავსებით საკმარისია. ზოგადად, მეორე ტურის წინ ოპოზიცია მუდმივად განწირულია და ოპოზიცია უკვე ემზადება იმისთვის, რომ პირველ ტურში მიღებული ხმების ოდენობაზე ნაკლებს რომ მიიღებენ, ხმაური ატეხონ, ამომრჩევლები დაგვიშინესო. ზოგადად, ბათუმში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ, პოლიტიკურ ძალებს 3-დღიანი ტაიმ-აუტი მაინც რომ აეღოთ და საჯარო გამოსვლებისგან თავი შეეკავებინათ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ქართულ პოლიტიკას დიდი ხანია შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს.
ნაციონალური მოძრაობის გარდა, პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტია ხმამაღლა საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ მათ რეიტინგზე ნეგატიურად იმოქმედა და ე.წ. „რეფერენდუმი“ სწორედ ამიტომ წააგეს, სხვა შემთხვევაში, ისინი არჩევნებს იგებდნენ. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტიის ლიდერებს ის არ მოსწონთ, რომ მიშას ჩამოსვლა მხოლოდ… ლევან ვარშალომიძემ იცოდა და მისი გამოჩენა მათთვისაც უდიდესი სიურპრიზი იყო. ისინი იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილმა პარტიის რეიტინგს დაარტყა და შედეგები ბევრად უკეთესი იქნებოდა, მიშა 3 ოქტომბერს რომ გამოჩენილიყო. ამის მიუხედავად, ნაციონალები ახლა მაქსიმალურად ცდილობენ, მიშა ციხიდან გამოიყვანონ, მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ ამის სამართლებრივი გზა უბრალოდ არ არსებობს. რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციები კი რეპეტიციაა დიდი აქციისთვის, რომელსაც წინასაარჩევნოდ აპირებენ და როგორც გვეუბნებიან, ამ აქციის მონაწილეები, შემდეგ მსვლელობით დაიძვრებიან რუსთავის ციხისკენ, ანუ დაახლოებით 500-600 მანქანა გაიჭიმება ტრასაზე და დრონებით ეფექტი შეიქმნება, რომ მთელი საქართველო იქ არის.
ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ კვლავ პირველია და მის გარეშე ცალკე აღებული არცერთი პარტია არაფერს წარმოადგენს. მაგალითისთვის, რუსთავი ავიღოთ, 7 ოლქში ნაცებმა კანდიდატი სამგან დააყენეს, დანარჩენ ოთხში კი სხვა ოპოზიციური პარტიები იყო წარმოდგენილი. ნაცებმა სამიდან სამივეში გაიმარჯვეს, დანარჩენ ოთხში კი „ოცნება“ უპრობლემოდ მოიგო. „ევროპულმა საქართველომ“ საქართველოს მასშტაბით ბარიერი ვერსად გადალახა, იგივე გააკეთა „მესამე ძალამაც“ და ახლა გიორგი ვაშაძეს ეუბნებიან, პარტიის რეგისტრაცია საერთოდ გააუქმე, რადგან შენს კანდიდატს დედაქალაქში რიჩარდ ოგბუნუჯუმ აჯობაო. თაკო ჩარკვიანი სულ ტყუილად ამტკიცებდა, 100 ათასზე მეტი ადამიანი დავარეგისტრირეო, რადგან საქართველოს მასშტაბით… 322 ხმა აიღო, ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე რომელიმე დიდი სოფლის მაჟორიტარმა ერთ უბანზე. შესაბამისად, ჩარკვიანი მიხვდა, რომ თუ პოლიტიკაში დარჩენა სურს, მთლიანად ნაცებს უნდა ჩამოეკიდოს და იგივეს აკეთებს გიგა ბოკერიაც. ევროპელებში გადასული გიგი უგულავა კვლავ ნაცმოძ-ს დაუბრუნდა და ზოგადად, ძალიან მალე, ნაციონალებს გამოკლებული პოლიტიკოსები კვვლავ იმ ნავში აღმოჩნდებიან, საიდანაც გადმოხტნენ.
უშუალოდ სააკაშვილზეც ვთქვათ. მიშას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში ჩამოსვლისა და დაპატიმრების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება ხმას აიმაღლებდა და მის გამოშვებას მოითხოვდა, მაგრამ დასავლეთის ხმა აშკარად არ არის ისეთი მძლაავრი, როგორსაც თავად მიშა ისურვებდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება კი გააკეთა, მაგრამ დასავლეთი არ აჰყვა და ტონიც შეარბილა. მითუმეტეს, მიშამ მისი ქვეყნის კანონმდებლობაც დაარღვია, საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და გამოდის, რომ ის დამნაშავეს იცავს. შიმშილობა კი…
„სააკაშვილი მიხვდა, რომ ასე დიდ ხანს ვერ გაძლებს და მხოლოდ წყლის რაციონს თაფლი და წვენი მიუმატა, რათა ორგანიზმმა იკვებოს. ეს პროცედურა მინიმუმ 5-7 დღით მას შესაძლებლობას მისცემს, ჯანზე იყოს, შემდეგ კი გადასხმები აუცილებლად დასჭირდება და მნიშვნელობა არ აქვს, უარს იტყვის თუ თანხმობას, მას ყველა პროცედურას ჩაუტარებენ“, -გვეუბნება ჩვენი წყარო.
კომენტარები