გიორგი ჯავახაძე, ალია
ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც 5 ივლისის, ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობის, სასამართლო სისტემის და სხვათა გამო, საქართველოს მთავრობის კრიტიკა მრავლადაა, მმართველი გუნდის მხრიდან მკვეთრი განცხადებები მოჰყვა. ახალი მესიჯბოქსიც დაიწერა – ევროპარლამენტს უნდა ჩვენი ჩათრევა ომშიო… არადა, ცოტა ხნის წინ თავად შეიტანეს იგივე ევროკავშირში განცხადი…
ევროკავშირი და ამერიკა ომში გვითრევენო, მაგრამ ყველას დაავიწყდა როგორ გვიმტკიცებდნენ, დასავლეთმა არაერთხელ გააფრთხილა სააკაშვილი ომი არ დაეწყო, მან კი არ დაუჯერა, უტუტუტუ, სააკაშვილს ომი უნდოდა, დასავლეთს არაო, ახლა პირიქითაა, დასავლეთს უნდა ომი, თურმე…
მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტში განაცხადა:
“სურვილი ომისა ერთია, შედეგი მეორეა და მესამეა კიდევ სტრატეგიული გეგმა, რომლითაც უნდა ავიცილოთ სიტუაციის უფრო მძიმე განვითარება. ძლიერი ჯარი საჭიროა, ვინაიდან მოლაპარაკების მაგიდაზე მძლავრი ჯარი გჭირდება ზურგში და დაცვის სიტემა, რომლითაც შენს სიტყვას ფასი ეძლევა საერთაშორისო მოლაპარაკების დონეზე. როდესაც მთელი მსოფლიო, ვგულისხმობ მოწინავე ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს გვერდზე დგანან, კონკრეტულად გეუბნებიან, მათ შორის დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, რომ ამ ნაბიჯს შეიძლება მოყვეს კრახი, რა საკვირველია ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა, თუ კი რაიმე კონსპირაცია ამაში არ დევს“
ანუ, მთელი მსოფლიო, მთელი მსოფლიოს დაზვერვა გვეუბნება, თურმე, რომ თუ ჩვენ დავიწყებთ ომს, კრახით დასრულდება.
ჯერ ერთი, ვინაა ეს იდუმალი მსოფლიო დაზვერვა? რომელი ქვეყნებია?
მეორე, საერთოდ, რატომ მოუვიდა მათ თავში კითხვა, რომ ჩვენ შეიძლება ავდგეთ და მოსკოვს ვესროლოთ? რამე საბაბს აძლევს ოცნება ამისათვის? ოცნებიდან ვინმემ კითხვა დაუსვა, ომი რომ დავუწყო, რა მოხდებაო?
მესამე – ომის საფრთხე თუ არსებობს, არსებობს რუსეთის მხრიდან და თუ ეს საფრთხე არსებობს, რატომ ამტკიცებს პრემიერი, ყველა მონაცემით, საფრთხე არ გვემუქრებაო?
მეოთხე – თუ ომის საფრთხე არსებობს და დაზვერვა მონაცემს აგროვებს და მსოფლიომ იცის, რომ თუ ომს დაგვიწყებს რუსეთი, კრახით დასრულდება ჩვენთვის – რას ვაკეთებთ მას მერე, რაც ეს გვითხრეს? როგორ ვემზადებით? რა იარაღი ვიყიდეთ? რამდენი თავშესაფარი მოვაწყვეთ?
მეხუთე – თუ მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი თუ თავს დაგვესხმება, ჩვენთვის ეგ კრახის მომტანია, მაშ, ომში როგორ გვითრევენ? ჩვენი კრახი უნდათ და იმიტომ გვაძლევენ წლებია მილიარდებს? ჩვენი ამოხოცვა უნდათ?
მეექვსე – უკვე გაჟღერდა – ევროკავშირი გინდათ, თუ მშვიდობაო და ვინაა ეს მშვიდობა? აპ, მარტო არ ვარგივართ, რუსეთის გარეშე პური არ გვექნებაო – აი, სად ყოფილა ძაღლის თავი, ანუ, მარტო თავს ვერ გავიტანთ, დასავლეთი არ გვინდა და მოდი, შევიდეთ რუსეთში?
რა გეგმები აქვს ოცნებას, როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში მოვლენები და რას უნდა ველოდოთ 23-24 ივნისს? – “ალიას” ესაუბრება ოცნების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი ჩინოვნიკი, რომელმაც ამჯერად ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა:
– “ოცნებამ” საქმე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა იქამდე, რომ არც ერთ პარტნიორ ქვეყანას მისი არ სჯერა. შარლ მიშელი რამდენჯერმე ჩამოიყვანა, აწერინა, ალაპარაკა და გადააგდო, ხომ არ ჰგონია ვინმეს, რომ ეს ამბავი დაივიწყა ევროპამ? ან სასამართლო რეფორმაზე რასაც ამბობდნენ ევროპარლამენტარები, ის კი არსად დაკარგულა. დაილექა ყველა ეს პრობლემა და ახლა ერთად იჩინა თავი. ივანიშვილს არ სჭირდებოდა გუნდი, მას სჭირდებოდა ფულის გამო ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები, მიუსია ისინი ბიუჯეტს და მორჩა, რასაც უნდა იმას ათქმევინებს. ივანიშვილი არ დათმობს სკამს უსისხლოდ, სამწუხაროდ, არ დათმობს საკუთარი ნებით, არც მისი გუნდი დათმობს! შევარდნაძე იყო პოლიტიკოსი, მიშა იყო – ბოდიში, არის პოლიტიკოსი, მოგვწონდა ისინი, თუ არ მოგვწონდა, მათ იცოდნენ, მათ ნაბიჯებს რა მოყვებოდა, ბიძინა კი არ არის პოლიტიკოსი, ვაჭარია, მთელი ცხოვრება ვაჭრობის მეტი არაფერი უკეთებია, ვაჭრობდა და ფულს ითვლიდა მაშინაც, როცა რუსთაველზე 9 აპრილს გვხოცავდნენ… ასე ვაჭრულად გააგრძელა პოლიტიკაც, ვინც მეტი სიზუსტით გაიმეორებს მის სიტყვებს, იმას მეტს აჭმევს, ეგაა პრინციპი.
სანამ ევროკავშირზე ვისაუბრებ, ორი სიტყვით ვიტყვი, რომ დღეს ყველაზე ნაყოფიერია ნიადაგი პრორუსებისთვის ქვეყანაში – დღეს რუსეთი ყველას უხდის, ვინც ქვეყანას ფულის სანაცვლოდ უღალატებს. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროს როცა ჩადიოდნენ გარკვეული პირები მოსკოვში, მაშინ 300 ათასი იყო “სტავკა”, ამდენად აფასებდნენ თავს და პირდებოდნენ, პარტიას შევქმნით, მიშას დედას ვუტირებთო… მოსკოვში უამრავი ე.წ. ცენტრია, ხან ერთს მიადგებოდნენ, ხან – მეორეს და ყველა აძლევდა ფულს. მალე ეს “სტავკა” მილიონამდე ავიდა, მერე 3 მილიონამდე. უხდიან, რადგან მათთვის ეს არაა დიდი ფული და იქნებ, ერთხელაც “გაარტყან”. ქართული ოცნების პერიოდში, ცოტა შეიცვალა სიტუაცია, ისე ხშირად აღარ ფინანსდებოდნენ პრორუსული ძალები, რადგან, ისედაც, აგერ, აქებს და იწონებს ოცნების სიტყვას და ქცევას რუსეთი, შესაბამისად, ქართული ოცნების დროს, მხოლოდ ის პრორუსული ძალა იღებდა რუსულ დაფინანსებას, რომელიც ასევე პროსახელისუფლებო ძალა იყო. ომის პერიოდში, სიტუაცია შეიცვალა, დღეს რუსეთი ითხოვს ამ ფულის სანაცვლოდ, ირიბად კი აღარ, პირდაპირ თქვას პირმა, რომ ის რუსეთის მომხრეა და საქართველოს უღალატოს – ამაზე ყველა აღარ მიდის, ამიტომ, დღეს ყველას გადაუხდიან, ვინც დათანხმდება.
მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ არ მიგვეღო, ჩემი ინფორმაციით, მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, ოღონდ პირობებით – მოითხოვენ 5 ივლისის საგამოძიებო კომისიას, დათქმა იქნება სასამართლოზე, დათქმა იქნება რომ ივანიშვილი რეალურად ჩამოშორდეს ძალაუფლებას და კიდევ იქნება რამდენიმე პირობა.
საქმე ისაა, რომ ამ პირობების შემსრულებელი ივანიშვილი არ იქნება, მას არც სასამართლოს ხელიდან გაშვება უნდა, არც 5 ივლისის ორგანიზატორების დაკავება, არც ვადამდელი არჩევნები. მას არც სანქციები უნდა – მაგრამ, ძალაუფლების დათმობაც არ სურს და ევროპარლამენტის დათქმები რომ შეასრულოს, ძალაუფლებაზე უნდა თქვას უარი. სწორედ ამიტომ, წინასწარ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ თურმე, ევროკავშირი ომში გვითრევს, ლაშა მოგვენატრა, ნაცვლიშვილი, ვინ წერს ამ სულელურ ნარატივს პარტიას… ამიტომ ათქმევინეს ღარიბაშვილს, რომ 24 ივნისს თუ რამე არ მოეწონება, ფარდას ახდის ევროკავშირს – ეს ფარდა იქნება ის, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან და ამიტომ წამოგვიყენეს ასეთი უღირსი, შეურაცხმყოფელი პირობები და .. უბრალოდ უარს განაცხადებენ მის შესრულებაზე!
თუ პირობებს არ შეასრულებენ, კანდიდატობას ისე რა აზრი აქვს? დააკვირდით, ოცნების აქტივი უკვე წერს, რა აზრი აქვს კანდიდატობასო – კანდიდატობას მაშინ ეკარგება აზრი, თუ პირობების შესრულებას არ აპირებ!
ღარიბაშვილი რომ გამოვა და დააბრეხვებს, კანდიდატობისთვის ისეთი პირობები წამოგვიყენეს, ამ პირობებით ჩვენ შეურაცხყოფილნი ვართ და ბიძინაზე ცუდს არ ვათქმევინებთ, ამიტომ არ გვინდა ევროკავშირიო და აბა, ვინ გვინდაო, იკითხავს ხალხი და ეს კითხვა რომ რიტორიკული იქნება, ცხადია, გადაივსება ქუჩა, გამოვა ხალხი ქუჩაში, ხალხი გამოვა, მაგრამ, მეეჭვება ივანიშვილმა და მისი გუნდმა დაიხიოს უკან… არ ვიცი, გომელაურს ეყოფა, თუ არა გონი, არ დაემორჩილოს ბრძანებებს და ხალხი არ დაარბიოს, რადგან ამ დარბევას ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება, გინდ შიდა და გინდ გარე ასპარეზზე… ვიმეორებ, ზუსტად ვიცი, ივანიშვილი თავისი ძალაუფლებისთვის წამსვლელია სისხლისღვრაზე!
არეულობის გადასაფარად ეცდებიან პატრიარქი გამოიყენონ. რამდენიმე დღის წინ კიდევ დაიწერა, პატრიარქი გადადგომას აპირებდაო, კი, ნამდვილად ასე იყო, მაგრამ გადააფიქრებინეს, სთხოვეს და “შეინახეს” ეს თემა, რამე ძალიან დიდის გადასაფარად და ვფიქრობ, სწორედ ახლა გამოიყენებენ, მაგრამ, არ გადაიფარება ევროკავშირისთვის უარის თქმა და ერთი კაცის ხუშტურის და ერთი კაცის ფულის დასაცავად ქვეყნის რუსეთში შეყვანა – არ დაუშვებს ერი ამას, ყველა მეორე ოჯახიდან ემიგრაციაშია ვიღაც წასული, ყველამ იცის უკვე რა ცხოვრებაა ევროპაში და რა ცხოვრებაა რუსეთში, ოკუპაციას რომ თავი გავანებოთ…
ორი რამის იმედი მაქვს, რუსეთს არ აქვს ახლა საქართველოზე თავდასხმის თავი, ვინც რა უნდა ის იძახოს რუსეთის გადამალულ იარაღზე და უძლეველ ჯარზე, ფაქტია, დასუსტებულია და არ აქვს საქართველოზე თავდასხმის თავი და მეორე – დასავლეთს იმდენი ინფორმაცია აქვს, იმდენი დეტალი იცის ქართული პოლიტიკის, მარტო შარლ მიშელის გამოცდილება რად ღირს, რომ წესით, უნდა ქონდეს გათვლილი ოცნების შემდგომი ნაბიჯები და მზად უნდა იყოს მათ სცენარს უპასუხოს.
ამასობაში, ენმ-ის ჩათში გაჩნდა ახალი სახელი – ახალპარტიელები, ასე უწოდებენ თავს ისინი, ვისაც მიშა უნდა და მელია არა, მიშა უნდა და პარტიის ლიდერთა უმოქმედობა – არა. მათ ბლოკავენ, მაგრამ მათი რიცხვი იზრდება. მიშამ დაწერა წერილი, ენმ-ის ლიდერი მელიააო, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ მიშა სხვა ძალის ლიდერი იქნება, თუმცა, მე ვფიქრობ, ეგაც თამაშია, არანაირი ახალი ძალის პერსპექტივა არ ჩანს ჰორიზონტზე. შესაბამისად, მომდევნო მთავრობას უნდა ველოდოთ მრავალპარტიულს, სადაც ოცნების ნარჩენიც იქნება რაღაცა დოზით.
ვფიქრობ, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, თუმცა, მანამდე გრძელი, მძიმე, ცხელი დღეები გველის, მეტიც 24 ივნისამდეც დროა და ის რაც ზემოთ მოვყევი, საუკეთესო სცენარია, სამწუხაროდ, რადგან იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც მზად არის ერთი კაცის და ფულის გამო სისხლი დაღვაროს, ყველაფერია მოსალოდნელი. და როცა ფულზე ვსაუბრობ, არ გეგონოთ, რომ ეს არის 1 მილიონი, ან 5 მილიონი, ან 50 მილიონი, ბევრად დიდ ფულზეა საუბარი და უნდათ, ამ ფულისთვის ხელის გაშვება? არ უნდათ, ისევე, როგორც ივანიშვილს არ სურს ქვეყნის ბედით ვაჭრობას და ძალაუფლებას შეელიოს და ისევ ბანკის საქმეს და კომპიუტერების გაყიდვას მიჰყოს ხელი. ასე რომ, მე პირადად, 24 ივნისამდე პერიოდსაც შიშით ვუყურებ.
კომენტარები