ანი დვალიშვილი
რასაც ახლა გეტყვით, მწარეა, მაგრამ სიმართლე გახლავთ. რუსეთში გამოზრდილი ინალ არძინბა, სეპარატისტულმა ხელისუფლებამ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად სწორედ რუსეთის მითითებით დანიშნა და არავინ მალავს, რომ ის თვითაღიარებული ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი იქნება. რუსეთი აფხაზეთში აპირებს ზუსტად იგივეს გაკეთებას, რაც გააკეთა ჩეჩნეთში – ახლაგაზრდა ლიდერი პრაქტიკულად უვადოდ, რამდენიმე ათეული წელი სათავეში და ერთი ხაზის გამტარებელი. ასეა კადიროვი ჩეჩნეთში, და ასე იქნება არძინბა აფხაზეთში. ცუდი კი ის გახლავთ, რომ დაზუსტებით შეგვიძლია თქმა, არძინბა და მისი გარემოცვა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთმა აფხაზეთი ზუსტად ისე შეუერთოს, როგორც რამდენიმე დღის წინ ლუგანსკი, ჰერსონი, დონბასი… ეს კარგად იცციან რუსეთშიც და თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთს რეფერენდუმის გამართვაზე „წითელი“ აუნთეს, დიდი შანსია, იგივე არ გააკეთონ აფხაზეთთან მიმართებაში, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შავ ზღვაზე გასასვლელი უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და მისი დათმობა მოლაპარაკებების გზით, შეგვიძლია გამოვრიცხოთ.
„აფხაზეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება, ანუ მაშინ, როცა არძინბა 35 წლის იქნება და უფლება ექნება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის პროექტი, რომელიც უკვე ჩაშვებულია და მის განხორციელებას წინ ვერაფერი დაუდგება. არძინბას ხელით, უახლოეს ათწლეულებში, რუსეთი აფხაზეთში გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც სურს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
და რას აკეთებს ამის შესაჩერებლად საქართველო? დიახ, მართალია – არაფერს!
კომენტარები