„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, სოსო ცინცაძე:
– ბატონო სოსო, ამერიკაში მიმდინარე მოვლენები სხვა და სხვა რაკურსით შუქდება. ვისაც რა აწყობს, იმას და ისე ამბობს. რა ხდება რეალურად ამერიკაში?
– რა ხდება და დღეს მოდაში შემოვიდა ამერიკულ რასიზმზე ლაპარაკი. რუსული მედია ამ თემას დიდ დროს უთმობს და ცხადია, ეს ამერიკის დისკრედიტაციისთვის ხდება. ეს აქამდეც კეთდებოდა, ვიდრე მინეაპოლისში პოლიციელი ჯორჯ ფლოიდს მოკლავდა. ერთი რამ აქედანვე უნდა ითქვას. რასიზმი, როგორც ინსტიტუტი, ამერიკაში აღარ არსებობს. საკანონმდებლო აქტებით, ყველა რასისტული ბაცილა მოიშორეს. სხვას ყველაფერს თავი დავანებოთ, ბარაკ ობამას პრეზიდენტობა ყველაფერზე მეტყველებს. მითხარი ერთი ქვეყანა, სადაც რასიზმი იყო და შავკანიანი გამხდარიყო პრეზიდენტი. ორი სახელმწიფო მდივანი შავკანიანი ჰყავდათ ამერიკელებს, კოლინ პაუელი და კონდოლიზა რაისი, სენატსა და კონგრესში იყვნენ და დღესაც მრავლად არიან შავკანიანები, ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში, სასამართლო სისტემაში, ასევე, მრავლად არიან და წამყვან პოზიციაზეც, მინისტრები, გუბერნატორები… ეს ფაქტია, ამას ვერავინ უარყოფს.
ატლანტაში, სადაც ეს აურზაური ხდება ახლა, ტრადიციულად შავკანიანი მერი ჰყავთ და ახლაც ასეა, კეიშა ლენს ბათომსი შავკანიანია. იმის გამართლება, რაც მოხდა, არ შეიძლება. პოლიციელმა აშკარად მოკლა ჯორჯ ფლოიდი. გასაგებია, რომ ამის გამო პროტესტიც დაიწყო. პოლიციელს 25 წლამდე ციხე ემუქრება, მაგას იესო ქრისტეც ვეღარ უშველის ახლა. საციხედ არიან გამზადებულნი ის ოთხი პოლიციელიც, ვინც შემთხვევის ადგილას იყვნენ და ეს ძალადობა არ აღკვეთეს. მეტი რა ქნას ხელისუფლებამ? ინსტიტუციურად დაცულია შავკანიანთა უფლებები, აგერ, ფაქტი. აქ მეორე მომენტიც არის. ამერიკაში შავკანიანები მოსახლეობის 17%–ს წარმოადგენენ და ქვეყანაში დანაშულის 60% მათზე მოდის. ამას აქვს სოციალური საფუძვლებიც, ეს ხალხი ღარიბ რაიონებში ცხოვრობს, ხარისხიან განათლებაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი, რადგან ძალიან ძვირია. კი, თუ ძალიან ნიჭიერია, იმას გრანტებს მისცემენ, სტიპენდიასაც დაუნიშნავენ და საუკეთესო განათლებასაც მიიღებს, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია, მასობრივად ეს ხალხი ვერ ახერხებს განათლების მიღებას და შემდეგ, შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნას. ჩინოვნიკურ ელიტაშიც ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. სამხრეთის შტატიდან მოდის ეს – შავკანიანებმა თვითრეალიზაცია მოახდინეს მხოლოდ მუსიკაში, კერძოდ, ჯაზში და სპორტში. აქვე ამ ხალხს მუდმივად და მიზანმიმართლად ახსენებენ, რომ ამერიკის პრეზიდენტები გრანტი, ჯეფერსონი, ვაშინგტონი მონათმფლობელები იყვნენ. ეს ისტორიული მეხსიერება მუშაობს ამ შავკანიანებში და ცხადია, ბევრ მათგან აქვს აგრესია ნებისმიერი თეთრკანიანის მიმართ.
რაც შეეხება ჯორჯ ფლოიდს, ის ტეხასში შეიარაღებული ძარცვისთვის 5 წელი ციხეში იჯდა. კი, პოლიციელს ძალისთვის არ უნდა გადაემეტებინა, კაცი მოკლეს, ბოლოს და ბოლოს, საპროტესტო აქციებიც გასაგებია, მაგრამ რაც ახლა ხდება, ეს უკვე საშინელებაა. მოროდიორობა, დაღამდება თუ არა, ეს ახალგაზრდა შავკანიანები მორიდიორობენ და ძარცვავენ. ამ ძალადობამ უკვე გროტესკული სახე მიიღო. არსებობს 1808 წლის კანონი, რომელიც ასეთ ვითარებაში პრეზიდენტს უფლებას აძლევს ჯარი გამოიყენოს იმ შტატებში, სადაც ძალადობა სხვა გზით ვერ აღკვეთა.
– გუბერნატორები ჯარის გამოყენების მოწინააღმდეგენი არიან.
– გუბენატორებს ემორჩილება ეროვნული გვარდია და პოლიცია. პოლიციის შერიფები არჩეულები არიან ხალხის მიერ და ემორჩილებიან გუბერნატორებს. ეროვნული გვარდიის გამოყენების უფლება კონკრეტულ შტატში, პრეზიდენტს ამ შტატის გუბერნატორის თანხმობის გარეშე არ აქვს. პრეზიდენტი ტრამპი უკან არ იხევს, ამბობს, რომ ეს უკვე ბანდიტიზმია და ჯარის გამოყენებას აპირებს. სხვა გზა, რომ სიტუაცია გააკონტროლოს, ეტყობა აღარ დარჩა. იმ შტატებში, სადაც ტრამპს ეროვნული გვარდიის გამოყენება აუკრძალეს, დემოკრატი გუბერნატორები არიან, ტრამპი კი რესპუბლიკელია. ამას უკვე პოლიტიკის სუნი ასდის, ეს უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს, ტრამპის რეიტინგის დანგრევას ემსახურება.
სოციოლოგები უკვე იმასაც იხსენებენ, რომ თავის დროზე რუსეთში ასე მოხდა, ჯერ მეფის რუსეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, დეკაბრისტების აჯანყებისას, ალექსანდრე პირველმა 5 კაცი ჩამოახრჩო და 200 გადაასახლა. მერე მოვიდნენ ბოლშევიკები და რუსეთში მეფე გაუხდათ სანატრელი, სასამართლოების გარეშე ათეულ ათასობით ადამიანი დახვრიტეს და გადაასახლეს. დღეს რაც ამერიკაში ხდება, ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა ამას. პროტესტი? რასაკვირველია, პროტესტი უნდა იყოს, ადამიანი მოკლა პოლიციელმა, მაგრამ ეს პროტესტი მხოლოდ დღეა, დაღამდება და იწვის ამერიკა, 75 ქალაქშია უკვე არეულობა. ბევრი ისეთი აპროტესტებს, ფლოიდი ვინ იყო, ისიც არ იცის. ვნახოთ, ტრამპი რას იზამს, გამოიყენებს თუ არა ჯარს. გუბერნატორები წინააღმდეგები კი არიან, მაგრამ 1978 წლის კანონით, თუ ამერიკის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას საფრთხე ემუქრება, პრეზიდენტი უფლებამოსილია ჯარი გამოიყენოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ამას უკვე გუბერნატორებს არ უთანხმებს.
– ჯარი პრეზიდენტს ემორჩილება, ეროვნული გვარდია – გუბერნატორებს. ტრამპმა თუ ჯარი გამოიყენა და იმ შტატებში, სადაც გუბერნატორები დემოკრატები არიან, ეროვნული გვარდია ჯარს რომ დაუპირისპირონ, ეს უკვე სამოქალაქო ომია. აქამდე ხომ არ მივა საქმე?
– არანაირი სამოქალაქო ომი არ იქნება. გასული საუკუნის 60–იან წლებში, ამერიკაში იყო ასეთი მოძრაობა „შავი ავაზები“. შავკანიანი ექსტრემისტების ეს გაერთიანება არაერთ ქალაქში იყო. მაშინ ფედერალურმა ხელისუფლებამ, მათ სხვა რომ ვერაფერი მოუხერხა, ადგა და პირდაპირ დაბომბა „შავი ავაზების“ ოფისები ყველგან. ეს ამბავი შერჩათ ხახვივით.
– კორონაპანდემიის დროს, ტრამპის რეიტინგმა 8–10%–ით აიწია და დემოკრატები ყველაფერს გააკეთებენ, ტრამპის ეს უპირატესობა რომ გააბათილონო, ამასაც ამბობენ და კიდეც მიაღწიეს მიზანს.
– კი, ეს უპირატესობა ტრამპს ჰქონდა ამერიკაში კორონას ეპიდემიის დაწყებიდან ორი კვირის თავზე. ახლა, უკვე ორი კვირაა, ტრამპის რეიტინგი ქვემოთ მოდის, ახლა უკვე დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი უსწრებს ტრამპს რეიტინგით, 10 პროცენტით. თუმცა, ეს ბევრი არაფერია, ჯერ წინ არის ყველაფერი.
– ტრამპს ერთი კოზირიც აქვს ხელთ. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პოროშენკოსა და ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ბაიდენის ვაჟმა, ჰანტერ ბაიდენმა უკრაინული კომპანია ბურისმაში მუშაობისას 400 მილიონი დოლარი მიიღო და ამ საქმეში სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშული გამოიკვეთა. ტრამპის პირადი ადვოკატი, რუდი ჯულიანი აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მისი ვაჟი უკრაინული კომპანიის დახმარებით მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ. ამასთან, რუდი ჯულიანი აცხადებს, რომ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი ვიკტორ შოკინი ჩვენებაში აღიარებს, რომ ობამას ადმინისტრაციის და კერძოდ ჯო ბაიდენის ზეწოლის გამო გადააყენა პოსტიდან პოროშენკომ. ჯულიანის თქმით, შოკინი ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციულ გამოძიებას, რომელიც კომპანია „ბურისმას“ ეხებოდა. სწორედ ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო ჯო ბაიდენის ვაჟი. სავარაუდოდ, ზელენსკის ხელისუფლება, საქმის გამოძიებასა და ბაიდენისა და პოროშენკოს საუბრის გამოქვეყნებასაც აპირებს.
– ეს არის დამოკლეს მახვილი ბაიდენისთვის. უკრაინის პროკურატურამ სულ რომ არ გამოიძიოს ეს საქმე, მარტო ჩანაწერიც რომ გამოქვეყნდეს, დამთავრებულია ბაიდენის საქმე. ჩანაწერიც რომ არ გამოქვეყნდეს და უკვე უშუალოდ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ესეც ბაიდენის პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება.
– მედიით ჭკუასაკითხავი უცხოელი ექსპერტები, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ანტირასისტული მოძრაობის უკან დგას ნეოლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიფა“, რომელსაც ჯორჯ სოროსი აფინანსებს. ასევე, ტრამპს უპირისპირდება ბილ გეიტსი, რადგან ტრამპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო, საყოველთაო და სავალდებულო ვაქცინაციის პროგრამა დაბლოკაო. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი გახადა და ვაქცინას როდესაც გამოიგონებენ, მისი შესწავლა და კონტროლი თავდაცვის სამინისტროს დაავალა. ვაქცინაციით უნდა დაეჩიპათ ხალხი და ესე გეგმაც ჩაუვარდა ბილ გეიტსო. შესაბამისად, ბილ გეიტსიც ტრამპის საწინააღმდეგო აქციების დამფინანსებლად მოიაზრება.
– არა, ბილ გეიტსმა ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, მე ძალიან მაშფოთებს გიჟების მოქმედებაო. ბილ გეიტსის პროგრამა ამერიკაში არ ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე ვაქცინაციას, ინდოეთში უნდა დაეწყოთ. გეითსს ბევრ რაღაცას აბრალებენ ტყულად და ამ ტყუილებს უკვე რუსეთიც აღარ უწევს ტირაჟირებას. აგერ, ნიკიტა მიხალკოვს გადაცემა ჩაუგდეს ტელეარხ „რასია 24“–ზე, მიხალკოვი ამბობდა, რომ გეიტსს ვაქცინაცია იმიტომ სჭირდება, რომ დეპოპულაციის გზით, დედამიწის მოსახლეობას შეამცირებს, ვაქცინას ვინც გაიკეთებს, უნაყოფო იქნებაო. 7 მილიარდის შეგროვებას აპირებს გეიტსი, რომ ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ნეტა ჩენ გვყავდეს ერთი–ორი ბილ გეიტსი. კაცი მთლიანად ქველმოქმედებაზეა გადასული. „ანტიფას“ რაც შეხება, ტრამპი ამბობს, რომ მას ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. ეს ორგანიზაცია ახალისებს ძალადობას, მისი წევრები ეკლესიებს წვავენ და არ გამიკვირდება, ეს მართლა გააკეთოს. ამერიკელი ევანგელისტები ძალიან მორწმუნე და კონსერვატორი, რადიკალი ხალხია, მაგათთან მიმიქარავს ჩვენი „ქართული მარში“. ისინი პირდაპირ სთხოვენ ტრამპს, რომ ფაშისტურ ორგანიზაციად გამოაცხადოს „ანტიფა“. რას ქვია ეკლესიების დაწვა?
– ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანი სიტყვები ცხადდება. თუ ოდესმე ფაშიზმი მოვა ამერიკაში, მას ლიბერალიზმის სახე ექნებაო.
– კი, რეიგანის ეგ სიტყვები უკვე ნელ–ნელა ცხადდება.„ანტიფა“ სხვა არაფერია, თუ არა, ლიბერალიზმს ამოფარებული ფაშიზმი. ბარნი სანდერსი, ეს ბებერი ქოფაკი, გამოვიდა სენატში და ამ შავკანიანებს უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ, აგრესიისკენ მოუწოდა. ეს არის ფაშიზმი და რომ ჰკითხო, დიდი ლიბერალია. ისე, სანდერსის ბრალია, დღეს ტრამპი რომ პრეზიდენტია. ეს დემოკრატების ერთ–ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, ფეხებში გაებლანდა ჰილარი კლინტონს. ამ სანდერსთან შიდაპარტიულ ბრძოლას შეალია უამრავი რესურსი კლინტონმა, თორემ ეგ რომ არ გაჩხეროდა, მოუგებდა არჩევნებს ტრამპს.
– ბევრი ვარაუდობს, რომ ამერიკა ამ ამბების მერე ბევრს დაკარგავს, დათმობს მსოფლიოში პოზიციებს.
– ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. ოტო ბისმარკმა თავის დროზე, ისეთი „საშენი მასალით“ ააშენა გერმანია, რომ ორ მსოფლიო ომს გაუძლო. ასევე, ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა ისეთი „მასალით„ ააშენეს ეს ქვეყანა, რომ გაუძლებს ამ რყევებს. ამერიკა საბჭოთა კავშირივით არ დაიშლება, ამ კატაკლიზმებსაც მოინელებს და გადაიტანს.
– ამერიკამ მართლა ხომ არ დაკარგა მორალური უფლება, რომ სხვებს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებების სფეროში ლექციები უკითხოს? ამას ევროპელი პოლიტიკოსებიც ამბობენ უკვე.
– არა, არანაირი მორალურ უფლებას არ დაკარგავს, პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში. ახალგაზრდებს აღარ გახსოვთ, რა დღეში იყო ამერიკა, ამერიკის ისტებლიშმენტი ვიეტნამის ომის დროს. მოთქვამდნენ, ეს რა დღეში ვართ, ეს რა ვქენით, ბავშვებს ვხოცავდით, სოფლებს ვწვავდით, ჩვენ აღარ გვაქვს მორალური უფლება, სხვისი ომი და ძალადობა დავგმოთო. მოვიდა რონალდ რეიგანი და ამ თვითგვემურ განწყობას ბოლო მოეღო. ასე იქნება ახლაც.
– საქართველოზე როგორ აისახება ამერიკაში განვითარებული მოვლენები?
– ამერიკა თავის დამოკიდებულებას არ შეცვლის საქართველოს მიმართ, აქ პრორუსულ ხელისუფლებას არ მოუშვებს, საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს პროდასავლული კურსის შეცვლას. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ თურქეთი არ არის ამერიკის სანდი პარტნიორი და მეტიც, ამერიკის მხრიდან ტერორიზმში დადანაშაულებული და ყასემ სულეიმანის მკვლელობის საპასუხოდ, თურქეთმა სირიაში ამერიკული ბაზა დაბომბა. კინაღამ ომი დაიწყეს. ვიღაცამ უნდა ჩაანაცვლოს თურქეთი ამ რეგიონში და ეს არც აზერბაიჯანი იქნება და არც სომხეთი. ეს იქნება საქართველო. რაც არ უნდა მოხდეს, ამერიკა საგარეო პრიორიტეტებს არ შეცლის, შესაბამისად, საგარეო კურსს. ამისთვის კი ამერიკა დიდი ხანია ემზადება. ნიშანდობლივი ფაქტორია, რომ ამერიკას იმხელა სალჩო, საქართველოში რომ აქვს, მხოლოდ პეკინში აქვს, მილიარდნახევრიან ჩინეთში. რა გგონია, ის საელჩო დიღომში მხოლოდ დიპლომატებით არის გამოტენლი? ამერიკელებმა შევარდნაძე გაწირეს საკუთარი გეო–სტრატგული ინტერესების გამო და ვის დაინდობენ? კობახიძეს და თალაკვაძეს, თუ გია ვოლსკის? მათი რიტორიკის გამო შეცვლიან საგარეო პოლიტიკას? შევარდნაძე არ დაინდეს და ამათ დაინდობენ? არ აპატიებენ მერყევ პოლიტიკას, არ შეარჩენენ ამერიკის „გადაგდების“ მცდელობას. კორონავირუსს ამერიკაში არ გაუუქმებია სახდეპარტამენტი და კონგრესი.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №19
კომენტარები