4 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე, ოპოზიციამ შესაძლოა, თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელოს. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიები აქციაზე რამდენიმე ათასი ამომრჩევლის მისვლას ელოდებიან.
„4 აპრილს იქნება ძალიან კარგი სტარტი. ველოდები, რომ ხალხი გამოვა, იქნებიან რეგიონებიდანაც, მაგრამ მასობრიობას, როდესაც აქცია თბილისში ტარდება, ყოველთვის განსაზღვრავს დედაქალაქიდან მოსული მოსახლეობა. აქცია ერთდღიანი იქნება და არავითარი კარვები. ეს არის სტარტი საარჩევნო კამპანიის დაწყების. რამდენიმე შეთანხმებული თემა იქნება გაჟღერებული, რა ტიპის რეფორმებზე უნდა წავიდეთ. ანუ, 4 აპრილს ძირითადად იქნება შეთანხმებული ზოგადი კონცეფციის წარდგენა და მეორე, თბილისის მასშტაბით მოსალოდნელია მოხერხდეს მაჟორიტარული ოლქების საკმაო ნაწილის კოორდინირება და შეთანხმებული კანდიდატები შესაძლოა დავასახელოთ. ამ ეტაპზე პრობლემა აქვს „ლელოს” . ახლად ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი პარტიაა და ძალიან კორექტულად თქვეს, რომ იქნებ ბოლოსკენ, როდესაც ხელისუფლების კანდიდატები გვეცოდინება, მაშინ აჯობებს, რომ დავაყენოთ ოპოზიცის გაერთიანებული კანდიდატიებიო.
ბუნებრივია, დანარჩენი ოპოზიცია „ლელოს“ ვერ დაელოდება მაჟორიტარული ოლქებისთვის კანდიდატების შერჩევაში, მაგრამ გარკვეული კორექტირებები შეიძლება იყოს „ლელოს” დაგვიანებით შესაძლო ჩართვით ან არჩართვით ამ პროცესში. ბუნებრივია, კანდიდატებში ყველაზე მეტი ეყოლება „ნაციონალური მოძრაობის” ბლოკს რადგან ყველაზე ძლიერი ოპოზიციური გაერთიანებაა”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება აქციის ადგილმდებარეობას, ბერძენიშვილი ამბობს, რომ აქციები ყოველთვის რუსთაველზე ტარდება და არც 4 აპრილის აქცია იქნება გამონაკლისი.
კომენტარები