ლევან ჯავახიშვილი
ოპოზიცია მძიმე დღეშია. უკვე აღარ იციან რა ქნან, რა გააკეთონ. აშკარაა, მათ ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. „ალია“ წლებია წერს და ბოლო პერიოდში თითქმის ყველამ აიტაცა, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლების წყარო „ნაცმოძრობაა“, ამ პარტიის მიმართ ხალხის შიში და ამ შიშზე დგას ეს ხელისუფლება. ვამბობდით, რომ ვიდრე „ნაცმოძრობაა“ მთავარი ოპოზიციური ძალა, მანამდე „ქართული ოცნება“ ყველა არჩევნებს მოიგებს. „ნაცმოძრაობამ“ და მისმა დანაყოფმა პარტიებმა, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილმა, უნდა დატოვონ ქართული პოლიტიკური სივრცე და ახალი პოლიტიკური ოპოზიცია უნდა გამოჩნდეს ქართულ პოლიტიკაში. არა, ამის გაგონება ლიბერალურ ოპოზიციას არ სურდა. სააკაშვილს მეორე დავით აღმაშნებლად გვისახავდნენ ეს პოლიტიკოსები, მათი მართული ტელევიზიები, ხოლო „ნაცმოძრობას“ უპირობოდ მთავარ ოპოზიციურ ძალად. არადა, ორივენი ერთად ამუხრუჭებდნენ ქართული პოლიტიკის განვითარებას, სიცოცხლეს უხანგრძლივებდნენ „ქართულ ოცნებას“. ამ რამდენიმე თვის წინ, „გირჩის“ იაგო ხვიჩიამ თქვა, „ნაცმოძრაობის“ შიშით აძლევს ხმას ხალხი „ოცნებას“ და ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იქნება ოპოზიციაში მთავარი გამწევი ძალა, ოპოზიცია ვერ დაამარცხებს „ოცნებასო“. მერე ისიც თქვა, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის დროა, ისიც აფერხებს პოლიტიკური პროცესის განვითარებასო. ევრიკა! ეს რა თქვა იაგო ხვიჩიამ, ეს რა ახალი ამბავი და ინიციატივა დააბრეხვაო და ყოველ დღე ტელევიზიებში ეჯდათ ერთი კვირა და ხან მარტო, ხან ოპონენტებთან ერთად ამ საკითხებზე ალაპარაკებდნენ. ჟურნალისტები ცალკე გაგიჟდნენ და პოლიტიკოსები – ცალკე. ზოგი დაეთანხმა, ზოგი – არა. თუმცა, სააკაშვილი რომ ტვირთია ოპოზიციისთვის კი არა, თავად „ნაცმოძრობისთვისაც“, ამაზე უმრავლესობა შეთანხმდა. 5 წლის წინ მე და „ალია“ რომ ვწერდი მაგას, მაშინ ვერ გაიგეთ? რატომ? მკვდარ ეტრუსკულ ენაზე ვწერდი და იმიტომ ვერ გიგეთ? არა, ქართულად და გასაგებად ვწერდი, კითხულობდით, მაგრამ არ გინდოდათ გაგეგოთ, რადგან თქვენი თანამოაზრე არ ვიყავი ფსევდოლიბერალურ საკითხებში. აი, სუპერ-ლიბერალმა იაგო ხვიჩიამ როდესაც ჩემი და ჩემი კოლეგების სიტყვები გაიმეორა, მაგაზე ახტით და დახტით. ეგრეა, ამდენი წელი მკვდრებს ეჭიდებოდით, მიშას და „ნაცმოძრობას“, რომელთაც ქართველი ხალხი არასდროს დააბრუნებს ხელისუფლებაში, რადგან ძალიან ბევრი და მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომლებზედაც პასუხი არ უგიათ. „ნაცმოძრაობას“ ხმას მხოლოდ ის აძლევს, ვინც ამ დანაშაულებებს ამართლებს, ვინც იმ დროს ფუფუნებაში ცხოვრობდა და ხელისუფლების შეცვლის მერე, დაკარგეს უზრუნველი ცხოვრების წყარო. არ უნდა ხალხს მიშა და „ნაცმოძრობა“ და მაინც ხალხის ნების საწინააღდეგოდ მიდიხართ, ხალხის ჯინაზე. იმიტომ არის, ამომრჩევლის 55% სახლში რომ ზის და არჩევნებში არ მონაწილებს. ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ატენოდნენო – ასე ექცევით ხალხს. იქნებ ახლა მაინც გამოფხიზლდეთ.
წელიწადში რამდენჯერმე აანონსებენ ოპოზიციონერები, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, მაგრამ დღეს ისევ ხელისუფლებაშია. მეტიც, ხელისუფლების ვერც ერთი ის ინიციატივა ვერ დაბლოკეს, რომელთა არ დაშვებასაც იქადნებოდნენ, ხალხს არწმუნებდნენ, რომ ამის ნებას არ მისცემდნენ. ხელისუფლებამ უვადოდ დანიშნა თავისთვის სასურველი, მორჩილი მოსამართლეები. სამოქალაქო სასამართლოებით დაიწყო, მერე სააპელციოშიც იგივე გააკეთა და დასავლეთის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, უზენაეს სასამართლოშიც უვადოდ დანიშნა მოსამართლეები. მანამდე მთავარი პროკურორის არჩევის წესი ფიქციად აქციეს. საპროკურორო საბჭოს არჩევნები ფარსი გახადეს და ვინც ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა, ის აირჩიეს უკვე მეორედ მთავარ პროკურორად და სხვა დროს ვისაც შეუკვეთს. იმას აირჩევენ… ბევრს აღარ გავაგრძელებ, ხელისუფლებამ ბევრი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ჩაიგდო ხელთ, რომელთაც ხელისუფლების ერთმმართველობის მადა უნდა დაეოკებინათ. რამდენი საკანომდებლო ცვლილებები მიიღეს და კონსტიტუცია თუ სხვა კანონები სათავისოდ მოირგეს, მაგაზე აღარაფერს ვამბობ. „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატია დაასამარა. რას აკეთებდა ამ დროს ჩვენი ოპოზიცია, ვიდრე ნელ-ნელა, ყველა სახელმწიფო დემოკრატიულ ინსტიტუტს ჯიბეში ჩაიდებდა? ტელევიზიებითა და „ფეისბუკით“ აპროტესტებდნენ. რამდენიმე პოლიტიკოსმა გამართა აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან, უზენაესი სასამართლოს შენობასთან და 500 კაცზე მეტი არც ერთ აქციაზე არ შეკრებილა. კაცო, პროკურატურა და სასამართლო, მართლმსაჯულება წაართვეს ქართველ ხალხს, ვერ დაიცავით ხალხი, ვერ შესძელით გაერთიანება. ვერ გადაახტით საკუთარ ამბიციებს, მაშინ მაგ ამბიციებს ანაცვალეთ ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები და ახლა რატომ უნდა გენდოთ ხალხი? გეცადათ, გამოგეყვანათ ხალხი, იქნებ უკან იხევდა ხელისუფლება? „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების მიტაცების არც ერთი ფაქტი არ გაგიპროტესტებიათ ქუჩაში, მარტო არჩევნების გაყალბების მერე გამოდიხართ და გამოგყავთ ხალხი. არჩევნებიდან არჩევნებამდე იქცევა ქვეყანა, ამ პერიოდში ცვლიან კანონებს და მათ შორის, საარჩევნო კოდექსს. ამიტომაც არის, არც არჩევნების გაყალბება უჭირთ და არც მისი შენარჩუნება თქვენი, უნიათო ოპოზიციის ხელში. როდესაც გაწყობთ, მაშინ გამოგყავთ ხალხი ქუჩაში. მიშა სააკაშვილი ციხიდან საავადმყოფოში რომ გადაეყვანათ, რამდენიმე აქცია გამართეთ, ათეულობით. გასაგებია, ვინც არ უნდა იყოს, სახელმწიფოსგან იმსახურებს ნორმალურ მკურნალობას პატიმრის რანგში. სერიულ მკვლელებს მკურნალობენ კლინიკებში. თუმცა, ერთი უნდა ვთქვა. სააკაშვილის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის, მისი მომავლისთვის, ვიდრე ფართო უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტი? ვიდრე დამოუკიდებელი პროკურატურა? ვიდრე დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა? ვიდრე დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი? ეს ყველაფერი ერთად აღებული იმაზე ნაკლებია, ვიდრე სააკაშვილის ჯანმრთელობა? ცხადია, რაც ჩამოვთვალე, ერთად აღებული კი არა, ცალ-ცალკე უფრო მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის, თუნდაც, პატიმარი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობა. ახლა არაჰუმანურობაში დამდებენ ბრალს, ადამიანი მძიმედ არის ავად და მისი ავადმყოფობით პოლიტიკურ სპეცულაციას ეწევაო. არა, ეს მე არ ვეწევი პოლიტიკურ სპეკულაციას. რაც დავწერე, თქვენ მაიძულეთ. პოლიტიკური სპეკულაცია ის იყო, როდესაც ყველა სახელმწიფოებრივი საკითხი და სახალხო ინტერესები სააკაშვილის ჯანმრთელობას დაუქვემდებარეთ, ყველაფერზე წინ სააკაშვილის ჯანმრთელობა დააყენეთ და ამ თემით, ქვეყნისა და ხალხისთვის სასიცოცხლო პრობლემები გადაფარეთ და ეს თვეები გრძელდება.
ისე, ერთადერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია ვიცი საქართველოში, ვისაც ეს გაჭირვებული ხალხი არ ავიწყდება. შალვა ნათელაშვილსა და „ლეიბორისტულ პარტიაზე“ მოგახსენებთ. შალვა ნათელაშვილის ქომაგობას ვერავინ დამაბრალებს, რადგან 13 წელი არ მელაპარაკება და ცოცხალი თავით ინტერვიუს არ მაძლევს, რადგან 2009 წელს მასზე „ალიაში“ გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას დღემდე არ მპატიობს. თუმცა, სიმართლეს გაუმარჯოს! რაც ამ კაცს და მის თანაგუნდელებს სოციალურ სფეროში ხალხისთვის გაუკეთებიათ, ყველა პოლიტიკურ პარტიას ერთად აღებულს, იმის ნახევარი არ გაუკეთებია. სიტყვამ მოიტანა და შალვა ნათელაშვილი იმ ერთეულ პოლიტიკოსებშია, რომლებმაც სიტყვა არ გატეხეს, პარლამენტში არ შევიდნენ და გაყალბებული არჩევნები არ „გაუპრავეს“ ბიძინა ივანიშვილს.
მოკლედ, ისეთი მძიმე ვითარებაა, მისი გამოუყენებლობა ოპოზიციის მხრიდან დანაშულია და ამ მშიერ და გაღატაკებულ ქვეყანაში ხალხი რომ არ გამოგყავს სოციალური მოთხოვნებით და ხელისუფლებას ვერ ცვლი, მინიმუმ, სისტემატიურად არ აჯანჯღარებ, ორი ვარიანტია – ოპოზიცია ან ხელისუფლებასთან არის შეკრული, ან ტრაკი არ აქვს, ეს ხელისუფლება შეცვალოს და ტყუის.
კომენტარები