ანი დვალიშვილი
არეულობაა მმართველ გუნდში. „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, ყველა დეპუტატს ჯილდო სურს და „ჯილდოდ“, როგორც მინიმუმ, მომავალ საპარლამენტო სიაში ყოფნას ითხოვს. რა თქმა უნდა, ამ შემადგენლობით პარლამენტი აღარ იქნება და აუცილებლად გამოჩდნებიან ახალი სახეები, თუმცა, იმედი აქვთ, რომ მამა-მარჩენალი ბიძინა, 84 მოქმედ დეპუტატს უსამსახუროდ არ დატოვებას და მათ სამსახურები აუცილებლად ექნებათ, მაგრამ… რა ვქნათ, რომ კარგ და უზრუნველ ცხოვრებას შეჩვეულებს სხვაგან გადასვლა არ სურთ და ისევ დეპუტატის მანდატს ითხოვენ? სწორედ ამის გამო, დაძაბულობა პიკს აღწევს და მოქმედი პარლამენტარები, თუ იქ მოხვედრის მსურველები, ერთმანეთზე იმდენ კომპრომატს დებენ, ყველას გამოძიება რომ დაიწყოს, სამართალდამცავ ორგანოებს სხვა საქმე კარგა ხანს აღარ ექნებათ. მოკლედ, სანამ ამათ „პასტას ვერ აგდებინებენ ხელიდან“, საქართველოში ყველაზე სარფიან ბაზარზე, ანუ პარლამენტში მოხვედრის მსურველთათვის, გამოკვეთილი მოთხოვნები გამოჩნდა – გარდა პოლიტიკური დამსახურებისა, დიდი მნიშვნელობა ექნება სიაში მოსახევდრთა ფინანსურ შესაძლებლობას, რადგან მხოლოდ პარტიული ფული არჩევნებისთვის საკმარისი რომ არ იქნება, ყველა ხვდება და ამიტომ, ადგილებზე დეპუტატობის კანდიდატებმა, თავად უნდა მოახერხონ მთელი შტაბის შენახვა თუ არა, კოორდინატორებისა და აქტივისტებისთვის გარკვეული თანხის მიცემა მაინც. საუბარი 300 ათასიდან 500 ათას ლარამდეა და ბარემ ისიც ვაღიაროთ, რომ თითქმის არც ერთ მოქმედ დეპუტატს, ამ თანხის მოძიება არ გაუჭირდება, თან მე თქვენ გეტყვით და, თუ გაარტყეს მიზანს, ვერ ამოიღებენ ამ ფულს პროცენტებით, თუ ჯერ არ უქნიათ?!
გუნდში დაძაბულობას ისიც ემატება, რომ ამერიკელებმა სანქციების პირველი პაკეტი წარადგინეს და უბედურების ზარმაც ჩამოკრა. ერთი შეხვედით, გაუგებარმა და ვითომ არაფრისმთქმელმა სავიზო შეზღუდვებმა, ქოცებში ისეთი ეფექტი გამოიწვია, მძინარე ქათმებში მელა რომ შეიპარება და კრიახი ატყდება, „მტერი“ ხილულია, მაგრამ ვის შეჭამს, რომ არ იციან… როგორც მოსალოდნელი იყო, ბობოლა ქოცებმა, კალაძის თამადობით, უდარდელი სახე მიიღეს და სულაც არ გვინდა ამერიკებში წასვლა, აი, დარდიო, განაცხადეს. მაგრამ ყველამ ხომ კარგად იცის, რომ ეს მხოლოდ აშშ-ს ახირება და ამერიკაში წასვლა-არ წასვლის ამბავი არ არის და გაცილებით დიდი უბედურება ტრიალებს მათ თავს. პოლიტიკიდან „მგლის ბილეთით“ წასვლა რომ მოუწევთ, შეიძლება, ვინმემ იფიქროს, ახლა მაგაზე სულ არ დარდობენ, რადგან მათთვის რაც მთავარია – ფული და დიდძალი ქონება დაგროვილი აქვთო და თუ ამერიკებში და ევროპებში არ დახარჯავენ, აგერ, გარშემო სამეზობლოში „იგულავებენ“ და „ჭიას“ გაიხარებენო. მაგრამ როგორც კი ფინანსურ სანქციებზე მიდგება საქმე და დიდი ალბათობით, ეს დრო მალე მოვა, ბიძინასავით აწრიალდებიან, თუმცა თავის გადარჩენის რისი გაქანება და შესაძლებლობაც აქვს ივანიშვილს, მათ ეს არ გააჩნიათ. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ ჩაიგდებს თავს საფრთხეში, მაგალითად, „რიგითი კალაძის“ გადასარჩენად?! სხვათა შორის, როგორც გვიყვებიან, ზარქუების დონეზე ცოტა მაღლა მდგარ პარლამენტარებს, უცნაური შფოთვა დაწყებიათ – ბიძინას კი ვერ უბედავენ, მაგრამ ერთმანეთთან ღიად ამბობენ, აკი გვპირდებოდა მამა-მარჩენალი, სანქციები არ იქნება და ეგ „ტრუხა“ მუქარააო. მოკლედ, ჯერ არ იმჩნვენ ასე ხილულად, მაგრამ ბიძინას სიტყვას მათთვის ფასი ეკარგება და მისი უძლეველობის მითიც იმსხვრევა ნელ-ნელა, მაგრამ რაღა დროს?! მიჰყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბელადს და ახლა მათ რამე ხილული სასწაული თუ გადაარჩენთ, მაგალითად ისეთი, როგორიც არის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც ხელისუფლებას ცოტა ხნით გაუხანგრძლივებთ და მღვრიე წყალში მტყუან-მართალს არევს. სწორად ამბობენ ჩვენი რესპონდენტები, ახლა თუ ვინმეს აწყობს არეულობა და დაპირისპირება, ეს ხელისუფლებაა. თორემ პროტესტანტი ხალხი თითქმის არასდროს ყოფილა ასეთი ერთიანი, მიზანდასახული და გაუტეხელი როგორც ახლა. და ვისაც იმედი აქვს, რომ ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქციები რაიმე სახით უკანდახევას ნიშნავს, იმას არც პოლიტიკისა გაეგება არაფერი და ახალგაზრდაც არ ყოფილა, პირდაპირ „მკვტარი“ დაიბადა.
კომენტარები