ანი დვალიაშვილი, ალია
უკრაინაში კვლავ ომია… ვერცერთი ექსპერტი ვერ იტყვის ზუსტად, როდის დასრულდება შეიარაღებული დაპირისპირება და კიდევ რამდენი ადამიანი შეეწირება ომს, რომელსაც ჯერჯერობით, ოფიციალურად არ ნათლავენ მესამე მსოფლიო ომად, მაგრამ რეალურად, სწორედ რომ მესამე მსოფლიო ომია, რადგან მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო რუსეთი, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს – უკრაინას ებრძვის და უკრაინის უკან, პირდაპირ თუ ირიბად, ლამის მთელი მსოფლიო დგას. ჰო, მთელი მსოფლიო ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩინეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის გარდა. იმის მიუხედავად, რომ ცივილიზებულმა სამყარომ ერთი შეხედვით უმკაცრესი სანქციების დაუწესა რუსეთს, დიდმა კომპანიებმა დაიანგარიშეს მოსალოდნელი ზარალი და მაგალთად, “მაკდონალდსმა” უკვე დაადასტურა, რომ რუსეთში 850 რესტორანი კი არ დახურა, არამედ მუშაობა დროებით შეაჩერა და ეს ლოჯისტიკის პრობლემებით გამოწვეული ნაბიჯი იყო. უფრო მეტიც, ეს კომპანია ძირითად ოფისს კვლავ ამუშავებს და თანამშრომლებს ხელფასსაც უხდის. ლოჯისტიკის, ანუ მიწოდების პრობლემებზე დაიწუწუნა “კოკა კოლამაც” და ისინიც ამბობენ, რომ ბაზრიდან არ გასულან. სკანდინავიურ ქვეყნებს სანქციებზე ხმა არ ამოუღიათ, რადგან მათ ადრევე თქვეს, ადრე დაწესებული სანქციების გამო, ჩვენ უფრო მეტად ვიზარალეთ, ვიდრე რუსეთმაო.
“რეალურად, რუსეთში რასაც ცივილიზაცია და ცხოვრება ჰქვია, ცხოვრობს ორი ქალაქი – მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი. დანარჩენ რუსეთს არ აქვს პრეტენზია მაღალ ტექნოლოგიებზე, იქ ისევ კომუნიზმია” – გვახსენებს რუსეთში მცხოვრები ქართველი.
უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება თითქოს გაცოცხლდა. ახლა, მთავარი აღარ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ცხოვრების დღის წესრიგი, მითმეტეს, მიშამ შიმშლობა მეორედ შეწყვიტა და საერთაშორისო საზოგადოებას ფრონტის წინა ხაზზე გაშვებას სთხოვს, აქაოდა, დიდი გამოცდილება მაქვსო. სააკაშვილი არ აკონკრეტებს, რა მიმართულებით აქვს გამოცდილება, მაგრამ რუსეთთან მისი ომი საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვით და დღემდე გაგრძელებული მცოცავი ოკუპაციით რომ დასრულდა, კარგად ვიცით. ჰო, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც “მკვდარზე ვენოკია”, რადგან იმავე ჰააგის სასამართლოს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს, არც რუსეთი სცნობს და მათ მიერ ძებნილებად გამოცხადებულმა ადამიანებმა თუნდაც ამ ორ ქვეყანაში რომ იარონ, ხელს არავინ მოკიდებს.
სამაგიეროდ, ნაციონალური მოძრაობის წევრები ისეთ განცხადებას აკეთებენ, სამშობლოს ღალატს რომ უტოლდება და ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოების თვალში, მოქმედი ხელისუფლება რუსეთის უპირველეს პარტნიორად წარმოაჩინონ. სწორედ ამის გამო, “ქართულ ოცნებას” სპეციალური ბრიფინგის გამართვაც კი დასჭირდა, რათა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ გაკეთებული განცხადება დაეგმო და ანტისახელმწიფოებრივი ეწოდებინა.
ჰო, ამ ომის ფონზე, ოპოზიციას გაახსენდა, რომ რუსთავში არჩევნები იმართება. ბადრი ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ თქვა, ომი რომ არა, ამ არჩევნებს მოვიგებდი, მაგრამ ახლა მთელი ჩემი რესურსი უკრაინისკენ არის მიმართულიო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ ხელები გაშალა – ჩვენ პარტნირი პარტიის კანდიდატს დავუჭირეთ მხარი, მან კანდიდატურა არ დააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთავში “ქართული ოცნების” კანდიდატი მოიგებსო. რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატ ირაკლი შატაკიშვილს, მას შემდეგ, რაც ჯაფარიძემ ოფიციალურად კანდიდატურა არ დააყენა, მან ფეხი ფეხზე გადაიდო და მოსახლეობასთან შეხვედრებიც კი შეწყვიტა. როგორც ჩანს, ვიღაცამ ურჩია, ხალხს მაინც შეხვდი, ოფიციალურად სამი კონკურენტი გყავს, შთაბეჭდილება მაინც შევქმნათ, რომ მძიმე ბრძოლაში იმარჯვეო და მანაც შეხვედრები განაახლა. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ რუსთავში მეორე ტური არ იქნება, ხალხის გამოყვანაც გაჭირდება, თუმცა, ამის მიუხედავად, მთავარი ამოცანა ახლა ის არის, რომ შატაკიშვილი 80%-ს გადასცდეს და შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რუსთავი, სადაც საკრებულო სრულად ოპოზიციურია, კომისიის თავმჯდომარეები ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან, კვლავ “ოცნების” კონტროლის ქვეშაა, რაც რეალობას არ შეესაბამება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კულუარულ საუბრებში არ მალავს, რომ საკრებულოსთან საერთო ენის გამონახვა არა თუ უჭირს, არამედ შეუძლებელიც არის და ასე მუშაობა მისთვის ძალიან ძნელია. იმასაც გვეუბნებიან, რომ საკრებულოს ნაციონალი წევრები საბოტაჟისთვის ემზადებიან, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაგდება-დაბლოკვით სურთ წარმოაჩინონ, რომ არაფერი კეთდება და ეს ყველაფერი სწორედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.
ადრე დავწერეთ, რომ რუსთავში, ციხესთან მუდმივად დგას ავტომობილი, რომელსაც დიდი ასოებითა და სასოებით, “მიშას სექტორი” აწერია და იქ მუდმივად მორიგეობს ორი პიროვნება, ანუ ამით ნაციონალურ მოძრაობას სურს დაამტკიცოს, რომ ლიდერი არ ავიწყდება, მაგრამ უკვე ხუთი დღეა, ეს ავტომობილიც გაქრა, ანუ მანქანა გაქრა ერთი დღით ადრე, სანამ სააკაშვილი შიმშლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადებდა. მერე რა, რომ მანამდე ექსპრეზიდენტმა სიკვდილამდე შიმშილი დააანონსა, ახლა მისი თავი უკრაინელ ხალხს სჭირდება თურმე.
კომენტარები