გუშინ, იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ მართლაც გარდაიცვალა ქსნის ციხის ერთი პატიმარი კორონავირუსით.
საქმე ის გახლავთ, რომ გოჩა ლორთქიფანიძეს ამბის გახმაურება დაასწრეს ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა. ისაუბრებდა თუ არა მინისტრი პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე, რომ არ გაეხმაურებიათ ამბავი უფლებადამცველებს და მედიას, ეს უკვე აღარავინ იცის და რაც მეტი მსგავსი ფაქტი ხდება, მით მეტად კარგავს საზოგადოება სამინისტროს ნდობას.
“ალიამ” პატიმრების წერილები გაავრცელა და არაერთხელ მიმართა პენიტენციურ სამსახურს, კითხვით, რას უპირებდნენ პატიმრებს, როგორ აპირებდნენ მათი ჯანმრთელობის დაცვას. მართალია, პენიტენციური სისტემა უარყოფდა კორონავირუსის ციხეებში გავრცელების ფაქტს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რომელ საავადმყოფოსთანაც უნდა მიხვიდეთ, თითქმის ყველგან დგას მათი მანქანები, ყველგან დგანან მათი ბადრაგები…
2020 წლის 23 ოქტომბერი, პატიმრის წერილი:
“აქ ყველაფერი ერთია, ერთი ტელეფონით დღეში დაახლოებით ორასი პატიმარი სარგებლობს, ერთ აბანოში ცხრაასი კაცი შედის, 36 კვადრატულში, 14 ადამიანი ცხოვრობს და ერთი საპირფარეშოთი, 14 ადამიანი სარგებლობს. ჩვენ თითქმის ყველაფერი ერთი გვაქვს და ვირუსიც ერთი შეგვხვდება, ამით მხოლოდ ჩვენ კი არ გვემუქრება საფრთხე, არამედ იმ თანამშომლებსაც რომლებიც აქ პატიმრებივით არიან გამოკეტილნი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ვიმსახურებთ ჩვენ და ჩვენი ოჯახები, ვიცოდეთ თუ რა გველის წინ!”
არც ამ წერილისთვის გაუცია პასუხი წულუკიანის ყოფილ უწყებას. ამჟამინდელი მინისტრი, წლების მანძილზე წულუკიანის მოადგილე იყო, მას მაშინაც ევალდებოდა პატიმრების წერილებზე რეაგირება, შესაბამისად, ნამდვილად ვერ გვეტყვის, რომ საქმის კურსში არ იყო. ჯერჯერობით, იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ მინისტრი შეეცვალა, თორემ, სხვა არაფერი შეცვლილა, “ალიასაც” ძველებურად გვემდურის პენიტენციური სამსახური.
ქსნის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტი იუსტიციის მინისტრზე ადრე ბევრმა გაახმაურა, ერთ-ერთი იყო უფლებდამცველი ლიკა ფანცულაია.
“ალია” ესაუბრა ლიკას და ვკითხეთ მას, რა ახალ ინფორმაციას ფლობს ამჟამად.
ლიკა ფანცულაია:
-რამდენიმე ცუდი ახალი ამბავი მაქვს, ღიად დავასახელებ ამჯერადაც და ამ ინფორმაციას ვერ უარჰყოფენ – ქუთაისის N 2 საპყრობილეში, D3 კორპუსში პაატა კელენჯერიძის საკანში, შიმშილობა დაიწყეს პატიმრებმა, მათ უკვე აცნობეს ამის შესახებ ადმინისტრაციას. შიშის ფაქტორი აქვთ, კორონავირუსის გავრცელების გამო, ითხოვენ ამნისტიას, კონკრეტულად კი ითხოვენ სასჯელის 1/4-ის შეხებას. იმ საკანში თითქმის ყველა პატიმარს ქრონიკული დაავადება აქვს, ზოგს დიაბეტი და ერთს ტუბერკულოზი…
ცალკე გამოვყოფ ასევე გლდანის ციხეს, სადაც გუშინ ვიყავი შესული. პატიმრებმა მთხოვეს შეხვედრა. გლდანის ციხეში უკვე 2 კვირაა შიმშილობენ პატიმრები. გუშინ, როცა შესვლა მთხოვეს, წარმოუდგენელი ამბავი მითხრეს, ციხის მთავარ ექიმს, რომელიც წესით უნდა იმყოფებოდეს ციხეში და არ უნდა გადიოდეს დაწესებულებიდან, დაუდასტურდა ვირუსი. ამ ექიმთან შემხებლობა გვქონდაო, მიყვებიან პატიმრები, მიუხედავად ამისა, არანაირი ზომები ადმინისტრაციას არ მიუღია.
მარტის თვიდან შეეზღუდათ პატიმრებს ყველაფრის უფლება, უარი ეთქვათ მოკლევადიან და გრძელვადიან პაემნებზე, ადვოკატსა და პროკურორსაც კი, ხვდებიან, მინის მეორე მხრიდან და ტელეფონით ვესაუბრებით. ანუ, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, მათთან ციხის თანამშრომლების გარდა არავისთან აქვს კონტაქტი. მინისტრი გვეუბნებოდა და გვეუბნება, რომ ციხის თანამშრომლები ციხეს არ ტოვებენ და ისინიც დაწესებულებაში რჩებიან – გვაქვს ლეგიტიმური კითხვა – პატიმრები ოჯახებსაც ვერ ხვდებიან, პროკურორიც კი ვერ შედის მათთან, პირად კონტაქტზე არ არიან არავისთან, ციხის თანამშრომლები დაწესებულებას არ ტოვებენო და როგორ გავრცელდა ვირუსი ციხეებში? წერილიც მივწერე პენიტენციურ სამსახურს და პასუხი არ მიმიღია, გვიპასუხონ, თუ არ გვატყუებენ და ციხის ექიმები და თანამშრომლები არ გადიან გარეთ, როგორ შეაღწია დაწესებულებებში ვირუსმა?
ახლა ტელეფონის ნომრების დაბლოკვა დაიწყეს, ვეღარ მირეკავენ ქალთა დაწესებულებიდან, ორი ნომერი მაქვს და დღეს მხოლოდ მეორე ნომერზე შეძლეს დარეკვა ქსნისა და გლდანის ციხეებიდან. ვერ უკავშირდებიან ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს… ღია დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს ეუბნებიან, რომ თუ კორონავირუსით პატიმრების დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია მედიაში გაჟონავს, მათ დახურულ დაწესებულებებში გადაიყვანენ – ამით აშინებენ.
ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ იუსტიციის სამინისტრო მალავს ინფორმაციას ინფიცირებულებზე, მალავდა ბოლო წუთამდე ინფორმაციას გარდაცვლილზე – რატომ მალავს? თუ მათ მკურნალობას აპირებს, თუ აპირებს მართლაც მათ გადაყვანას კლინიკებში, რატომ მალავს? რა გამოდის, მოკვდება და ამით მორჩება საქმე?
რაც შეეხება ამინისტიას და იმ 44 მუხლს, რომლის დამტკიცებასაც აპირებენ, ამ მუხლით თითო-ოროლა ადამიანი ზის ციხეში, უმეტესობას აქვს უკვე პირობითი. თან ამ კანონში ჩაწერეს, რომ დაზარალებულის თანხმობა სჭირდება პატიმარს, რომ გათავისუფლდეს – დაზარალებულის თანხმობა რომ ჰქონდეს, ხომ ისედაც გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას? ამნისტია უნდა იყოს ჰუმანური აქტი, რა შუაშია ჰუმანურ აქტთან დაზარალებულის თანხმობა?
-ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტს ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა დიდი სია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მაშინ მან მძიმე მუხლებით გასამართლებული ხალხი შეიწყალა, დაზარალებულთა თანხმობის გარეშე და ამის გამო განვიხილავდით…
-ახლა ისეთი ვითარებაა, ყველა ქვეყანამ გამოსცა უკვე ეს ჰუმანური აქტი, ამნისტია. ამის გამო არავის არავინ განუსჯია. ამის გარეშე, პატიმრები ჩათვალეთ გაწირულები არიან. პირად მაგალითს გეტყვით, ტემპერატურამ ამიწია, სამი დღე ვცდილობდი სასწრაფო დახმარებას დავკავშირებოდი, ისე გამოვკეთდი, არავინ მოსულა, ვერ მივიღე სამედიცინო დახმარება – ციხეებში პატიმრებმა რა ქნან? ვის დაურეკონ? იმ ექიმს, რომელიც თავადაც ინფიცირებულია? სად უნდა გადაიყვანონ? კლინიკები გავსებულია, ადგილებიც კი არ არის, რა ეშველებათ? სიკვდილისთვის არიან განწირულნი, პირდაპირი გაგებით. სწორედ ამიტომაა საჭირო ახლა სასწრაფოდ ამნისტია.
-მინისტრმა ბრძანა, რომ მათ გადაიყვანს იზოლაციაში. რამდენად აქვთ რეალურად ციხეებში პატიმრების იზოლაციაში ყოფნის საშუალება? დავუშვათ გადაიყვანეს ციხის სამარტოვო საკნებში, არის ამ საკნებში ისეთი პირობები, რომ ავადმყოფი ადამიანი იქ ამყოფო? სად უნდა მოხდეს მათი იზოლაცია? ციხის საავადმყოფოში? ბოქსირებული პალატები აქვთ კი ციხის საავადმყოფოში?
-არა, რა თქმა უნდა, არანაირი იზოლაცია არ ხდება. სიცრუეა. როცა მივდივარ პატიმართან და მინის მეორე მხრიდან ტელეფონით ვესაუბრები, ვხედავ, რომ ყველანი, პატიმრებიც და ციხის თანამშრომლებიც პირბადის გარეშე დადიან. არანაირი იზოლაცია. სულ ერთი საავადმყოფოა ციხის, სადაც კორონავირუსით დაავადებულები რომ მოათავსონ, სხვას ვეღარ მიიღებენ. რომც მიიღონ, სულ 40 საწოლია, როგორც ვიცი და რამდენს ეყოფა? რა თქმა უნდა, არანაირი ბოქსირებული პალატები იქ არ არის. მეტიც, მაქვს ინფორმაცია, რომ ქსნის ციხეში, სადაც 1500 პატიმარია, უმეტესობას უკვე აქვს სიმპტომები, სად უნდა გადაიყვანონ 1500 პატიმარი? გარდაცვლილის საკანში ვინც იყვნენ პატიმრები, იმათგან ერთი ძალიან მძიმედაა, ჩემი ინფორმაციით და არც ის ვიცით, სად გადაიყვანეს და გადაიყვანეს, თუ არა.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სიცხიანი წევს უკვე მერამდენე დღეა და მასთან ერთად საკანში კიდევ 4 პატიმარია, არანაირი იზოლაცია!
რაკი იუსტიციის მინისტრი აღიარებს, რომ ქალთა ციხეში 23 ინფიცირებული ჰყავს, წარმოგიდგენიათ, რამდენი პატიმარია უკვე ინფიცირებული? ჩემი ინფორმაციით, 23 კი არა, პატიმრების უმრავლესობას სიმპტომები აქვს, ექთნების და ექიმების უმრავლესობა ციხეებში უკვე ინფიცირებულია. რახან პატიმარები არიან, უნდა დაიხოცონ?
“ალია” კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პენიტენციური სამსახური, პირდაპირი გაგებით გვემდურის, ამიტომ მეორე მხარის მოსმენის საშუალება ფიზიკურად არ გვაქვს. დაველოდებით, გამობრძანდება მინისტრი და იტყვის, რომ გამჭირვალენი არიან…
აქვე გავავრცელებთ ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ ხვალ, 8 იანვარს, 14 საათზე, ფილარმონიასთან იკრიბებიან უფლებადამცველები და პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები!
კომენტარები