წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსირებისთვის, საქართველოს მთავრობამ 213 ათასი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხა, სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში უნდა გადანაწილდეს თითოეულ დაზარალებულზე, რათა მათ შესძლონ სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალთან გამკლავება, რაც სახლების გადახურვას გულისხმობს.
“ჩვენ, ეს პერიოდი ვმუშაობთ იმაზე, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიდეს ეს კომპენსაცია, რომლითაც ისინი შესძლებენ სახლების გადახურვას. ამისათვის, იმუშავა სპეციალურმა კომისიამ, შედგა შესაბამისი ოქმი, მოვიძიეთ სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, რომელთა ვინაობა და ანგარიშის ნომრები უკვე გვაქვს, სადაც ეტაპობრივად მოხდება თანხების ჩარიცხვა”, – განაცხადა წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ.
ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაეგზავნა წერილი აღნიშნული თანხის სახაზინო ანგარიშზე გადმოცემის თაობაზე.
რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედისა” და “რუსთავი 2”-ის შეკითხვებს, თუ რატომ აყოვნებდა წალენჯიხის მერია, მთავრობის მიერ სტიქიით დაზარალებულთათვის განკუთვნილ 213 000 ლარს, ივანე ბურდულმა უპასუხა, რომ აღნიშნული პროცესის გახანგრძლივება გამოიწვია დაზარალებულთა ანგარიშების მოძიების საკითხმა, რომელთა უმრავლესობაც დავალიანებისა, თუ ყადაღის ქვეშ იმყოფება.
“გარკვეული პერიოდი დასჭირდა იმას, რომ მოგვეძიებინა გარკვეული ანგარიშები, სადაც, მათ აღნიშნული თანხების ჩარიცხვა სურდათ. ანგარიშების მოძიება კი იქედან გამომდინარე გაჭიანურდა, რომ დაზარალებულთა უმრავლესობას ჰქონდა საბანკო დავალიანება და არ სურდათ, რომ ჩარიცხული თანხები ჩამოჭრილიყო ამ დავალიანების ფარგლებში. დღეს უკვე საბოლოო ოქმი შედგენილია, რომლის საფუძველზეც დაიწყება საბანკო გადარიცხვები, ამჟამადაც მიმდინარეობს ანგარიშებზე თანხების გადარიცხვის პროცესი და შემდეგი კვირის დასაწყისში ეს პროცესი დასრულდება. ამ გაჭიანურებაში დამნაშავეა ის ყოფითი ცხოვრება, რომლის საფუძველზეც უამრავი ადამიანი იმყოფება დავალიანების ქვეშ, რომელთა სესხები, უკვე, მაღალ პროცენტზეა ასული, უჭირთ გადახდა, ზოგის ანგარიში დაყადაღებულია და ა.შ. სწორედ ამიტომ უწევთ მათ, რომ მოიძიონ სხვა ანგარიშები. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ მერის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობასთან და ბანკთან ერთად აზუსტებდნენ, თუ რომელ ანგარიშზე იყო თანხის ჩარიცხვა შესაძლებელი, რომ 100% მისულიყო თანხა დანიშნულების ადგილამდე”, – განმარტა ივანე ბურდულმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5-6 თებერვალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიამ ზიანი მიაყენა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ძირითადად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. შესაბამისად, მერიამ მოსახლეობას დროებით გადასახური მასალა გადასცა.
კომენტარები