ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.
– რაც ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა რუსეთში, იქიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა და ეს პროცესი დღემდე არ ჩერდება. თან, მანამდეც ათეულ ათასობით რუსი უკვე იყო შემოსული ჩვენთან. რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ამას?
– პირველ რიგში, მთავარი საფრთხე ის არის, რომ ამდენი რუსი ჩამოვიდა საქართველოში. მერე მათ მიერ ბინების ყიდვა, ბიზნესების ყიდვა, ახალი ბიზნესების წამოწყება… ეს არის კრემლის პირდაპირი სპეცოპერაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ეს არის კრემლის მცდელობა, საქართველოში ჩაახშოს საზოგადოების სურვილი, იბრძოლოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისათვის. რუსეთს სურს, მნიშვნელობით მეორე რიგის საკითხებად გაგვიხადოს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხები და პირველ საკითხად გვიქციოს ამდენი რუსი „ტურისტის“ ჩამოსვლა და დარჩენა ჩვენს სამშობლოში. მათთან ქართველების ურთიერთობა, მათ მიერ წარმოებული ბიზნესი და სხვა საქმიანობა და ამ პრობლემებზე ქართველი საზოგადოების გადართვაა მიზანი. ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც დაგეგმა კრემლმა და რომელსაც ხელს უწყობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება.
– აქ ჩამოსული რუსებიდან, ყველა ბიზნეს და ბინებს ვერ იყიდის. ათასობით ადამიანი სამხედრო მობილიზაციას, უკრაინაში ომში წასვლას გამოექცა და მათი დიდი ნაწილი, ერთი ზურგჩანთით და მცირე თანხით არის ჩამოსული. ამ ხალხს ფული რომ გამოელევა, პოტენციური კრიმინალები არ გახდებიან? აქ რაღაცით ხომ უნდა ირჩინონ თავი? ესეც საფრთხე არ არის?
– ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. კი, რა თქმა უნდა, არსებობს კრიმინალის მატების საფრთხე, ჩვენთვის არასასურველი დემოგრაფიული ცვლილებების საფრთხე. ბევრი სხვა საფრთხეც არის, რომ ჩავეძიოთ, მაგრამ მთავარი საფრთხე მაინც რუსების მასობრივად ჩამოსვლაა. რა მიზნით ჩამოვიდა ეს ხალხი საქართველოში? რას ემსახურება მათი ჩამოსვლა და აქ, ფაქტიურად, მათი დასახლება? რას ამზადებს კრემლი და რაში გამოიყენებს ამ ხალხს, თუ დასჭირდა? ეს მიმაჩნია მთავარ კითხვებად, მათ უნდა გაეცეთ უპირველესად პასუხები. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ჩვენ, ჯერჯერობით, წინასწარ არ შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ. ჯერ უნდა ვივარაუდოთ, თუ რა კონკრეტული გეგმები აქვს კრემლს. ფაქტი ერთია – კარგს რომ არაფერს მოგვიტანს ამდენი რუსის ჩამოსვლა საქართველოში.
– ბევრი რუსი მოახერხებს და საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. მერე პოლიტიკურ და სხვა პროცესებში ჩაერთვებიან, არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას და შესაძლოა, პარლამენტისა და საკრებულოების წევრებიც გახდნენ.
– ამასწინათ, ერთ-ერთ ჩემს „ფეისბუკ-პოსტში“ დავწერე- ხომ რ აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რომ ამ რუს „ტურისტებს“ მოქალაქეობა მისცენ და მათ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა-მეთქი. ყველაფერია მოსალოდნელი. არ გამოვრიცხავ ყველაზე უარეს ვარიანტს, ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე არასასურველი სცენარით მოვლენების განვითარებას. იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა ჩვენი ხელისუფლებაა. რუსეთის მიერ საქართველოში დასმული ხელისუფლება, რუსეთის სპეცსამსახურებით გატენილი ხელისუფლება, ვერ და არ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს, კრემლის გეგმებს. პირიქით, მათ ხელს შეუწყობს ამ გეგმების განხორციელებაში. მათ გინდათ დეზერტირები დაარქვით, გინდათ დევნილები, გინდათ ოკუპანტები და გინდათ გასაჭირში მყოფი უფროსი ძმები, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პრობლება არის ამდენი რუსის ფაქტობრივი არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე.
კომენტარები