ქართული ოცნების წევრი კახა კახიშვილი მოსამართლეების დანიშვნის თემაზე აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება. დეგნანმა დღეს, 22 ივნისს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. გამომდინარე იქედან, რომ ამერიკის ელჩი, უკვე დაჟინებით იმეორებს ზედიზედ ერთიდაიგივე ტექსტს, მისი ტონი ნამდვილად ჰგავს მოთხოვნას.
კახა კახიშვილი “ფორმულასთან” ამბობს:
“მხოლოდ იმიტომ, რომ ელჩმა ასე ბრძანა და უალტერნატივოდ აღარ უნდა განვიხილოთ, მე არ მიმაჩნია სწორად. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ ვაშენებთ დამოუკიდებელ სასამართლოს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ელჩის ჭკუაზე ივლის ქვეყანა? შეიძლება რეკომდანცია გასცე, მაგრამ მითითებები, ცოტა ჩემთვის გაურკვეველია.
ვიმედოვნებ, რომ მითითების ტონი არ იყო, უბრალოდ იყო რეკომედაციის ტონი და მე მეტსაც გეტყვით, დღეს წინაპირობა იმის, რომ გითხრათ, არა, გინდა თუ არა, ამ მოსამართლეებს განვამწესებთ, არ არსებობს უბრალოდ. დაველოდოთ მოვლენებს, შემოვა ეს სია, შეიძლება, საერთოდ არ უყაროს კენჭი პარლამენტმა ამ საკითხს, შეიძლება საერთოდ არც მივიდეს განხილვამდე.
როდესაც შემოვა საკითხი, ვნახავთ, განვიხილავთ, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციის შედეგად ჩვენ შემდგომში, რა თქმა უნდა, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით და არა მითითების საფუძველზე”