თბილისის საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა დასრულდა. დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე 200 ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს, რომლებიც მელაშვილსა და ილიჩოვას თავდებში უდგებიან. მათ შორის არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. სასამართლომ ბრალდებულებისთვის პატიმრობის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
დავით-გარეჯის საქმის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოში ბრალდებულების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვდენ. მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლები სტვენით და შეურაცხმყოფელი განცხადებებით შეხვდნენ სახელმწიფო ბრალმდებელს.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
კომენტარები