თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სრული კრახით დასრულდა. შეთანხმება ვერაფერზე მოხდა და ასი პროცენტით მოგებული „ოცნება“ დარჩა. დღეს რეალობა ასეთია – პარლამენტში არის ორი ოპოზიციური პარტია, „ოცნებას“ აქვს წინადადებების ის ვარიანტი, რომელზეც ევროპელები ამბობენ, რომ არ არის ცუდი და ოპოზიცია ჯიუტად ითხოვს ორ რამეს – ვადამდელ არჩევნებს და პოლიტ-პატიმრების გათავისუფლებას. ცივილიზებულმა დასავლეთმა ვერაფრით გაიგო, რატომ არ იხდის ოპოზიცია დაახლოებით 10 ათას ევროს იმისთვის, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან.
„მართალია, მხარეები დანიელსონისთვის წარდგენილ წინადადებებს არ ახმაურებენ, მაგრამ მე გეტყვით, რა სურდა ოპოზიციას და რა შესთავაზა მმართველმა ძალამ. ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვდა ორ რამეს – მელიასა და რურუას უპირობო გათავისუფლებას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ოპოზიციის ლიდერებმა რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ დღეის მდგომარეობით, „ოცნებას“ მოსახლეობაში 20%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა და სწორედ ამ 20%-ზე ჯიუტად აპელირება. ხელისუფლებამ ახსნა, რომ რურუას შემთხვევაში საქმე სისხლის სამართლის დევნასთან ჰქონდათ და ის არ იყო აქტიური პოლიტიკოსი. ამასთან ერთად, დანიელსონს ანახეს თორაძეების საჩივარი, რომელიც სახელდახელოდ ინგლისურ ენაზე თარგმნეს. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, „ოცნებამ“ მზაობა გამოხატა პლებისციტზე და აღნიშნა, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მიერ დასახელებულ 20%-ზე ორმაგ ოდენობაზე ნაკლებს, ანუ 40%-ზე ნაკლებს მიიღებდა, პლებისციტის შედეგების მიუხედავად, 2022 წლის გაზაფხულზე ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა. ამაზე ოპოზიციამ უარი განაცხადა და ვადამდელი არჩევნები ყოველგვარი პლებისციტისა და „ოცნების“ მიერ მიღებული პროცენტების გარეშე მოითხოვა, რამაც დანიელსონის გაღიზიანება გამოიწვია. მმართველი გუნდის ლიდერები მიხვდნენ, რომ შეთანხმების ჩაშლა ახლა რომ მომხდარიყო, ყველაფერი სწორედ ოპოზიციას დაბრალდებოდა და საამისოდ მაქსიმუმიც გააკეთეს. შედეგად, დანიელსონი ევროპაში წავიდა იმ განცდით, რომ ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების გარდა არაფრის გაგონება არ სურს, ამის საფუძველი კი დასავლეთს უბრალოდ არ აქვს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო, რომელიც ხელისუფლებისადმი ლოიალურადაა განწყობილი.
მეორე შეცდომა, რაც ოპოზიციამ მოლაპარაკების დროს დაუშვა, ის იყო, რომ მათ დანიელსონს უთხრეს, თუ შეთანხმება ვერ შედგება, ქუჩაში ასი ათასობით ადამიანი გამოვა და უმართავი პროცესები დაიწყებაო, რასაც „ოცნების“ მხრიდან ძალიან ცუდი პასუხი მოჰყვა – გვანახეთ თუნდაც 50 ათასი კაცი. ამიტომაც არის, ოპოზიციამ აქცია 15 მაისისთვის რომ დაანონსა, ანუ სერიოზულად ემზადება და ამ დროის განმავლობაში, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსის მაქსიმალურ მობილიზებას ცდილობს.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები