“გირჩის” წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი:
“ეროვნული ბანკის თანამშრომლები თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ინფლაციის მაჩვენებლით სამარცხვინო ოცეულში ჩვენი საპატიო ადგილი არ დავკარგოთ. ამჯერად, მე-17 ადგილზე გადავედით, რადგან მოლდოვამ გაგვასწრო (საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia – მორიგ ანგარიშში არ დაგავიწყდეთ აღნიშნოთ, რომ მოლდოვაში უარესად აქვთ საქმე).
შეიძლება ბევრი მიზეზი არსებობდეს, თუ რატომ გაზარდა ეროვნულმა ბანკმა 2.5 მილიარდი ლარით ფულის მასა 2021 წელს, რის გამოც ინფლაციამ 13.9%-ს მიაღწია, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთ ასეთ მიზეზზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.
როცა მთავრობა დოლარებში იღებს ვალს, ეროვნული ბანკი (რომელიც მთავრობას საბანკო ოპერაციებში ემსახურება) ამ დოლარებს არა ბირჟაზე ყიდის, არამედ ეროვნული ბანკის რეზერვებში უშვებს, სანაცვლოდ კი ლარებს “ბეჭდავს” და აძლევს მთავრობს.
მაგალითად, 2021 დეკემბერს მთავრობამ 450 მილიონი დოლარის ვალი აიღო, რომელიც ეროვნული ბანკის წყალობით 1.4 მილიარდ ლარად იქცა. მთავრობას 450 მილიონი დოლარი ბირჟაზე რომ გაეყიდა, ლარი ახლა ბევრად უფრო მყარი იქნებოდა. შეიძლება ბევრ ადამიანს ეს მოსწონებოდა, მაგრამ მთავრობა შედეგად ნაკლებ ლარს მიიღებდა (რადგან დოლარს სულ უფრო და უფრო იაფად გაყიდიდა). ასე კი ეროვნულმა ბანკმა მთავრობას დოლარები ფიქსირებული (და მაღალი) კურსით დაუხურდავა. შედეგი: ლარი არ გამყარდა, ბიუჯეტში მეტი ფული შევიდა.
თქვენ მკითხავთ: “1.4 მილიარდი ლარი ხომ ინფლაციას გაზრდის?” კი, ასეა, მაგრამ რაც უფრო მაღალია ფასები, მით უფრო მეტი ფული შედის ბიუჯეტში, მაგალითად, დღგ-ს სახით. ამიტომ მთავრობამ ჯერ კონვერტაციის დროს იხეირა, ხოლო მოგვიანებით ფასების ზრდისგანაც მიიღებს სარგებელს.
სხვა სიტყვებით, ინფლაცია – ფარული გადასახადია, რომლითაც მთავრობა (ეროვნული ბანკის მეშვეობით) გვბეგრავს. ხოლო, რადგან ამის უკან უამრავი ბენეფიციარი დგას (მთავრობა, საბანკო სისტემა, ეროვნული ბანკის პარაზიტები და ა.შ.), ბევრი ენერგია და რესურსი იქნება დახარჯული, რომ ფარული დაბეგვრა ფარულად რჩებოდეს, ხოლო ადამიანები ფასების ზრდას ბიზნესმენებს აბრალებდნენ, ხოლო “ექსპერტები” შოკებს, შოკუნიებს და “კოვიდს“.
კომენტარები