აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
,,თანამედროვე მსოფლიოში ავღანეთი იყო საუკეთესო მაგალითი ლოგიკური სპეკულაციისა, რომ ყველა ერს არა აქვს თანაბრად პროგრესისა და განვითარების პოტენციალი. მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები 20 წლის განმავლობაში ეცადნენ ავღანეთისაგან რაიმე პროგრესის მიღებას და ბოლოს ბუნებას დანებდნენ. “20-წლიანი ომის შემდეგ, მე უარს ვაცხადებ გავგზავნო ავღანეთში ამერიკის შვილების ახალი თაობა” – ასე განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა და პროგრესულმა სამყარომ გადაწყვიტა, რომ ავღანელი ერის ლოგიკური არსი თალიბანია.
როდესმე მოახერხებს ისრაელი მშვიდად ცხოვრებას? გოლდა მეიერი ამბობდა, რომ ეს მაშინ მოხდება, “როცა არაბებს ებრაელების ზიზღზე უფრო საკუთარი შვილები ეყვარებათო”. ექნება კი როდესმე ღაზას სექტორში, თუ ისრაელის ირგვლივ მცხოვრებ არაბებს ისეთი დალხინებული ცხოვრება, რომ ტერორისტ-კრიმინალებს არ დაუთმობენ საკუთარ შვილებს გასაზრდელად? ავღანეთის არ იყოს, აქვს კი ამ ხალხს იმის პოტენციალი და სიმამაცე, რომ საკუთარ სოციუმში ფესვგადგმული ბოროტი თესლი დასძლიოს?
სიღარიბე, უპერსპექტივობა, გაუნათლებლობა, ხეპრეობა, პრიმიტივიზმი იწვევს რელიგიის აგრესიულ პროფანაციას და ეს დამახინჯებული ფსევდო-რელიგია ხდება სასოწარკვეთილი ადამიანების ბოღმის ერთადერთი გადმოსანთხევი საშუალება.
ვინმეზე ნაკლებად მამაცი ხალხია ავღანელები? ან არაბები? ეს ხომ მეომარი ერებია. თუ სიმამაცის ნაკლებობა არა, მაშინ რა არის იმის მიზეზი, რომ ინტელექტი და პროგრესი ვერ იმარჯვებს ამ სოციუმებში?
განვითარებული დასავლეთიდან რომ პროგრესის ექსპორტი შეუძლებელია 21-ე საუკუნეშიც კი, ეს ემპირიულად დამტკიცდა ავღანეთში.
რა შანსი აქვს საქართველოს, რომ კლასიკური დემოკრატია გახდეს? აქვს ქართულ სოციუმს იმის პოტენცია, რომ კლასიკური რუსული პრიმიტივიზმის დომინაცია დასძლიოს საკუთარ წიაღში? რა არის ამ ძლევის ფასი?
რა ფასს იხდის დღეს უკრაინა რუსული წიაღიდან გამოსასვლელად და ევროპულ სოციუმთან სამუდამოდ საზიარებლად?
ღირს ასეთი ფასის გადახდა?
რა გვაკლია? ინტელექტი თუ სიმამაცე?
თუ ინტელექტის სიმამაცე? არსებობს მხდალი და მამაცი ინტელექტი?
რა არის დღევანდელი ქართველი ერის არსი?”
კომენტარები