სომხეთ–აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტზე და იმაზე, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს კონფლიქტი საქართველოსთვის, ამის თაობაზე „ალიას“ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ვახტანგ მაისაია ესაუბრება.
– ბატონო ვახტანგ, სომხეთ–აზერბაიჯანის ახლახან აგორებულ კონფლიქტს, რაიმე ობიექტური მიზეზი ჰქონდა, რომ მაინც და მაინც, ახლა დაწყებულიყო? მთიანი ყარაბაღის ძველ კონფლიქტს არ ვგულისხმობ, ცხადია.
– პრინციპში, ამ კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარე სიმაღლე „შავი მთა“, რომელზეც ორივე მხარე აცხადებს პრეტენზიას. „შავ მთას“ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სამხედრო თვალსაზრისით, სადაზვერვო სამუშაოების ჩატარება, სანაიპერების განლაგება და სხვ. ზუსტად არავინ იცის, რომელმა მხარემ დაიწყო სამხედრო მოქმედებები პირველმა ამ სიმაღლის ასაღებად, ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს, რომ პირველმა მან განახორციელა შეტევა სიმაღლეზე. არ არსებობს ობიექტური ინფორმაცია ამის დასადგენად. ფაქტი ის არის, რომ 12 ივლისს „შავი მთის“ მიმართულებით, ერთ–ერთმა მხარემ დაიწყო შეტევა. აქამდე შედარებით ლოკალური მასშტაბის კონფლიქტი იყო, მაგრამ ახლა უკვე მთიანი ყარაბახის მიმართულებით დაიწყო სამხედრო მოქმედებები აზერბაიჯანმა. სომხურმა მხარემ, მთიან ყარაბაღში ჩამოაგდო აზერბაიჯანელთა საჰაერო–სადაზვერვო აპარატი „დრონი“. ამ კონფლიქტს შეიძლება ვუწოდოთ დაბალი ინტენსიური სამხედრო კონფლიქტი.
თუ ჩვენ ზოგადად გავაანალიზებთ სიტუაციას, ეს არის კლასიკური სახელმწიფოთაშორისო ჰიბრიდული ომი, ყველა თავისი მოქმედებებიდან გამომდინარე. ლოკალური სამხედრო კონფლიქტი, სრულმასშტაბიანი საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და კიბერ–ომი. ყველა ელემენტია გამოყენებული ჰიბრიდული ომისა. მეორე მომენტი, ეს არის ცხადად სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტი და არა მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული მორიგი სამხედრო დაპირისპირება. კონფლიქტის წინა სამი ტალღა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომლებიც იყო, მთიანი ყარაბაღის გამო დაიწყო. 1992–94წ.წ. 1998–1999წ.წ. და 2016 წლის 5 დღიანი ომი.
მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ მოახერხა და შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები. დღეს უკვე ეს მეოთხე ფაზა, არ უკავშირდება მთიან ყარაბაღს, ეს უკვე ორი სახელმწიფოს სამხედრო დაპირისპირებაა ტერიტორიული დავის გამო. ეს არის განსხვავება ამჟამინდელ და წინა კონფლიქტებს შორის. როგორც ჩანს, ცოტა ხანში, ისევ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ დაიწყება საბრძოლო მოქმედებები. აზერბაიჯანი შეეცდება, იმ დაძაბულობის ფონზე, რომელიც დღეს ტაურისა და ტაუშის რაინების ტერიტორიაზეა, შეეცდება დაიბრუნოს დაკარგული შვიდი რაიონი, რისი მცდელობაც მას ბოლო, ხუთდღიანი ომის დროს ჰქონდა. ეს ტერიტორიები საქართველოდან 55 კილომეტრით არის დაშორებული.
– ეს დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი რომ ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს, ამის რამდენად რეალური და მაღალი საფრთხე არსებობს?
– იმის გამორიცხვა არ შეიძლება, რომ კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს, იმიტომ, რომ ორივე ქვეყნის საზოგადოება მზად არის ამისთვის. თაობები გაიზარდა უკვე ერთმანეთის მტრობით და ეს ნოყიერი ნიადაგია დიდი ომის გასაჩაღებლად. ბაქოში 100 000 ადამიანი შეიკრიბა და ამ ხალხის მოთხოვნა იყო, ხელისუფლების მიმართ, რომ ბრძოლა გააგრძელოს და დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც სომხეთმა წაართვა აზერბაიჯანს და აზერბაიჯანის ხელისუფლების რიტორიკაც ამგვარია. ანალოგიური განწყობაა სომხეთშიც, არც ხალხი, არც ხელისუფლება ჯერ არაფრის დათმობას აპირებს. თუმცა, არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი არ არიან მზად ფართომასშტაბიანი ომის დასაწყებად.
ეს ორივე ქვეყნის ლიდერს კარგად ესმის, პაშინიანსაც და ალიევსაც. ეს არ უნდა მოხდეს, სამი ძირითადი მიზეზის თუ ფაქტორის გამო. პირველი, ეს არის მძიმე სოციალურ–ეკონიმიკური მდგომარეობა ორივე ქვეყანაში. ომს უზარმაზარი ფინანსური და მატერიალური რესურსები სჭირდება და ამის საშუალება არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. მეორე, კოვიდპანდემიაა, რომელიც ორივე ქვეყანაში მასობრივად არის გავრცელებული.
ომი ამ დაავადებას კიდევ უფრო გაავრცელებს და ეს მოხდება შეიარაღებულ ძალებშიც. მესამე მომენტი ის არის, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის რეგიონული პატრნიორები, ზურგის გამმაგრებლები, რუსეთი და თურქეთი მზად არ არიან დღეს ფართომასშტაბიან ომში ჩაერთონ. არ შედის ახლა ეს ომი მათ ინტერესებში. კი, თურქეთს აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის არსებული 1999 წლის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას.
„ალიაში“ ადრე გამოქვეყნებული ჩემი ინტერვიუდან გავიხსენე, რომ აზერბაიჯანმა მისცა სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება თურქეთს და თურქეთი და აზერბაიჯანი ყოველწლიურად ატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს რეგიონში არსებულ კონფლიქტებს თუ სხვა სახის საფრთხეებს, ყველაზე ობიექტურად, პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე და ძალიან ინტენსიურად, „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ აშუქებდნენ წლების მანძილზე.
ჩემი აზრით, „ალია“ იყო და არის ქართული ბეჭდური მედიის ფლაგმანი. მარტო მე და თქვენ, ამ საკითხებზე, 50 და მგონი მეტი ინტერვიუ გვაქვს გაკეთებული.
ამ მომენტისთვის, თურქეთი ჩართულია სირიისა და ლიბიის კონფლიქტებში და მესამე კონფლიქტში ჩართვა, აზერბაიჯანის მხარეს ომი, მისთვის უკვე ნამეტანი იქნება. არა მგონია, ამას თურქეთის ეკონომიკა და სამხედრო პოტენციალი გასწვდეს. კი, თურქეთმა ღია მხარდაჭერა კი გამოუცხადა აზერბაიჯანს, მაგრამ თურქეთმა მაქსიმუმ, ტექნიკური სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს აზერბაიჯანს, ჯარს არ გააგზავნის მის დასახმარებლად. სომხეთთან დისლოცირებული თურქეთის მე–2 სამხედრო არმია არ არის სრულ სამხედრო მზადყოფნაში. 2016 წელს, 5 დღიანი ომის დროს, ეს არმია სრულ მზადყოფნაში იყო და მაშინ კონფლიქტი რომ გაგრძელებულიყო, თურქეთი მზად იყო, ჩართულიყო აზერბაიჯანის სასარგებლოდ.
მეორეს მხრივ, დაბალია ალბათობა, რომ რუსეთი ჩაერთოს კონფლიქტში სომხეთის სასარგებლოდ. თურქეთთან კარგი ურთიერთობა აქვს, არაფორმალური სტრატეგიული მოკავშირეა, რუსეთ–თურქეთის ურთიერთობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე რუსეთ–სომხეთისა. ასევე, რუსეთი ანვითარებს სტრატეგიულ–მეგობრულ ურთიერთობას აზერბაიჯანთან. ვლადიმერ პუტინმა ახლა მოახდინა საკონსტიტუციო ცვლილებები, კიდევ აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას და ამ ეტაპზე, როდესაც ეს საკითხი გადააგორა, მის ინტერესებში არ შედის სომხეთის სასარგებლოდ ომში ჩართვა.
რუსეთში, ისევე როგორც თურქეთში, საკმაოდ მძიმე ვითარებაა პანდემიის კუთხით და ესეც შემაკავებელი ფაქტორია. ამასთან, რუსეთი ჩართულია სირიის კონფლიქტში და დაძაბული ურთიერთობა აქვს ნატოს–თან აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და ამ საკითხზეა ორიენტირებული. დამატებითი კონფლიქტი და მით უფრო, კავკასიაში, რუსეთს ხელს არ აძლევს. არის კიდევ ერთი ფაქტორიც. ნიკოლ პაშინიანი დიდად არც პუტინს, არც რუსეთის პოლიტიკურ ელიტას გულზე არ ეხატებათ, რადგან პროდასავლური პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა გამოაცხადა, დეკლარირებულად სომხეთი პროდასავლული ქვეყანაა და ამან, რუსეთი გააღიზიანა. კი, დე იურე პრორუსულ პოლიტიკას ატარებს სომხეთი, მაგრამ მისმა განცხადებებმა ნდობა დაუკარგა რუსეთის ხელისუფლებაში პაშინიანს. ფიქრობენ, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის თამაშობს. პაშინიანმა დაიჭირა „კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის“ გენერალური მდივანი, ამ ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთიც და სომხეთიც. ამით პაშინიანმა დიდი ზიანი მიაყენა ამ სამხედრო–კოლექტიურ ალიანსს, რომლის არსებობა და გაფართოება, უპირველესად რუსეთის ინტერესებში შედის. ეს ფაქტი ესიამოვნებოდა პუტინს? ცხადია, არა. პაშინიანის ხელისუფლებისთვის პუტინი არ გამოიდებს თავს. კიდევ ერთი ნიუანსია. რუსეთს აქვს აზერბაიჯანთან და ირანთან შექმნილი ერთგვარი, არაფორმალური გეო–პოლიტიკური ალიანსი. 2018 წელს შეიქმნა ეს არაფორმალური გაერთიანება. ბუნებრივია, ესეც შემაფერხებელი ფაქტორია რუსეთისთვის, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ომში ჩართვისა. თუ სიტუაცია გართულდება, რუსეთმა შეიძლება მომრიგებლის როლი იკისროს და მთიანი ყარაბახისა და სომხეთის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამშვიდობო ჯარები ჩააყენოს.
– გაერო–ს მანდატით სურს სამშვიდობო მისია რუსეთს?
– არა მგონია, გაერო–მ ამ ეტაპზე მისცეს მანდატი. იმავე „კოლექტიური უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ეგიდით შეუძლია ამის გაკეთება რუსეთს. ეს რუსეთის დიდი ხნის სურვილია. შესაძლოა, რუსეთმა ეს გააკეთოს ორივე ქვეყნის თანხმობის საფუძელზეც. შესაძლოა, შემდეგ რუსეთმა ეს საკითხი გაერო–ს უშიშროების საბჭოში დააყენოს და გაერო–ს სამშვიდობო მანდატიც მიიღოს.
– იგივე რომ მოითხოვოს თურქეთმა და დავუშვათ, ეუთო–ს ეგიდით ჩააყენოს კონფლიქტის ზონაში რუსეთთან ერთად ჯარები და რუსეთ–თურქეთის შერეულმა სამხედრო ძალებმა გააკონტროლონ სიტუაცია, ესეც ხომ შეიძლება? თან, სირიაში ამის გამოცდილება აქვთ.
– დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა! არც ეგ ვარიანტია გამორიცხული, რადგან რუსეთსა და თურქეთს გააჩნიათ გამოცდილება სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისა. რუსულ–თურქული სამშვიდობო კონტინგენტი შეიძლება ჩამოყალიბდეს და ჩადგეს კონფლიქტის ზონაში. ძალიან კარგი მიგნება გააკეთეთ. სირიაში სწორედ ბუფერულ ზონებს რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს მოხდეს, თუ კონფლიქტი გაღვივდა და მიაღწია გარკვეულ დონეს. ვისი ეგიდით შეიძლება ჩადგნენ რუსეთ–თურქეთის შეუიარაღებული ძალები, ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გამოსავალი გამოიძებნება, თუ ეს საჭირო გახდება.
– აზერბაიჯანი სომხეთს ერევნის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით ემუქრება, სომხეთი საპასუხოდ იმუქრება – ჩვენ მინგეჩაურის წყალსაცავს დავბომბავთო. ეს რეალური მუქარაა თუ გენერალიტეტის ტრადიციული ქადილი? სიმართლე გითხრათ, მე ის მადარდებს, მართლა არ დაბომბოს აზერბაიჯანმა ერევნის ატომური ელექტროსადგური. ამან, შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობა მთლიანად გაწყვიტოს.
– ეს არის კლასიკური ფსიქოლოგიური ომის მაგალითი. არა მგონია, აქამდე მივიდეს საქმე. ეს შესაძლოა იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ერთ–ერთი მხარე, რომელიც დაინახავს, რომ ომს აგებს, ყველაფერზე წავიდეს. ეს იქნება უკიდურესი ნაბიჯი. სომხეთის ბირთვული ელექტროსადგური თუ დაბომბა აზერბაიჯანმა, ეს იქნება არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის კატასტროფა, ეს არანაკლები იქნება, ვიდრე ჩერნობილი იყო. თუ დაბომბა და თავად აზერბაიჯანს არ მისწვდება რადიაცია? მის მოკავშირეს, თურქეთს არ მისწვდება? ორივეს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს. მინგეჩაურის წყალსაცავის დაბომბვა კი ნაკლები საფრთხეა ჩვენთვის. შესაძლოა, მოაღწიოს ჩვენამდე, დატბოროს საქართველო–აზერბაიჯანის მოსაზღვრე ტერიტორია, მაგრამ ამის შედარება, ბირთვულ კატასტროფასთან არც შეიძლება.
– დავუშვათ და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. საქართველო რა საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს?
– ლტოლვილები მოგვეძალებიან ორივე ქვეყნიდან. ეს ერთი. მეორე, საქართველოს ტერიტორია შეიძლება გამოიყენონ დივერსიულმა ჯგუფებმა, მოახდინონ ამ ქვეყნებში გამავალი სტრატეგიული ობიექტების მწყობრიდან გამოყვანა. ეს არის სომხეთში მიმავალი გაზსადენი, მეორე ბაქო–ჯეიჰანის მილსადენი. მესამე მომენტია, რომ შესაძლოა, საქართველო რუსეთმა გამოიყენოს როგორც სატრანზიტო კორიდორი, თუ რუსეთი ჩაება ამ ომში. 2006 წელს, რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, რუსეთს უფლება მიეცა, სომხეთში, გიუმრის სამხედრო ბაზისთვის სამხედრო ტექნიკის და ცოცხალი ძალის მიწოდება საქართველოს გავლით განეხორციელებინა.
2011 წელს ეს ხელშეკრულება უნდა შეწყვეტილიყო. ამას აცხადებდა პრეზიდენტი სააკაშვილი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ეს ხელშეკრულება ისევ ძალაშია, მას სააკაშვილმა დაადო გრიფი „სრულიად საიდუმლო“ და დღემდე მოქმედებს. მას შემდეგ ორჯერ დაფიქსირდა რუსი სამხედროების გადაადგილება სომხეთის მიმართულებით, სამხედრო ავტომობილებით. ერთხელ ბოლნისში და მეორედ თბილისში დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება უარყოფდა, რომ რუსეთი სამხედრო ტრანზიტისთვის იყენებდა საქართველოს, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ასეა. ასევე, თურქეთმა განაცხადა, რომ დაეხმარება აზერბაიჯანს და თუ ასე მოხდა, ეს იარაღის მიწოდებასაც ნიშნავს. შესაბამისად, თურქეთი საქართველოს მხარეს მოსთხოვს კორიდორს, სომხეთისთვის შეიარაღების მისაწოდებლად. მეოთხე საფრთხეა სტრატეგიული გეო–პროექტების ჩაშლა. თბილისი–ყარსის რკინიგზა და კიდევ სხვა, რაც დაგეგმილია. და კიდევ მეხუთე, ეს არის ე.წ. მეგობრული ცეცხლი, თუ ინტენსიური დაბომბვები მოხდა, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორია შემთხვევით მოხდეს დაბომბვის არეალში, ამ ქვეყნების საზღვრისპირა რეგიონები.
– ასევე, ეკონომიკური ზარალი, რომელსაც საქართველო მიიღებს, ბატონო ვახტანგ. ამ კონფლიქტის მასშტაბებმა რომ მოიმატოს, ფოთის პორტი სანახევროდ გაჩერდება, რადგან პორტის უდიდესი ნაწილი სომხეთის ტვირთებზე მუშაობს. ეს დიდ შემოსავალს დაუკარგავს ბიუჯეტს და ხალხს უმუშევრად დატოვებს. აზერბაიჯანიდან საწვავს და სხვა ენერგომატერებლებს ვერ შემოვიტანთ, არადა, „სოკარზეა“ დამოკიდებული მთელი ქვეყანა. სხვა ქვეყნებიდან საწვავის შემოტანა, მას გააძვირებს და ავტომატურად, გაძვირდება ყველაფერი. თურქეთი თუ ჩაერია, მაშინ, ბოდიში და, დედა გვაქვს ნატირები, რადგან სოფლის მეურნეობისა და პირველადი მოხმარების საშუალებების უდიდესი ნაწილი თურქეთიდან შემოგვაქვს. შიმშილობა ჩამოვარდება საქართველოში.
– სრულიად გულწრფელად გეუბნებით, თქვენ უფრო კომპეტენტურად აზროვნებთ ამ საკითხებში, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება. რასაკვირველია, დიდი ეკონომიკური ზარალი გვექნება. მე 5 სავარაუდო საფრთხე გამოვყავი საქართველოსთვის, თქვენ მეექვსე მომაშველეთ.
– საქართველოს ხელისუფლებას რას ურჩევდით? როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ჩვენმა ორმა მეზობელმა შესაძლოა, ფართო მასშტაბიანი ომი დაიწყოს და მცირე მასშტაბიანი სახეზე გვაქვს?
– საქართველო უნდა გამოვიდეს სამშვიდობო ინიციატივით, თბილისში უნდა გაიმართოს სამშვიდობო კონფერენცია, გნებავთ, კავკასიური კონფერენცია დაერქვას. ორივე ქვეყნის ლიდერი უნდა მოიწვიონ და დაიწყოს მოლაპარაკებები, სტრატეგიული მოკავშირეების გარეშე. ჩვენ ამის პრეცენდენტი გვაქვს. 1919 წლის მაისში, ნოე ჟორდანიამ მოიწვია ორივე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში და სომხეთმა და აზერბაიჯანმა შეაჩერეს სამხედრო მოქმედებები. დღესაც უნდა იტვირთოს შუამავლობა საქართველომ. ეს ჩვენ ამ ორივე ქვეყნაში ხომ აგვიმაღლებს ავტორიტეტს და საერთაშორისო ასპარეზზეც მოგვემატება წონა. თუ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, ეს უნდა გააკეთონ. მე ეს უკვე შევთავაზე საქართველოს ხელისუფლებას და ჩემს ამ ინიციატივას, სომხეთიც და აზერბაიჯანიც სიხარულით შეხვდნენ და თქვეს, რომ ეს არის საუკეთესო ვარიანტი. ამის შესახებ, ორივე ქვეყნის ტელევიზიას მივეცი ინტერვიუ და მათ ძალიან დადებითი რეზონანსი ჰქონდა.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №24
კომენტარები