ანი დვალიშვილი
მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტად ხელდასმული სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად გადავიდა ოპოზიციის რიგებში. ჰო, მისი გამოსვლა პარლამენტში ამის ნათელი დადასტურება გახლდათ და ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ქალბატონ სალომეზე ბრაზდებოდნენ, ეგებ უმჯობესია ბიძინა ივანიშვილს ჰკითხონ, როგორ მოხდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მას ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი „შეეშალა“ და ორივე ოპოზიციაში გაექცა? სავარაუდოდ, ივანიშვილი ერთ რამეს ვერ და არ ითვალისწინებდა და ეს შეეშალა – ის ადამიანებს პრემიერად კი არ ნიშნავდა, ნებისმიერ დროს რომ მოისროდა თანამდებობიდან, არამედ პრეზიდენტად, 5-წლიანი ვადით და მხოლოდ იმპიჩმენტით (რაც ხანგრძლივი და რთული პროცედურაა) შეიძლებოდა მათი გაძევება. ჰოდა, მარგველაშვილმა უფრო ადრე, ზურაბიშვილმა ცოტა გვიან, იმის საუბარი დაიწყეს, რასაც რეალურად ფიქრობდნენ და არა იმის, რაც კონკრეტულ მომენტში მმართველ გუნდს აწყობდა.
პარლამენტში გამოსვლამდეც და ახლაც, ოპოზიციის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეიწყალებს. „ალიას“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამის გაკეთებას აღდგომის ან 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე აპირებს. მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ საბუთების მოგროვება უკვე დაწყებულია და მთავარი ის იქნება, გვარამიამ შეწყალების აქტზე ხელი მოაწეროს. ის, რომ პატიმარი თავად არ დაწერს შეწყალებას, ყველამ იცის, მაგრამ ვალდებული იქნება, პრეზიდენტის შეწყალების აქტს ხელმოწერით დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ გამოუშვებენ. ეს ყველაფერი „ოცნების“ ლიდერებმაც კარგად იციან და პრეზიდენტზე აუცილებლად იტყვიან, რომ მან სისხლის სამართლის დამნაშავე შეიწყალა, თუმცა აქედანვე ცნობილია, რომ ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებას დასავლეთი ტაშს დაუკრავს.
მმართველ პარტიას ახლა სხვა საზრუნავიც აქვს. 73 მუნიციპალიტეტში 73 კონფერენცია უნდა გაიმართოს, სადაც ადგილებზე პარტიის ახალ თავმჯდომარებს დაამტკციებენ, თუმცა დასამტკიცებელ-სადაო არც არაფერია – რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პარტიის პირველი პირი ყველგან მოქმედი მერი იქნება და მოქმედი მერი აიღებს პასუხისმგებლობას არჩევნების შედეგზეც. გამონაკლისებში კი ის მუნიციპალიტეტები იგულისხმება, სადაც პარტიის პირველ პირობას არა მერს, არამედ საკრებულოს თავმჯდომარეს დააკისრებენ. გასულ კვირას ისიც ითქვა, ბიძინა ივანიშვილი ახალ სატელიტ პარტიას ქმნის, რომელსაც ნიკა გილაური უხელმძღვანელებს და რომელშიც ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე გაერთიანდებიანო, რაც მხარეებმა უარყვეს და სავსებით მართებულადაც. „ოცნებას“ სატელიტი პარტია უკვე ჰყავს და „ხალხის ძალაში“ იმდენი ადამიანური თუ ფინანსური რესურსია ჩადებული, რაიმეს შეცვლას არავინ აპირებს და ჯიუტად „მიაწვებიან“ ვერსიას, რომ პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა სწორედ ეს გუნდი გახდეს. მერე რა, რომ „ხალხის ძალა“ რუსეთთან იგივდება, „ოცნებაში“ დარწმუნებული გახლავან, ხალხის რესურსი საკმარისი იქნება ორივე პარტიის პარლამენტში გასაყვანად და თან ისე, რომ 1-2 ადგილები გადაინაწილონ.
მომავალი არჩევნებისთვის სერიოზულ ფინანსურ რესურსს აგროვებს ნაციონალური მოძრაობაც. პარტია რეგიონებში გააქტიურდა და აქტივს ჰპირდებიან, რომ მომავალ არჩევნებამდე და არჩევნებზეც, არნახული დაფინანსება იქნება. რაც მთავარია, რეგიონებში აქტივს ეუბნებიან, რომ პარტიულ საქმეში ბოლომდეა ჩართული ვანო მერაბიშვილი და მერაბიშვილის ძველი ავტორიტეტი, სტაჟიან ნაციონალებზე დღემდე სამართებელივით ჭრის. ეს კი ერთადერთ რამეს ნიშნავს – 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება ისევ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყეს ყველაზე ადრე და ორპოლუსიანობის შენარჩუნების უდიდესი პერსპექტივა გვაქვს, რაც ერთი შეხედვით, ორივე პარტიას ძალიან აწყობს, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ – „ოცნების“ გეგმაში მთავარ ოპოზიციურ პარტიად „ხალხის ძალის“ შეყვანა იგეგმება.
„ალიას“ ინფორმაციით, მმართველი პარტის ოფისში იმ ადამიანთა სიმრავლე შეინიშნება, რომლებიც მოქმედ პარლამენტში ვერ მოხვდნენ, თუმცა წინა პარლამენტში იყვნენ, პარტიას ღიად არ დაუპირისპირდნენ და ახლა, ისევ სურთ, 2024 წლის პარლამენტში მოხვედრა. მათი შანსები ძალიან მცირეა, რადგან სკამები არც მოქმედ პარლამენტარებს ეთმობათ და არც იმათ, ვისაც სწორედ ახლა დაპირდნენ პარლამენტში მოხვედრას და ისინი გარეთ დარჩნენ. გარეთ დარჩენილები აგრესიული ტონით ითხოვენ საპარლამენტო სიაში გამსვლელ ადგილს და პარტიის ხელმძღვანელობას იმასაც ახსენებენ, რომ წინა არჩევნებზე ძალიან დიდი ფინანსური რესურსი გაიღეს და სანაცვლოდ ვერაფერი მიიღეს. ეს განსაკუთრებით კახეთის, შიდა და ქველო ქართლის რეგიონებზე ითქმის. სწორედ ამ რეგიონებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი 2020 წლის არჩევნების საბოლოო შედეგებზე და ახლაც იგივეს მოლოდინია. რა თქმა უნდა, მათ ფულის დახარჯვა მოუწევთ, მაგრამ ამჯერად ბევრად მეტი გარანტიები სჭირდებათ, ვიდრე რომელიმე ლიდერის სიტყვა და დაგინება. ჰო, დაგინება, რადგან 2020 წელს, არა ერთი და ორი ადამიანი მას შემდეგ დააჯერეს, რომ გამსვლელ სიაში იქნებოდნენ, რაც ლიდერებმა… დაიგინეს.
გინება ტყუილად არ გვიხსენებია – ქალაქებში, სადაც მმართველი გუნდის კონფერენციები ჩატარდა, გინების ხმა აქტიურად ისმოდა და არ გეგონოთ, რომ ამ ყველაფერს ოპოზიცია აკეთებდა. პირიქით, აქტივი, რომელიც აგერ ორი წელია, ლიდერებთან შეხვედრას ითხოვს და ვერ ახერხებს, ახლა კი, ისინი უბრალოდ დარბაზში არ შეუშვეს. იმ აქტივს, ვისაც მიაჩნია, რომ რაღაც ისე არ კეთდება, როგორც უნდა კეთდებოდეს, რეალურად არც არავინ უსმენს და არც პარტიული ლიდერები იწუხებენ დიდად თავს მათი მოსმენით. სამწუხაროდ, თუ აქტივისტს ფული არ აქვს, მისი როლი პარტიულ საქმეში არჩევნებზე მისვლითა და კიდევ რამდენიმე კაცის მიყვანით შემოიფარგლება, რაშიც მათხოვრულ ხელფასს უხდიან (არჩევნების პერიოდში 2-3 თვის განმავლობაში), თორემ ის, რომ პარტიის სათავეში, განსაკუთრებით რეგიონებში, ყოფილი „მამალი“ ნაციონალები არიან, მოსმენა არავის უნდა. ეს იმიტომ, რომ სტრუქტურა ასე თუ ისე აწყობილია, ავად თუ კარგად მუშაობს და მშიერი, 2012-წლიანი აქტივისტის „ჭიჭყინს“ ყურად არავინ იღებს. დაპირება, რომ ყველაფერი გამოსწორდება, უკვე სასაცილოდაც კი ჟღერს, რადგან ანალოგიური დაპირება, რიგითმა ლიდერებმა კი არა, ბიძინა ივანიშვილმაც კი გასცა, მაგრამ არ შეასრულა. უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვერ შეასრულა, რადგან ყოფილი ნაციონალები ისე იყვნენ გათქვეფილი, ისეთ თემებში ჩართულ-ჩარეული, რომ მათი გაწევა აღარ გამოდიოდა.
და ერთიც – 9 აპრილს ნაციონალური მოძრაობა რუსთაველზე მორიგი აქციის გამართვას აპირებს. როგორც პარტიის წევრები გვეუბნებიან, ისინი მკაცრად გააფრთხილეს, რომ მოემზადონ ხანგრძლივი აქციებისთვის და ღამისთევისთვის, ანუ პარტია დაშლას არ აპირებს, მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება, თუმცა ვნახოთ, რამდენი ადამიანი გამოვა ამ მოთხოვნით და მეტიც, რამდენი დარჩება გარეთ ღამის გასათევად. ვანო მერაბიშვილის მიერ დაპირებული მორიგი დიდი აქციების ტალღა, ოფიციალურად 9 აპრილს იწყება და ვნახოთ, რა გამოვა.
კომენტარები