თამო კეშელავა, ალია
ჭამს – არ ჭამს, ცუდადაა – კარგადაა, არ გადავიყვანთ – გადავიყვანთ, გადავიყვანთ და გაიტაცებენ, გადაიყვანენ და გაიტაცებენ – ასე გავატარეთ უკანასკნელი 50 დღე.
ერთი შეხედვით, სქემა საკმაოდ უაზრო ჩანს, ჩამოვიდა სააკაშვილი, ჩაჯდა ციხეში, დაიწყო შიმშილობა, ჯერ ითხოვდა თავისუფლებას და სამართლიან სასამართლოს, შეკრიბეს ხალხი და დაშალეს, გადაკეტეს ჯერ ერთი გზა, მერე მეორე, ხან ჩანდა ნიკა მელია, ხან არ ჩანდა პატარა აქციებზე, იყო პერფომანსები და მჩხიბავები, მერე მიშა გადაიყვანეს კლინიკაში და… მერე?
„ოცნება“ იძახის, უკან დავაბრუნებთო, ოპოზიცია ამბობს, მას თვეობით დასჭირდება მკურნალობა და საერთოდაც ის უნდა გათავისუფლდეს, საავადმყოფოში დასაჯდომად არ ჩამოსულაო…
და მაინც, ახლა რა იქნება?
„ალიას” ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და ვინაობის გამჟღავნება, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს.
– რა საფრთხეს შეიცავს ქვეყნისთვის სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა?
-ჩემთვის, როგორც საქართველოს ბედით დაინტერესებული ადამიანისთვის, მიშას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა პირდაპირი პროვოკაციაა – პროვოკაციის მოწყობა იქ შეუძლია ყველას, ოპოზიციას, პოზიციას, რუსს, უკრაინელს და გამვლელსაც კი. ახლა ნერვების ბრძოლა დაიწყო და ვისაც მეტად უმტყუნებს ნერვები, ის დაიქუხებს ჩქარა და ეფექტურად, შესაძლოა, ვინც ნაკლებ გარანტიას მიიღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან, იმან მეტად ჩქარა სცადოს დაქუხება და აგიხსნით, რას ვგულისხმობ.
რამდენიმე კილომეტრშია ახალგორი, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ლეგალურად გადადიან ყოველ დღე ე.წ. საზღვარს და ასევე, არ დაგვავიწყდეს უამრავი გზა, რომელსაც არავინ აკონტროლებს და რომლიდანაც უამრავი ადამიანი დადის აქეთ და იქეთ არალეგალურად. გორის სამხედრო ჰოსპიტალს ირგვლივ სამი გზა ჩასდის, გაიარა ადამიანმა, ან არ გაიარა და მოპირდაპირე მხრიდან ისროლა უბრალო სასწავლო „გრანატა“, არავინ დაშავდება, არაფერი მოხდება, მაგრამ დაიქუხებს და დადგება ბოლი… და ვინ დაელოდება იმის გარკვევას, რომ ეს სასწავლო „გრანატა“ იყო? დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ახლა, გორის ჰოსპიტალთან გაისმა აფეთქების ხმა და დადგა ბოლი… რა მოხდება? რა მოჰყვება ამას, გინდ ქვეყნის შიგნით და გინდ ქვეყნის გარედან? „ოცნებისთვის“ დიდი თავის ტკივილია მიშას იქ მოთავსება, რამდენიმე კილომეტრში რუსები დგანან, მუდმივი საფრთხეა მარტო მიშასთვის კი არა, პირდაპირ ქვეყნისთვის. რა შეიძლება გორის ჰოსპიტალიდან მოხდეს? – ყველაფერი – ლიკვიდაციაც, გატაცებაც და დახსნაც – ყველაფრის გაკეთება მარტივად შეიძლება. ამ დროს, ავიღოთ, კლინიკა “ვივამედი”, სადაც თავდაპირველად ითხოვდნენ გადაყვანას – ცალკე სართულია გამოყოფილი პატიმრებისთვის, უკვე მზა სართულია, გისოსებით და დაცვით, მეხუთე სართულია, ადვილი არ არის აძვრე და ვერავინ დაგინახოს. გზა არ ჩანს კლინიკიდან, დასახლებული პუნქტი კილომეტრნახევარშია. რატომ არ გადაიყვანეს ვივამედში? იქნებ, იმიტომ რომ, რა წამსაც გორის ჰოსპიტალზე დაიწყეს საუბარი, ჯერ კიდევ ლამის 2 კვირის წინ, ოპოზიციამ, ეგრევე დაიწუნა და თქვა, მანდ გატაცების საფრთხეაო და „ოცნებამ“ იფიქრა, რაკი ოპოზიციას დიდად არ აწყობს გორის ჰოსპიტალი, ესე იგი ჩვენთვის კარგია და მოდი, იქ გადავიყვანოთო? – ვერ გეტყვით. არ მინდა დაჯერება, რომ ამდენად არაპროფესიონალები არიან. 50 დღეში შუა მინდორზე ავაშენებდი საავადმყოფოს, კარავს კი არა, გავჭრიდი საძირკველს, ავაშენებდი და იქნებოდა მიშას პირადი საავადმყოფო. უმარტივესია ახლა მიშასთვის თავის დახსნა – ამისათვის რამდენიმე ათეული ძალოვანიც საკმარისია, რომლებიც იტყვიან, რომ მიშაა მათი პრეზიდენტი, შევლენ და გამაგრდებიან კლინიკის ეზოში და წამოაყენებენ ულტიმატუმს, ამას დაემატება ქუჩაში გამოსული ხალხი და რას იზამს ამ დროს „ოცნება“, მივა და ე.წ. საზღვართან რამდენიმე კილომეტრში სპეცოპერაციას დაიწყებს? სროლას ატეხს? ვერა, ვერ გააკეთებს ამას, რადგან, რუსეთი ეგრევე ჩააყენებს ჯარს ე.წ. საზღვართან და ყველა ეტყვის ოცნებას, რომ ომის საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყანას.
იდეალური ადგილია ულტიმატუმისთვის, გამაგრებისთვის. ვერც შსს და ვერც თავდაცვა ვერ გაბედავს იქ სპეცოპერაციის ჩატარებას, სუსი ხომ ვერა და ვერ გაბედავს. სუსი ახლა ყველაზე ცუდ დღეშია და ყველაზე ნაკლებად უნდა ხელისუფლების შეცვლა, რადგან ყველა ჯოხი მასზე გადატყდება. გაიხსენეთ, აბა, წინა პერიოდი – 1989 წლის აპრილშიც, 2003 წელსაც და 2012 წელსაც პოლიცია ბუნჩულა და საყვარელი იყო და მხოლოდ სპეცრაზმი იყო საზიზღარი – ახლაც ასე იქნება და სპეცრაზმი რომც გამოიყვანოს შსს-მ, მაინც სუსს დაბრალდება, მით უფრო ბოლო პერიოდის გათვალისწინებით. ამიტომ, ახლა თავდაცვას და შსს-ს ნაკლები საფრთხე ემუქრება ხელისუფლების შეცვლით და ამ მოცემულობას არ შეცვლიან.
ასევე არ დაგავიწყდეთ გარე ფაქტორები, რუსეთს ახლა ყველაზე დიდი შანსი აქვს, საქართველოში ერთი ტყვიით ისე გამოიწვიოს არეულობა, რომ არც კი გამოჩნდეს. უკრაინაშიც ბევრი მტერი ჰყავს მიშას, ადამიანები, რომლებსაც არ აწყობთ მიშას უკან დაბრუნება, მათაც შეუძლიათ ამ არეულობის გამოწვევა. ყველას შეუძლია, ვისაც ეს უნდა და პასუხისმგებელი ამაზე იქნება მხოლოდ „ქართული ოცნება“, ოპოზიცია იტყვის, მე მეტი რა ვქნა, არც კი გავკარებივარ, მე ვთქვი, არ მინდოდა ეგ ჰოსპიტალი, ვთქვი, გატაცების მცდელობა იქნებოდა და რუსული პროვოკაცია და არ დამიჯერე და მაინც მანდ გადაიყვანეო.
რაც შეეხება უკრაინას, ზელენსკის ყველაზე ძალიან უნდა მას “დაბრალდეს” სააკაშვილის გათავისუფლება და თავად მოისხას გამათავისუფლების მანტია, მაგრამ მას ახლა ამის თავი არ აქვს. გარდა იმისა, რომ მოსალოდნელი ომის საფრთხის ქვეშ დგას, 19 ნოემბერს, როცა ყველანი შეჩერებულნი ვიყავით მიშას გადაყვანა-არგადაყვანაზე, უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. უკვე 8 თვეა უკრაინა ემზადება სამხედრო ოპერაციისთვის – კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” 33 წევრზეა საუბარი, რომლებსაც, ოფიციალური მონაცემით მასობრივი არეულობის მოწყობა, ანუ, ტერაქტები ჰქონდა დაგეგმილი უკრაინაში. ეს 33 პირი ბელორუსმა დააკავა და ამათგან 28 პირის გადაცემას უკრაინა ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ ლუკაშენკომ ეს პირები რუსეთს გადასცა. არსებობს ვერსია, რომ მათ რუსეთი აფინანსებს, თუმცა, რეალურად, ვის საქმეს აკეთებენ ისინი, უცნობია. დაჯგუფება მრავალნაცინალურია, როგორც კულუარულად საუბრობენ, მასში რამდენიმე ქართველიცაა. 19 ნოემბერს გავრცელდა სამხედრო დაზვერვის უკვე ყოფილი უფროსის ინტერვიუ, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტულად ზელენსკის ბრძანებით გაუქმდა სპეცოპერაცია, თქვა ისიც, რომ მათ შიგნით ჰყავთ “ვირთხა”, რომელიც ინფორმაციას აწვდის რუსეთს. უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ ეს სკანდალი კი არა საშინელებაა. გორდონი პირდაპირ ითხოვს დადგინდეს, არიან თუ არა ზელენსკის გარემოცვაში რუსეთის აგენტები, პრაქტიკულად, ლამის ღიად ადებენ ხელს ზელენსკის და მასთან დაახლოებულ პირებს რუსეთთან თანამშრომლობაში. საუბრობენ ასევე, ბელორუსი სპეცდაზვრევის როლზეც და რუსული დაზვერვის როლზე და ამბობენ, რომ ისინი არაფრით სჯობს უკრაინელ სპეცრაზმს, უკრაინის ხელისუფლება რომ მშიშარა არ იყოს. ჟურნალისტი გორდონი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ატყუებს ხალხს, იგი და უკვე, არამხოლოდ იგი, სხვა ჟურნალისტებიც ამბობენ, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები კანკალებენ პუტინის შიშით და ითხოვენ “ფოლადის კვერცხებიან” ლიდერებს. დაიწყო სამ უწყებაში გამოძიება, მათ შორის რადაში და პირდაპირ თქვეს, რომ მათი პირველი ამოცანა იქნება, დაადგინონ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და ზელენსკის წრეში, ხომ არ არის მოღალატე და რუსეთის ჯაშუში. იმ ფონზე, რომ ზელენსკის ლამის ქვეყნის ღალატში სდებენ ბრალს, მას ახლა ფიზიკურად აღარ სცხელა მიშასთვის, მას შესაძლოა იმპიჩმენტიც კი დაემუქროს. სხვათა შორის, სააკაშვილი თავად იყო ამ სპეცოპერაციის ჩატარების მომხრე და მას ნამდვილად არ ესიამოვნებოდა მისი ჩაშლა.
არ არის შემთხვევითი, რომ სპეცოპერაციის ჩაშლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მიშას კლინიკაში გადაყვანა ერთი და იგივე დღეს მოხდა. მიშა ახლა თვლის, რომ სწორედ ისაა ის “ფოლადის კვერცხი”, რომელიც უკრაინას და საქართველოს ერთნაირად სჭირდება. თუ გახსოვთ, დაახლოებით 4-5 წლის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ მიშა შეიძლება გამხდარიყო ორ ქვეყანაში, უკრაინაში და საქართველოში ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი, მაშინ ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა მიშას რეალური შანსი აქვს თქვას, რომ იგი არამარტო ჭამაშია დაუბლოკავი, არამედ პოლიტიკაშიც. ამიტომ ეშინია მისი ყველას.
კომენტარები