რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ნაციონალურ მოძრაობაში ის, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევით ირგვლივ ყველა ბედნიერია და ჯანსაღ კონკურენციაში უძლერესმა გაიმარჯვა, ყველასთვის ცხადი ხდება, რომ ნიკა მელიას თავმჯდომარედ არჩევამ ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილი გააღიზიანა. მელია არაერთხელ ცდილობდა დამოუკიდებელი თამაშის დაწყებას, თუ გახსოვთ, პარტიის თავმჯდომარეობაზე პრეტენზია ადრეც ჰქონდა, მაგრამ მაშინ გრიგოლ ვაშაძე დანიშნეს (არ აირჩიეს, დანიშნეს) და მელიაც პოლიტ-საბჭოს თანათავმჯდომარეობას დათანხმდა (მარტო იქაც არ დატოვეს). მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, მელია ღიად თუ ფარულად ცდილობდა, პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის ჩახსნას, ამის მცდელობა პირდაპირ ეთერშიც კი ჰქონდა, როცა გუბაზ სანიკიძეს წაეკიდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. არჩევნების შემდეგ, პოლისტაბჭოს სხდომებზე, მელია არ მალავდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სააკაშვილის და, რაც მთავარია, მის მიერ გაცემული დაპირება, ჩამოვალო გახდა. არჩევნების წინ, სააკაშვილს მცდელობა ჰქონდა, რომ კვლავ დანიშვნა განეხორციელებინა, მაგრამ ამის უფლება უკვე აქტივმა არ მისცა და ამიტომ, ყველაზე ძლიერი კონკურენტი დაუყენა მელიას. ლევან ვარშალომიძეს რომ მოეგო, ის გრიგოლ ვაშაძესავით უჩუმრად არ წავიდოდა, უბრალოდ, ყველაფერს შეასრულებდა, რასაც სააკაშვილი ინებებდა. სწორედ ვარშალომიძის სასარგებლოდ ჩაეხსნა პროცესს ხატია დეკანოიძე, მაგრამ მელიამ სააკაშვილს არამარტო თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა მოუგო, არამედ პარტიაში საკუთარი პოზიციები გაიმყარა.
„ახალი წლის შემდეგ, აუცილებლად დაიწყება ნაციონალური მოძრაობის რეორგანიზაცია და ამ ყველაფერს სწორედ ნიკა გააკეთებს. ისიც იცით, რომ გაზაფხულიდან ნაციონალები აქციებს გეგმავენ და აქციების მიმართულებასა და სტრატეგიას სწორედ მელია განსაზღვრავს. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე მას აფერხებს, ფინანსებია, თუმცა დაფინანსების მსურველი არაერთი ადამიანი გამოჩნდება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჩათვალეთ, მელიას არჩევით, სააკაშვილის ურყევ ტახტს მინიმუმ ფეხი მოსძვრა“,-გვეუბნება ნაცმოს პოლიტ-საბჭოს წევრი.
სხვათა შორის, მელიას არჩევა სხვა ოპოზოციური პარტიის ლიდერებსაც ძალიან გაუხარდათ, რადგან თუ ნიკა მიშას ჩააჩოჩებს, ოპოზიციის ლიდერებს სულ უფრო ნაკლებად დაუსვამენ ყველაზე უხერხულ კითხვას, მიშას გვერდით დგომა არ გიტყდებათო? ერთი ეგაა, მელია გაზაფხულზე რევოლუციურ სცენარს არ გამორიცხავს და ეს მაშინ, როცა ლამის მთელმა ოპოზიციამ მოვლენების ასეთ განვითარებაზე უარი განაცხადა. ეს ოფიციალურად, თორემ თუ რევოლუციის სიო დაბერავს, დარწმუნებული იყავით, ოპოზიციის ლიდერებს ტრიბუნასთან ვერავინ მიასწრებს და მერე რა, თუ კიდევ ერთი გადატრიალება (მშვიდობიანი იქნება, ხავერდოვანი, ვარდების თუ ალბინოსი ინდაურების), ქვეყანას არანაირად არ წაადგება.
ანი დვალიშვილი, ალია
კომენტარები