ირინე გოგოსაშვილი, „ალია“
ვიდრე საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგითა და კაპრიზებით არის გართული, ქვეყნის გარშემო იმდენად შემაშფოთებელი გეოპოლიტიკური სცენარი თამაშდება, არათუ ხელისუფლების, არამედ სრულიად პოლიტიკური სპექტრის ყურადღება, ჩემი აზრით, ამ მიმართულებით უნდა იყოს მობილიზებული და ქართული მედია ამ ,,ახალი ამბების,, გაშუქებითა და ანალიზით უნდა იყოს დაკავებული!
ამასობაში კი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე ახალი ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ -,, დროა აფხაზეთში პრივატიზაცია და მიწის გაყიდვის კანონი სამთავრობო დონეზე განვიხილოთ, მოვიზიდოთ ინვესტიციები და განადგურებული ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ,,-ო!
აქვე განგიმარტავთ, რომ როგორც კი ,,დამოუკიდებლობა“ მოიპოვეს, აფხაზეთის პარლამენტმა უპირველესად – მიწის უცხოელებზე არ გაყიდვის კანონი მიიღო და დღემდე კბილებით იცავდნენ მას!!!
ბჟანიას ამ ინიციატივას მაშინვე დაუპირისპირდა მოსახლეობის დიდი ნაწილი, რადგან აფხაზეთში გასაყიდად გამოსატან ობიექტებს, თუ ჰექტრობით მიწას გაღატაკებული მოსახლეობა ვერ შეისყიდის და ისიც კარგად იციან, რომ მსუყე ულუფა დარჩება მათ, ვისაც დიდი ხანია თვალი აქვს დადგმული როგორც მათ ქონებაზე, ისე ზღვაზე გასასვლელსა თუ გეოპოლიტიკურ ბუფერად მათ გამოყენებაზე!!!
როგორც კი დიდი პრივატიზაციის თემა გაჟღერდა, აფხაზეთს უმალ ეწვია კაზაკთა დელეგაცია, რომლებიც როგორც პრეზიდენტს, ასევე დეპუტატთა კორპუსს შეხვდნენ და სურვილი გამოთქვეს არამხოლოდ პრივატიზაციაში მონაწილეობაზე, არამედ აფხაზი ახალგაზრდების იდეურ-პოლიტიკურ-პატრიოტულ აღზრდაში თანამონაწილეები ვიქნებით და შეახსენეს მათ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობაში კაზაკთა ღვაწლი და თავდადება დიდია!
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ქარბორბალა დაატრიალა აფხაზთა იმ ჯგუფმა, ვისაც არც აფხაზეთის დღევანდელი ხელისუფლება ეხატება გულზე და არც ის მადა მომატებული ბოევიკების ატამანები, რომლებიც ყოველჯერზე გაიძახიან ,,მი ზა ვას ვოევალი“, და ახლა ნება იბოძეთ, დამოუკიდებლობის სუფრიდან დიდი ულუფა გადმოგვიღეთო!
აი, რას წერს კაზაკთა დელეგაციის მეთაურის , ყუბანის მხარის ვიცე გუბერნატორ ალექსანდრე ვლასოვის ვიზიტზე, ,,აფსნი პრესსი“ ….
ანუ, კაზაკები შეშფოთებულები ვართ აფხაზეთში კაზაკთა რიცხობრიობის შემცირებაზეო, გესმიით?
ამ რამდენიმე დღის წინ, ასლან ბჟანიამ კიდევ ერთი სიურპრიზი გაუკეთა აფხაზეთის მოსახლეობას და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოზრდილი, ამასთანავე ვლადიმერ სურკოვის ლამისაა შვილობილ ინალ არძინბას-აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელი უბოძა! კრემლი ვლადისლავ არძინბას ნათესავზე დიდ იმედებს ამყარებს, განსხვავებით აფხაზი მოსახლეობისგან, რომელიც მის პერსონას არაერთგვაროვნად აფასებს და სოციალურ ქსელებში ამას ღიად წერენ!!!
არც აფხაზი დეპუტატები არიან გულხელდაკრეფილები და ვიდრე მათი პრეზიდენტი პრივატიზაციისა და ყუბანის კაზაკთა მომრავლების საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს, თურქეთის რესპუბლიკას სტუმრობს და არაოფიციალურ შეხვედრებს მართავს თურქულ მხარესთან!
აი, რას წერენ ისინი:
,,ჩვენ შევხვდით არა მარტო აფხაზური წარმომავლობის დეპუტატებს, არამედ სხვებსაც. თურქ კოლეგებთან განვიხილეთ მთელი რიგი ერთობლივი ინიციატივები და თუ ღმერთმა ინება, უკვე მომავალ წელს აფხაზეთში თურქი დეპუტატების დიდ დელეგაციას ვუმასპინძლებთ ჩვენს შორის კონტაქტების გასაღრმავებლად. მართალია, ჩვენს შეხვედრებს თურქული პარლამენტის მთელი შემადგენლობა არ დასწრებია, მაგრამ ადგილობრივი კანონმდებლების გარკვეული რაოდენობა აფხაზ კოლეგებს პირველად შეხვდა. განვიხილეთ რიგი კულტურული ღონისძიებები, რომლებიც როგორც აფხაზეთში გაიმართება მაღალი სტუმრების მონაწილეობით, ისე თავად თურქეთის რესპუბლიკაშიც. ჩემი აზრით, ეს მეგობრობის დიდი გზის დასაწყისია”, – განაცხადა ლოგუამ. ამ თემაზე საუბრისას ლოგუამ ახსენა რეგიონული თანამშრომლობის “3+3” (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ირანი, რუსეთი, თურქეთი) ფორმატი და მასში აფხაზეთის მონაწილეობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება:
“ამ ფორმატში აფხაზეთზე, სამწუხაროდ, საუბარი არ არის. თუმცა ვფიქრობ, ვიმუშავებთ ალტერნატივაზე. ეს შეიძლება, იყოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ან იყოს საპარლამენტო პლატფორმა, მაგრამ “3+4”, – განაცხადა ლოგუამ.
მისივე პროგნოზით, მომავალი წელი “გარღვევის წლად” იქცევა აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების მიმართულებით.
„ვინც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მსოფლიოსთან აფხაზეთის ურთიერთობას, ეს საბოლოოდ არავის გამოუვა. დაგვბლოკავენ ერთ წელიწადს, ორს, სამს, მაგრამ საბოლოოდ ჩვენსას მაინც მივაღწევთ და აფხაზეთს მთელი მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს. დარწმუნებული ვარ, 2022 წელი გარღვევის მომტანი იქნება აფხაზეთის საგარეო კავშირების კუთხით” – დასძინა აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა….
როგორც ცნობილია ,,კავკასიური პლატფორმა“ რომელსაც 3+3-საც უწოდებენ 6 სახელმწიფოს შემადგენლობით მოიაზრება – თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო!
აქ საგულისხმოა ის, რომ ასევე კავკასიაში არსებული და რუსეთისვე აღიარებული -აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არსადაა ნახსენები და სწორედ ამაზე სწუხან ის დეპუტატები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თურქეთს სტუმრობდნენ – არიქა, ჩვენ რატომ არ ვართ ჩამონათვალშიო?!
ვნახოთ, რას აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფაქტზე:
„თურქეთის მთავრობა განუხრელად ატარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დეპუტატები რუსული პასპორტებით ეწვივნენ თურქეთის რესპუბლიკას, სადაც კერძო ხასიათის შეხვედრები გამართეს თურქეთში არსებული ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლებთან და ეთნიკურ აფხაზებთან. აღნიშნული კერძო ხასიათის შეხვედრები, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება თურქეთის მხარესთან ოფიციალურ კომუნიკაციად. საქართველოს საელჩო ანკარაში მუდმივ თანამშრომლობაშია თურქეთის მხარესთან, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაში”.
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და აღიარებს იმავე 6-იანის, 5 სახელმწიფო და თუკი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ,,კავკასიური პლატფორმას“ განხორციელება უწერია, იქნებ არც იყოს შემთხვევითი ის, რომ მხოლოდ ,,საქართველო,,-ა მოაზრებული ამ შემადგენლობაში თავის აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთიანად?!
ამასობაში კი რუსეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო შავ ზღვაში და როგორც საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, ამ წვრთნების დედააზრი საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების აზრზე მოყვანაა, რა არჩევანს გააკეთებენ ისინი თავიანთი ქვეყნების საგარეო ვექტორის განმსაზღვრელად და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად!!!
კომენტარები