სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, ტვ პირველთან აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული გიორგი მამალაძე რამდენიმე პირთან ერთად მოქმედებდა, რომელთა მიზანი იყო, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შორენა თეთრუაშვილი დაეკავებინათ:
„ციანიდი, რომელიც მამალაძემ შეიძინა, თუ გაივლიდა საზღვარზე და ის ადამიანი თუ არ შეატყობინებდა პროკურატურას, ეს საქმე არ იქნებოდა აღძრული, ჩაიტანდა ამ ციანიდს, მოუყრიდა საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ბერლინში, „ჰელიოსის“ კლინიკაში. შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში კამერების თანდასწრებით, კლინიკა აღჭურვილია კამერებით და თვითონაც ტელეფონები ჩართული ექნებოდათ. ეტყოდნენ, რა მიგაქვს? ის ეტყოდა, საკვები შემაქვს პატრიარქთან. ესენი ეტყოდნენ, რომ რაღაც საეჭვოა, ატყდებოდა პანიკა, დაიდგმებოდა სცენები. ციანიდიან საკვებს შორენას დაუჭერდნენ ხელში, გამოიძახებდნენ „ჰელიოსის“ დაცვას. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია. არა საქართველოში, არა რუსეთში, არამედ საზღვარგარეთ, ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ პატრიარქის მკვლელ შორენა თეთრუაშვილს. ის წავიდოდა ციხეში, პატრიარქის მკვლელის იარლიყით, ისინი გახდებოდნენ გმირები, რადგან პატრიარქი გადაარჩინეს, პატრიარქი დაიცვეს, მოაშორეს მტარვალი შორენა თეთრუაშვილი და თვითონ ჩამოდიოდნენ ძალიან ძლიერები აქ“
გოგაშვილის თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილების მცდელობა ამ ჯგუფს ადრეც ჰქონდა.
ამასთან, გოგაშვილი აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძე კრიმინალია და აქვს კრიმინალებისთვის დამახასიათებელი თვისება, არ გათქვას თანამოაზრეები:
„შეთხზეს ვერსია, რათა გიორგი მამალაძე წარმოეჩინათ მსხვერპლად. წავიდა მამალაძის ვიქტიმიზაცია, თითქოს ის იყო საწყალი, ზიარება უნდოდა და ასე შემდეგ. მე პირდაპირ გეტყვით, ის არ არის მორწმუნე, ის ათეისტია.
მე არ ვიცი, გიორგი მამალაძემ სად იყიდა ციანიდი. ეს იყო ჩავარდნა გამოძიების, როდესაც არ მოხდა შესყიდვის მომენტის დაფიქსირება და როდესაც არ მოხდა ამოღების მომენტის დაფიქსირება – ამიტომ ვამბობ, რომ ეს ორი მომენტი მინუსია. გადაღების და ამოღების მომენტი რომ ყოფილიყო დაფიქსირებული, ამდენი რამ არ მოჰყვებოდა. ეს დაუდევრობით მოხდა, უცოდინრობით თუ შეგნებულად, არ ვიცი, მაგრამ ერთია, ამით საფუძველი მიეცა დაცვის მხარეს, რომ პროცესუალურ დარღვევებზე აეგო.”
კომენტარები