საუკუნეების წინ ადამიანებს ზოგ დაავადებაზე წარმოდგენაც არ გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მაშინაც არსებობდნენ. იყო დრო, როცა ადამიანი მთვარეს, მზეს, უბედურ შემთხვევას აბრალებდა ამა თუ იმ პრობლემას, მათ შორის დაცემას, მოტეხილობებს, მაგრამ რეალურად მოტეხილობები ოსტეოპოროზის პირველი ნიშანია.
სამწუხაროდ, ამ დაავადებას თითქმის არ აქვს სიმპტომები, მაგრამ, საბედნიეროდ, უკვე შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური აპარატით კვლევა, რომელიც რამდენიმე წუთში ადგენს, აქვს თუ არა პაციენტს ოსტეოპოროზი.
რა არის დენსიტომეტრიული კვლევა? – ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ძვლის მინერალური სიკვრივის შეფასება და ძვლის მოტეხილობის რისკის გამოთვლა. დენსიტომეტრია ოსტეოპოროზის დიაგნოზისტისკისთვის არის ოქროს სტანდარტი, ეს არის ის პირდაპირი და კონკრეტული კვლევა, რომლითაც შესაძლებელია ამ დიაგნოზის დასმა.
როგორ ტარდება კვლევა, რამდენად უსაფრთხო და უმტკივნეულოა, რა შემთხვევაში, რა პერიოდულობითაა მისი ჩატარება რეკომენდირებული, ალიას ამ და სხვა კითხვებს, ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, რადიოლოგი, სალომე ლალიაშვილი პასუხობს.
– ტექნიკურად როგორ ტარდება კვლევა და არის თუ არა უსაფრთხო?
– პროცედურა სწრაფი და სრულიად უმტკივნეულოა. პაციენტი წვება დენსიტომეტრიის სპეციალურ მაგიდაზე, სადაც წელის მალების, მენჯ–ბარძაყის სახსრების გადაღება ხდება. ასევე, შესაძლებელია წინამხრის გადაღება მჯდომარე პოზიციაში. კვლევისას რენტგენის იმდენად მინიმალური სხივები გამოიყოფა, რომ უსაფრთხოდ ითვლება. პაციენტი არ საჭიროებს დამცავი საშუალების ჩაცმას და ტექნიკოსს შეუძლია გადაღების პროცესში ოთახში იმყოფებოდეს. თუმცა, ორსულებისთვის კვლევა რეკომენდებული არ არის.
– როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი კვლევისთვის?
– წინასწარი მომზადება საჭირო არ არის, უბრალოდ სასურველია ტანსაცმელს არ ჰქონდეს მეტალის დეტალები, განსაკუთრებით წელის, მენჯ–ბარძაყის არეში. ხოლო, თუ წინამხარია გადასაღები, სამაჯურის არსებობს შემთხვევაში პაციენტი კვლევის პერიოდში იხსნის.
– რამდენი ხანი გრძელდება კვლევა და უმტკივნეულოა, თუ არა?
– კვლევა გრძელდება იმის გათვალისწინებით, თუ სხეულის რამდენ ნაწილს ვიღებთ. თითო ადგილს დაახლოებით ერთი წუთი სჭირდება, ზოგჯერ ნახევარი წუთიც საკმარისია ხოლმე, გააჩნია პაციენტის აღნაგობას. კვლევა სრულიად უმტკივნეულოა, აპარატი თავად მოძრაობს, პაციენტს არც კი ეხება.
– რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა ჩაიტაროს პაციენტმა დენსიტომეტრია?
– ზოგადად, ოსტეოპოროზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, სანამ რაიმე ტიპის მოტეხილობა არ განვითარდება. მოგვიანებით სტადიაზე აღენიშნება პაციენტს მოძრაობის შეზღუდვა, ტკივილი, სამწუხაროდ, ხშირია ხერხემლის მალების მოტეხილობა და ამ დროს უკვე სიმაღლეში კლება ან წელში მოხრა აღენიშნება. ასევე, სიმძიმის აწევისას ყრუ ტკივილი და დისკომფორტი წელის მიდამოში – სხვა სიმპტომები, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს და მხოლოდ გამოკვლევისას გამოვლინდეს, რომ ეს ოსტეოპოროზია.
– არსებობს თუ არა პრევენციული კვლევის პრაქტიკა? და თუ კი, რა პერიოდულობით?
– დადგენილია, რომ 50 წლის შემდეგ რეკომენდებულია ადამიანმა ჩაიტაროს ეს კვლევა, რადგან კვლევას არ ახლავს დიდი დასხივება, პრევენციისთვის მისი ჩატარება მიზანშეწონილია. მით უმეტეს, თუ არსებობს რაიმე სახის ენდოკრინული დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა, დიაბეტი ან თუ არის მენოპაუზის შემდგომი პერიოდი ქალბატონებში. ასევე, რეკომენდებულია მათთვის, ვისაც არასწორი კვების რეჟიმი და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით, თუ ნიკოტინს, ალკოჰოლს და კოფეინს ჭარბად მოიხმარს. ყურადღება უნდა გაამახვილოს პაციენტმა, თუ აქვს მოტეხილობის რამდენიმე ეპიზოდი წაქცევისას ან თუ ოჯახური ანამნეზი აქვს დატვირთული მოტეხილობებით – ყველა ამ შემთხვევაში საჭიროა ჩაიტაროს კვლევა
ადამიანმა პრევენციისთვის თუ დიაგნოსტირებისთვის.
პერიოდულობას რაც შეეხება, თუ დაავადებისადმი დაბალი რისკი აქვს, თუ პირველი კვლევისას ოსტეოპოროზი არ გამოვლინდა და ძვლის სიმკვრივე ნორმის ფარგლებშია, ესე იგი, რიკს -კგუფში არ შედის და 5–10 წელში ერთხელ შეუძლია ჩაიტაროს პრევენციული კვლევა.
რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც რისკ–ჯგუფში არიან, მათ სასურველია კვლევა ჩაიტარონ 3–5 წელში ერთხელ, თუმცა, თუ ძალიან მაღალია რისკი, შესაძლებელია კვლევის ჩატარება 6–12 თვეშიც. მინიმალური შუალედი კვლევებს შორის, 6 თვე უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ რისკი ძალიან მაღალია, ოსტეოპოროზი უკვე გამოუვლინდა და პაციენტი უკვე მკურნალობს, ექიმი თავად წყვეტს, 6 თვეში მისცეს კვლევის განმეორებით ჩატარების რეკომენდაცია, თუ 12 თვეში, ინდივიდუალურია საჭიროების და განვლილი მკურნალობის კურსის მიხედვით.
–რომელი პაციენტები არიან ძალიან მაღალი რისკის ქვეშ?
–მაღალი რისკის ქვეშ არიან პირები, რომლებსაც უკვე გამოუვლინდათ ოსტეოპოროზი, ან აქვთ რამდენიმე მაჩვენებელი, მაგალითად, თუ ქალბატონს აქვს მენოპაუზა, დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვალი ან ამოღებული აქვს და ჰორმონალურ მედიკამენტებზეა, ან თუ აქვს რევმატოიდული ართრიტი, იღებს ჭარბად ნიკოტინს, ალკოჰოლს, კოფეინს, თუ ანამნეზში მოტეხილობა აქვს, ესეც მაღალ რისკში ითვლება. თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან მხოლოდ ერთი მაჩვენებელი ესადაგება პაციენტს, უკვე საშუალო რისკის ჯგუფში მოვიაზრებთ და მას შეუძლია, 3–5 წელში გადააკონტროლოს.
– რა ფაქტორები განაპირობებს ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას?
– ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას იწვევს ძვლის დაშლა–აღდგენას შორის დისბალანსი, ასაკის მატებასთან ერთად, ძვლის მინერალების სიმკვრივე თანდათან მცირდება, ქალბატონებში ეს პროცესი ჩქარდება მენოპაუზის შემდეგ. ასევე, სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი, მათ შორის: არასწორი კვება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ენდოკრინული დაავადებები, დიაბეტი, ფარისებრის პრობლემა, ნიკოტინის, ალკოჰოლის, კოფეინის ჭარბი მოხმარება და ა. შ. ზოგადად, ასაკის მატებასთან და მეტაბოლიზმის დარღვევასთან ერთად ხდება ძვლის მინერალების შემცირება.
– არის თუ არა დაავადება ასაკობრივი და რა შემთხვევაში შეიძლება ახალგაზრდა ადამიანებიც დაავადდნენ?
– ძირითადად, ოსტეოპოროზი გვხვდება ასაკოვან ადამიანებში და მოტეხილობების მიზეზი ხშირად სწორედ ეს დაავადებაა, თუმცა, ახალგაზრდებშიც გვხვდება. გვყოლია პაციენტები, მათ შორის არასრულწლოვნებიც ძვლის მინერალური სიმკვრივის პრობლემით, ამას ქვია იუვენილური ოსტეოპოროზი. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად: ცელიაკია, ცისტური ფიბროზი, კვებითი დარღვევები, ცერებრული დამბლა, თირკმლის დაავადებები. ასევე, გვხვდება მაშინ, თუ ბავშვი, რაიმე დაავადების გამო, იღებს კორტიკოსტეროიდებს, თუ დიდხანს უმოძრაოდაა რაიმე დაზიანების გამო, თუ აქვს არაჯანსაღი საკვები რაციონი და ვერ იღებს იმ რაოდენობის მინერალებს, რომ ძვლის სიმკვრივე შეივსოს. ასევე უნდა აღვნიშნო, ზოგჯერ, ზედმეტად ბევრი ვარჯიში, ზედმეტად დიდი ფიზიკურა დატვირთვაც შესაძლოა გახდეს ოსტეოპროზის გამომწვევი მიზეზი.
– როგორც ვიცი, დენსიტომეტრია ნიუ ჰოსპიტალსში ტარდება მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რა უპირატესობა აქვს ამ აპარატს?
– ნიუ ჰოსპიტალსი აღჭურვილია დენსიტომეტრიის მაღალტექნოლოგიური აპარატით, ეს არის Osteosys EXCELLUS-ი, რომელიც წამებში გვიჩვენებს ძვლის სტრუქტურის სურათს, რის მიხედვითაც ხდება დიაგნოზის დადგენა. რამდენიმე წუთში პასუხები უკვე მზადაა, პაციენტს არ უწევს დიდხანს ლოდინი. თითო ადგილის გადაღებას მაქსიმუმ 1 წუთამდე სჭირდება. შემდეგ უკვე, ამ დიაგნოზით პაციენტს შეუძლია მკურნალ ექიმს მიმართოს. Osteosys EXCELLUS–ის აპარტს, შედარების ფუნქციაც აქვს, ინახავს პაციენტის წინა კვლევას და ახალ კვლევას ადარებს.
– რამდენად გავრცელებული დაავადებაა ოსტეოპოროზი და რა ზომები შეიძლება მივიღოთ მისი პრევენციისთვის?
– მსოფლიოსა და საქართველოში, 50 წელს გადაცილებული ადამიანიდან ბევრს აქვს ეს დაავადება. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე მამაკაცს აწუხებს ოსტეოპოროზი. პრევენციას რაც შეეხება, დიაგნოზის დასადგენად ან გამოსარიცხად, საუკეთესო სტანდარტი კვლევაა.
დაავადების თავიდან ასარიდებლად და ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებისთვის კი აუცილებელი პირობა ჯანსაღი ცხოვრების წესია. დროის უმეტეს ნაწილს შენობებში, ფიზიკური აქტივობის გარეშე ვატარებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ორგანიზმს ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ჯანსაღი კვებით, ფიზიკური აქტივობით, თუნდაც 10–15 წუთიანი სიარულით. მოგეხსენებათ, მზის სხივები „დ“ ვიტამინისთვისაც მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება მათ, ვისაც უკვე დაუდგინდა ოსტეოპოროზი, საბედნიეროდ, დღეს მედიცინა არ არის უძლური ამ დაავადებასთან, პირიქით, თუ პაციენტი მკურნალი ექიმის დანიშნულებას მიყვება, განმეორებით ვიზიტზე, მას დიდი ალბათობით გაუმჯობესებული მდგომარეობა ექნება. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
(R)
კომენტარები