ხვალ, 12 საათზე, პარლამენტის მორიგი სხდომა გაიმართება და საკონსტიტუციო ცვლილებებს კანონმდებლები კენჭს მეორე მოსმენით უყრიან. იმის გათვალისწინებით, რომ პირველ მოსმენაზე ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ „ევროპული საქართველოს“ 20-კაციანი გუნდის გარეშეც შეძლებს მეორე მოსმენით კანონის მიღებას და გადამწყვეტი 29 ივნისი იქნება, როცა ცვლილებებს კენჭი მესამედ უნდა უყარონ. მმართველი გუნდის ლიდერები იმედიანად არიან, თუმცა…
„უმრავლესობის წევრთა შორის არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ხელისუფლბას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, აშანტაჟებს. ისინი ახლავე ითხოვენ მყარ გარანტიას იმისას, რომ გამსვლელ სიაში იქნებიან. რა თქმა უნდა, მათ ამის პირობას აძლევენ და არწმუნებენ, რომ სიაში აუცილებლად ჩაწერენ, მაგრამ რეალურად, არავის არსად არ ჩაწერენ. ხელისუფლება ბეწვის ხიდზე გადის, საკმარისია ერთი არასწორი ქმედებაც კი, რომ კანონპროექტმა შესაძლოა ჩაილურის წყალი დალიოს. ამიტომ, გუნდის ლიდერები ახლა დაპირებებს უხვად იძლევიან და კანონის მიღების შემდეგ, ამ დაპირებების მოთხოვნას დეპუტატები აუცილებლად დაიწყებენ“, – გვეუბნება წყარო.
ის, რომ უმრავლესობის დეპუტატები სიაში ჩასმას გარანტირებულად ითხოვენ, სხვებმაც დაგვიდასტურეს, ჰოდა, „ალიას“ წყაროს ცნობით, თუ ხვალ „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, დიდი შანსია, ვიღაცებს მწვანე ღილაკზე ხელის დაჭერა „დაავიწყდეთ“. ჰო, ისიც გვითხრეს, არჩილ თალაკვაძე საამისოდ მზად არის და თუ შემთხვევით უარყოფითი შედეგი დაფიქსირდა, კენჭისყრას ბათილად გამოაცხადებს, აქაოდა რამდენიმე დეპუტატს ჩაეძინა და ახლიდან უნდა ვყაროთ კენჭიო. აი, ამ რამდენიმეწუთიან ინტერვალში კი დეპუტატებთან ძალიან გასაგებ ენაზე ძალიან გასაგები მესიჯები მივა, მაგრამ გაჭრის, კი?!..
ანი დვალიშვილი, „ალია“
კომენტარები