ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „საქართველოს ტურიზმის პროფკავშირების“ თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი, „გიდების ასოციაციის“ წევრი, ქეთევან ბურნაძე.
– ქალბატონო ქეთევან, პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ტურიზმის შესახებ, რომლითაც ტურიზმის სფეროში დასაქმებულები უკმაყოფილონი ხართ. კონკრეტულად, რა არ მოგწონთ ამ კანონში?
–1997 წელს, მიიღეს „კანონი ტურიზმის შესახებ“, სულ 2 ფარატინა ფურცელი. ახლა, 2023 წლის დეკემბერში, მიიღეს ახალი, ბევრად მოცულობითი კანონი, 41 გვერდიანი. მომავალში, რამდენადაც ვიცი, კანონქვემდებარე აქტების მიღებასაც აპირებენ. ყველაზე მთავარი ამ კანონში ის არის, რომ ამ კანონში იმდენად გაუგებარი ენით არის ჩანაწერები, თუ კარგად არ ხარ გათვითცნობიერებული და დამხმარე არ გიზის, რომ განგიმარტოს კანონის ესა თუ ის ჩანაწერი, ბევრს ვერაფერს გაიგებ. ვფიქრობ, შეგნებულადაც არის ეს გაკეთებული, რომ რთულად აღქმადი იყოს. კანონზე მუშაობა დაიწყო პანდემიის წინა პერიოდიდან და მასზე მუშაობდა სხვა და სხვა ჯგუფი. ესენი იყვნენ, „გიდების ასოციაცია“, ორი ასოციაცია გვაქვს, ერთი ქუთაისში და მეორე აჭარაში, მათი წარმომადგენლები იყვნენ და „ტურიზმის ალიანსის“. შედეგი რომ დაიდო, ჩვენთვის იყო ძალიან მოულოდნელი. წლების განმავლობაში, როდესაც რამოდენიმე ჯგუფთან ერთად მუშაობ, უნდა ყოფილიყო არაჩვეულებრივი შედეგი, შეჯერობითობის პრინციპით და ქვეყნისა და ხალხისთვის სასარგებლო. კანონს, აბა, სხვა რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს, თუ ქვეყანას და ხალხს არ გამოადგა? მოკლედ, ბოლო პერიოდში განვითარდა ისეთი მოვლენები, რასაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთ–უკრაინის ომის შემდეგ. ადრეც იყო მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ახლა მასობრივი ხასიათი მიიღო. რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული ადამიანების დიდმა ნაწილმა, იოლი ფულის შოვნის საშუალებად ტურიზმს შეაფარა თავი. კონკრეტულად, უცხოელი გიდები და მძღოლები მომრავლდნენ. ჩემი გუშინდელი ტურისტი, დღეს შეიძლება გიდად მომევლინოს, რადგან „კანონი ტურიზმის შესახებ“ ადგილობრივებს არ გვიცავს. დავინტერესდით, რითი შეიძლება გავიმყაროთ პოზიციები, რითი დავიცვათ შელახული უფლებები. აღმოჩნდა, რომ გვაქვს „შრომის კოდექსი“, „კანონი მიგრაციის შესახებ“, და „საგადასახადო კანონი“. მათზე დაყრდნობით შეგვიძლია ხმა ავიმაღლოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და როგორც სამსახურდაკარგულმა ადამიანმა. ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩვენი შექმნილია ეს პროფესია, ჩვენ მოვიყვანეთ ეს სეგმენტი აქამდე, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ყველაზე წარმატებულ დარგად იქცა. შესაძლოა, ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ უცხოელები პირიდან ლუკმას გვაცლიან. ასევე, ხდება თანხები გადინება ქვეყნიდან, რადგან უცხოური ტურ–ოპერატორები უცხოეთში არიან დარეგისტრირებულნი, იქვე ჰყიდიან ტურებს და გადასახადებსაც თავიანთ ქვეყანაში იხდიან. აქ რჩება კაპიკები, რასაც შეჭამენ ტურისტები, სასტუმროს საფასური და უკაცრავად და, ფასიანი ტუალეტით თუ ისარგებლებენ. უცხოელებს და უფრო მეტად რუსები აქტიურობენ ამ მხრივ, ძალიან კარგი წვდომა აქვთ სოციალურ ქსელებთან, ჩვენგან განსხვავებით, ძალიან გაწაფულები არიან. ჩვენ უამრავი დრო, ენერგია და რესურსი გვჭირდება იმისთვის, რომ ამ პროფესიაში გავიზარდოთ. მე დღეს ღვინის ტურიზმის ლექციაზე ვიყავი, 53 წლის ვარ, წლებია ამ სფეროში ვარ და ლექცია–სემინარს არ ვტოვებ, რომ ცოდნა გავიღრმავო. სხვა ქართველი გიდებიც ასე არიან, მუდმივად ესწრაფვიან კომპეტენციის ამაღლებას, ვცდილობთ, ტურიზმის ყველა სფერო ავითვისოთ. მარტო ის ხომ არ არის, რომ ტურისტი რომელიმე ლოკაციაზე წაიყვანო და რაღააც ობიექტი აჩვენო. ეს არის ისტორია, ეს არის კულტურა, ერის ავთენტურობა… ერთადერთი ავტოქტონური ერი ვართ, რომელიც არსაიდან არ მოვედით, ამ მიწაზე გავჩნდით და აქვე განვითარდით. ამას გარდა, რაღაც განსაკუთრებული ქართული გენი გვაქვს. სტუმარ–მასპინძლობის პრინციპიც არის. აქ ჩამოსული რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსულები ტურებს ატარებენ. ირანელი, სპარსი, თურქი და ასევე, ინდუსი სტუდენტებიც ასე იქცევიან, სტუდენტებისთვის ეს დამატებითი შემოსავალია,თუმცა, კანონით, მათ აქ მუშაობის უფლება არ აქვთ, სტუდენტური ვიზა არ იძლევა ამის უფლებას, მაგრამ არავინ დაგიდევთ. სომხეთიდან ჩამოსული გიდები ყვებიან ათას სისულელეს, თურმე უფლისციხე ყოფილა ჩვენთვის ჯოჯოების საშენი და ქართველები ჯოჯოებით ვიკვებებოდით, როდესაც ღვინის გარდა, ხორბლის სამშობლოც ვართ და საქართველოდან გავრცელდა ხორბალი მთელს მსოფლიოში. თქვენ, ალბათ, არ იცით, რომ სოფიკო ჭიაურელი დიდი სომეხი არტისტი ყოფილა, ჯვარი და ატენის სიონი აგვიშენეს. კი, სომეხი გიდები ასე ეუბნებიან სომხეთიდან ჩამოსულ ტურისტებს. ჩვენ გვყოლია გონებასუსტი მეფე ერეკლე, რომელმაც გეორგიევსკის ტრაქტატს ისე მოაწერა ხელი, არ იცოდა, ხელს რაზე აწერდა – ამას რუსი გიდი ეუბნებოდა რუს ტურუსტებს. უკაცრავად და ისევ რუსმა გიდმა უთხრა თანამემამულე ტურუსტებს, რომ ქართველი კაცები ლოთები არიან და ბოზი ცოლები ჰყავთო. ღვინო, ხაჭაპური, ხინკალი და ჭაჭა, მეტი არაფერი გვქონია, მეტი არაფერი იციან ჩვენზე აქ ახლად ჩამოსულებმა, რადგან ამგვარი ინფორმაციები ვრცელდება სოც–ქსელებში. ეს არის ტურისტების წინასწარი განწყობა ჩვენი ქვეყნის შესახებ და მერე, ტურისტებს ასეთივე, უწარსულო ქვეყნად აცნობენ საქართველოს. კულინარიულ და გასტრონომიულ ლაფსუსებზე აღარაფერს ვამბობ, თქვენც კარგად იცით, ხაჭაპურიდან დაწყებული და ხინკლით დამთავრებული, ყველაფერი სომხებისა ყოფილა. ეს უკვე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის პრობლემაა, მათ უნდა მიაწოდონ რეალური ინფორმაცია ქვეყნის შესახებ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. ახლა რას მოიცავს ეს ახალი კანონი და სად მინდა მივიდეთ. უამრავ დაშიფრული ტექსტის მიღმა, ბევრი დისკრიმინაციული მუხლებია. თუნდაც ის, რომ გაურკვეველ კონტექსტშია მოხსენიებული გიდის სტატუსი. მკვეთრად გამოხატული არის, ვის ეკუთვნის ამ ქვეყანაში მუშაობა. ჩვენ პრეტენზია რომ განვაცხადეთ ერთ–ერთ შეხვედრაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარესთან, დავით სონღულაშვილთან, ასეთი რამ გვითხრა–ჩვენ, საქართველო ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ქვეყანა ვართ და სხვაგვარ კანონს ვერ მივიღებდით, ვერ ავუკრძალავდით უცხოელებს საქართველოში ტურიზმის სფეროში მუშაობასო. 3.5 მილიონიანი ქვეყანა ვართ და მომხვდურთა ხარჯზე ხდება ჩვენი გადინება. იცით, რამდენმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და ეს დიდწილად იმის ბრალია, რომ უცხოელებს ჩვენნაირი ან ჩვენზე მეტი უფლებებიც კი აქვთ ამ ქვეყანაში, ამგვარი კანონების ბრალია ეს არნახული მასშტაბის ემიგრაცია. თანაბარ პირობებშიც არ გვაყენებს ეს ახალი კანონი ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს. ჩვენ უნდა დავრეგისტრირდეთ იუსტიციის სამინისტროში, საგადასახადო სისტემაში, ტურიზმის დეპარტამენტს უნდა შევუთანხმოთ ჩვენი ტურები, განაწესი და გრაფიკი უნდა მივაწოდოთ, მიახლოებით უნდა ვუთხრათ ოფიციალურად, შემდეგ წელს დაახლოებით რა რაოდენობის ტურისტი უნდა შემოგვივიდეს, უნდა გადავიხადოთ გადასახადები, უნდა გავიაროთ ნებაყოფლობითი სერთიფიცირება, რისი მომხრეებიც ჩვენ ყოველთვის ვიყავით. გიდი უნდა იყოს სერტიფიცირებული, გიდს უნდა ჰქონდეს საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი, გიდს ტრენინგი უნდა ჰქონდეს გავლილი. კვალიფიციური გიდობა ეს მრავალწლიანი შრომისა და სწავლის შედეგია. გიდის ხელოვნება ერთი მსახიობი თეატრია, მარტო ისტორიის ცოდნა არ კმარა, გიდი უნდა იყოს ფსიქოლოგი, სიტყვაუხვი, მჭერმეტყველი, იუმორის გრძნობა უნდა გააჩნდეს, საჭირო დროს, კონფლიქტოლოგიც კი უნდა იყოს.
–ახალი კანონით, უცხოელ გიდებს რა მოეთხოვებათ? გიდის სერთიფიკატი მაინც ხომ უნდა ჰქონდეთ?
–არაფერი მოეთხოვებათ გარკვეულ ეტაპამდე. ბევრი ვიბრძოლეთ, რომ უცხოელებსაც ის ვალდებულებები ჰქონოდათ, რაც ჩვენ გვაქვს. ვერაფერს მივაღწიეთ.ერთადერთი, კანონში შეიტანეს ცვლილება, რომ უცხოელ გიდებს აქაური სერტიფიკატი უნდა ჰქონდეთ. ვინ იქნებ სერტიფიკატის გამცემი, რომელი ორგანო, ეს არ სწერია კანონში. ვერ მივაღწიეთ იმას, რომ უცხოელებმა გადასახადი გადაიხადონ ბიუჯეტში. სამაგიეროდ, აქ გამომუშავებული ფული მიაქვთ თავიანთ ქვეყანაში. ახლა უკრაინელებმა, რუსებმა, არაბებმა, სპარსებმა, ინდუსებმა იჯარით აიღეს სასტუმროები, ძირითადად თბილისსა და ბათუმში და იმ სასტუმროებში აჩერებენ თავიანთი ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს. შესაბამისად, ტურისტების მიერ სასტუმროებში გადახდილი ფულიც მათ რჩებათ და გადის ქვეყნიდან, ეს სასტუმროები უცხოეთში დარეგისტრირებულ იურიდიულ ფირმებს აქვთ იჯარით აღებული. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სასტუმროების ეს დროებითი უცხოელი მფლობელები გადასახადებს მალავენ. ხურავენ ნომრებს, ბუქინგზე ჩაკეტავენ ნომრებს, სიტყვაზე, 50 ნომრიანი სასტუმროდან 10 ნომერი დარჩება ღია და ვითომ მარტო ეს 10 ნომერი მუშაობს. რელურად, სასტუმრო სრულად არის დატვირთული, მაგრამ დანარჩენი ნომრები ვითომ ჩაკეტილია და იქიდან მთლიან შემოსავალს ჯიბეში იდებენ, გადასახადებსაც არ იხდიან, რადგან არსად ფიქსირდება, რომ ეს ნომრები მუშაობს. ამის მინიტორინგი არ ხდება ჩვენთან, რამდენი ნომერი მუშაობს და რამდენი – არა. მერე, კიდევ ერთი პრობლემაა რუსულ ნომრიანი და თურქულ ნომრიანი მანქანები, რომელთაც ტურისტები გადაჰყავთ. ჩვენმა მძღოლებმაც დაკარგეს ნიშა. არადა, ჩვენმა მძღოლებმა გადასარევად იციან საქმე, უმაღლესი დონის ქცევის კულტურა გააჩნიათ, ჩაცმის კულტურა, ყველა ლოკაცია იციან, ყველა გზა იციან. თუ მანქანა ფუჭდება, ავტობუსით დაწყებული და სედანით დამთავრებული, 15 წუთში მანქანა ისე იცვლება, ტურისტი ვერ გრძნობს, მძღოლები ერთმანეთს ეხმარებიან. გიდებიც ვეხმარებით. ჩვენ ამას „ერთგულების ჯაჭვი“ დავრქვით. ეს ურთიერთობა იშლება. არადა, ხომ აკრძალულია უცხო ქვეყნის ნომრიანი მანქანით ტურისტების გადაყვანა, მაგრამ გადაჰყავთ. ამის მოგვარება უპრობლემოდ შეიძლება, დადგნენ საპატრულო ეკიპაჟები ჯვრის მონასტერთან, სვეტიცხოველთან და დააჯარიმებენ ავტომფლობელებს. ეს ერთი მხარეა და ზოგადად, ყველა უცხოელ ტურ–ოპერატორს თავისი მძღოლები ჰყავს. ბევრი მძღოლი დარჩა უმუშევარი. ახლა ინდუსებმა, თურქებმა, არაბებმა და სხვა მომხდურებმა ბიუროები შექმნეს და ჩვენს მძოლებს დაბალ ფასად ქირაობენ. რა ქნან? უმუშევრები ხომ არ დარჩებიან? მიდიან და მუშაობენ. გარეული მოვიდა და შინაური გააგდოო, ზუსტად ეგრეა საქმე ტურიზმის სფეროში, გიდებთან და მძღოლებთან დაკავშირებით. ერთმა არაბულმა კომპანიამ, რომელსაც აღმშენებლის გამზირზე აქვს ოფისი, 32 “სპრინტერი“ და 40 მინი–ვენი შეიძინა და აქტიურად მუშაობენ. უკვე თავისიანებს ეპატიჟებიან არაბებიც, სხვა უცხოელებიც აქ სამუშაოდ.არადა, 100 დღიანი ვიზით მუშაობის უფლება არ აქვთ და მაინც მუშაობენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკას რომ დავეყრდნოთ, 2023 წლის პირველ კვარტალში, 1 მილიონ 200 000 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა საქართველოში. ჯერ ნაკლებსავარაუდოა, რომ პირველ კვარტალში ამდენი ვიზიტი განხორციელებულიყო, მაგრამ მზარდი მრუდი რომ გამოვიყენოთ, ეს სადღაც 8–9 მილიონი ტურისტია წელიწადში. ამდენი ტურისტი საქართველოში არ ყოფილა 2023 წელს და თუკი ყოფილა, ჩათვლეთ რომ მათმა 2/3–მა, როგორც მე დავარქვი, „მომხვდური გიდების“ ხელში გაიარა. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ჩვენი კულტურისა და ისტორიის დამახინჯება და თან ფულის გადინება ქვეყნიდან? კარგი, დავუჯერეთ, რომ 8–9 მილიონი ტურისტი იყო შარშან საქართველოში. თუ ასეა და მერე ეს ვისი დამსახურებაა? ჩვენი ხომ არა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა, რომლებიც უმაღლეს დონეზე ვემსახურებით ტურისტებს? ჩვენი გიდებისა და მძღოლების დიდი წვილი ხომ არ არის ამაში? ამაზე არავინ ლაპარაკობს.
– ტურიზმმა შექმნა საშუალო ფენა საქართველოში, ამ ფენის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ტურიზმშია დასაქმებული. ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს ამ მეტ–ნაკლებად აწყობილი სფეროს დანგრევა?
–ვფიქრობ, გამსხვილებისკენ მიისწრაფვიან, სურთ, ალაგდნენ მცირე ტურისტული კომპანიები. ეს ტენდენცია შეინიშნება ქვეყანაში, დეველოპერები მსხვილდებიან, პატარ–პატარა მაღაზიები გაქრა და სუპერმარკეტების ქსელებმა აითვისეს, იგივე თითქმის სააფთიაქო სფეროზე, სადღაა პატარა აფთიაქები. ალბათ, ეს ვიღაცების ინტერესებში შედის, ამას ვვარაუდობთ. წლების განმავლობაში არ გვისმენდნენ და ბოლოს დადეს მკვდრადშობილი კანონი. იმით აპილირებენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის რეკომენდაციით დაიწერაო. ეს არავინ დაიჯეროს, ევროპის ქვეყნებში არ ხდება ასე. მეგობრები გვყავს უცხოეთში, მოვიძიეთ და მაგალითად ჩეხეთში, თუ იქური ლიცენზია არ გაქვს და გიდად მუშაობ, 3000 ევროა ჯარიმა და ქვეყნიდან გადეპორტებენ. მერე, ყველა ევროპულ ქვეყანაშია კანონი, უნდა იცოდე იმ ქვეყნის ენა, სადაც გიდად მუშაობ, სხვაგვარად ლიცენზიას ვერ აიღებ. იგივე რეგულაციებია მძღოლებზე. აქ ქართული არ იციან მომხდურმა მძღოლებმა, არ იციან შემოვლითი გზები, არ იციან სად ამკრძლავი ბანერია, სად არ შეიძლება წასვლა, სად არის კლდის თუ მიწის ჩამონაშალი, სად რა შესაძლო საფრთხეა და იმ ტურისტებსაც საფრთხეში აგდებენ. არც ამ ახალი კანონით ევალებათ მძღოლებს ენის ცოდნის ვალდებულება. ეს კანონი ყველასთვის კარგია, გარდა ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ყველას ათავისუფლებს ყველანაირი ვალდებულებისგან და ჩვენ გვრჩება ყველა ვალდებულება, რაც აქამდე გვქონდა. ეს არის დისკრიმინაციული კანონი და დისკრიმინციის მსხვერპლნი, უცხო ქვეყნების მოქალაქეთა წახალისების ხარჯზე, ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები. ცოტა ისიც გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო წელია და იფიქრონ ქართველ ამომრჩეველზე.
–რამდენი ხართ ტურიზმში დასაქმებული გიდები და მძღოლები?
–სადღაც 15 ათასამდე მძღოლიან–გიდიანად.
–თუ არაფერი შეცვალა ხელისუფლებამ თქვენს სასიკეთოდ, მინიმუმ, მაგ ხლხის 80% არ მისცემს ხმას არჩევნებზე, მე ასე მგონია.
– რა თქმა უნდა, თითოეული გიდისა და მძღოლის უკან ოჯახი დგას, მეგობრები, ნათესავები დგანან, ვისაც ეხმარებიან. მე 2–3 ოჯახს ვინახავ და ბევრია ჩემსავით. როგორ შეიძლება, იღებ კანონს, რომელიც აზარალებს შენს მოქალაქეებს, ბიუჯეტს და უცხო ქვეყნის მოქალქეების ინტერესებს არგებ. ამას აკეთებ, ფაქტიურად, საარჩევნო წელს. არც ხალხის მოკეთე გამოდიხარ, არც ქვეყნის და არც იმ პარტიის თუ ხელისუფლების, რომელსაც ემსახურები. დიდის ამბით გვეუბნებიან, თქვენ, გიდები ამ ქვეყნის ელჩები ხართ. თუ ელჩები ვართ, მაშინ გაგვიშვი და გვამასპინძლებინე, არაბი, სპარსი, რუსი, ინდუსი და უკრაინელი ვის გაუგია საქართველოს ელჩად? ამახინჯებენ საქართველოს ისტორიას, საშინელ ამბებს უყვებიან ქართველებსა და საქართველოზე.
–„კანონი ტურიზმის შესახებ“ სამ სხვა კანონს ეწინააღდეგება და შესაბამისად, ანტიკონსტიტუციურია. არ აპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, რომ კანონის მოქმედება შეჩერდეს და ახალი, ნორმალური კანონი მიიღოს პარლამენტმა?
–თუ კარგი კონსტიტუციონალიტი დაგვიდგა გვერდში, გავასაჩივრებთ. 3–4 თვის წინ შევქმენით „ტურიზმის პროფკაშირი“. რომელიც ტურიზმში დასაქმებულ ყველა სეგმენტს აერთიანებს. პროფკავშირები ძლიერი ბერკეტი იქნება ჩვენი ინტერესების დასაცავად, რაც თავისთავად ნიშნავს, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვას მომხდურისაგან. იმის იმედიც გვაქვს, რომ იქნებ კანონქვემდებარე აქტებით გავაკეთილშობილოთ ეს ახალი კანონი და მეტ–ნაკლებად მისაღები გახდეს ჩვენი მოქალაქეებისათვის. აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს. ამბრძოლის წაგება ნიშნავს, რომ ჩვენც ემიგრაციის ტალღას უნდა შევუერთდეთ. უკან დასახევი გზა არ დაგვრჩა, უკან ნაბიჯს არ და ვერც გადავდგამთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ და არ გავჩერდებით!!!
კომენტარები