გიორგი ჯავახაძე
„ალიას“ ესაუბრება ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, რომელსაც, გასაგებ მიზეზთა გამო, ვინაობის გამხელა საჯაროდ არ სურს:
„ბევრმა დაივიწყა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციას წინ უსწრებდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც პრინციპში იგივე ეწერა, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაში, ოღონდ ევროპარლამენტის რეზოლუცია ეწყინათ და ევროკომისიის – არა, ევროპარლამენტის რეზოლუციამ შეურაცხყოფა მოგვაყენაო და თუ ასე გაგრძელდება, ფარდას ავხდით ვიღაცებს და რაღაცებსო, პრემიერმა, თუმცა, ევროკომისიის დასკვნის მერე მიჩუმდა – მაინც რა წერია განსხვავებულად ევროკომისიის რეკომენდაციაში?
ევროპარლამენტის რეზოლუცია:
„შეშფოთებას გამოვხატავთ იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშობს, ასევე მის მიერ ხელისუფლებასა და მის გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის, ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას ეხება. ასევე კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნესკავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი განიხილონ იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში ითამაშა“.
ევროკომისიის რეკომენდაცია, სადაც საუბარია, იმ პირობებზე, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, თუ უნდა კანდიდატის სტატუსი:
„განახორციელოს “დეოლიგარქიზაციის” ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სფეროებში დაინტერესებული მხარეების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით.“
თქვენც ხედავთ, ალბათ, განსხვავებას – დიახ, განსხვავებაა სახელი და გვარი, პირველ დოკუმენტში სახელი და გვარი წერია და მეორეში – არა. არ წასულა სალომე ზურაბიშვილი ტყუილად, როგორც ჩანს, ამერიკასა და ბრიუსელში, ამიტომაც ჩამოვიდა, როგორც ჩანს, ჰონორით, ამიტომაც დაახურა ღარიბაშვილსა და კობახიძეს თავზე – ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი გაქრა დოკუმენტიდან. შესაბამისად, ოცნებას დარჩა მანევრი კიდევ ერთი ფეიკის გასავრცელებლად, თითქოს – ევროკომისია არ გულისხმობდა ოლიგარქ ბიძინას და გულისხმობდა ყველა ბიზნესმენსს, ვინც პოლიტიკაშია. არადა, ოლიგარქი ისაა, ვისაც სახელისუფლებო შტოებზე აქვს გავლენა, ვისაც პოლიტიკასა და ეკონომიკაზე თავისი პირადი ინტერესების შესაბამისად აქვს გავლენები. ვის აქვს ივანიშვილის გარდა ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე გავლენა? – არავის! ბიძინას შეუძლია ერთი თითის დაქნევით დაითხოვოს ქვეყნის პრემიერი – რომელ ბიზნესმენს შეუძლია იგივეს გაკეთება? – ცხადია, არც ერთს. შესაბამისად, თუნდაც ეს მოკლე და უსახელო ჩანაწერი რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე გავლენების მქონე ოლიგარქს გულისხმობს, ეს ყველამ იცის ევროპარლამენტში და ამ ჩანაწერიდან ივანიშვილის სახელი მხოლოდ იმიტომ გაქრა, რომ „ოცნებას“ მანევრის საშუალება ჰქონოდა, შიდამოხმარებისთვის, თავისი ამომრჩევლისთვის.
მქონდა იმედი, რომ კანდიდატის სტატუსს კონკრეტული პირობებით მოგვცემდნენ და 24 ივნისამდე ამ იმედს მაინც შევინახავ, რადგან, თუ ასე არ მოხდა, ჩვენ მოჯადოებულ წრეზე ვრჩებით – როგორ მოვახდენთ დეოლიგარქიზაციას? შევუვარდებით ხალხი ივანიშვილს და გამოვათრევთ იმ თავისი სასახლიდან? რევოლუციას მოვაწყობთ? არ დათმობს ივანიშვილი სისხლისღვრის გარეშე – ეს რუსეთთან ომი არ უნდა ოცნებას, თორემ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სამოქალაქო ომზე წამსვლელია – მაგრამ, ვინაა დღეს საქართველოში რევოლუციის მომწყობი? ის ხალხი ოპოზიციიდან, რომელთა ოჯახებს ბიზნესი აქვთ და ბიძინას ფინანსური პოლიცია არ ეხება, თუ ის ხალხი, რომელთა ოჯახებს რუსული ფული ერიცხება?
ვინ უნდა მოაწყოს რევოლუცია? ოპოზიციამ, რომელსაც ორი ლიდერი დაუჭირეს და ერთი ნორმალური აქცია ვერ გამართა?
ისეა ახლა ოცნება გახარებული რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ისეთი ბედნიერი სახეებით ჰყვებიან ზღაპრებს, რომ შეიძლება ხვალ რუსეთთან მიერთებაც გამოაცხადონ, კი აღარ უნდა გაგვიკვირდეს. ბოლომდე იბრძოლეს, რომ არ მიგვეღო სტატუსი, რა არ დააბრალეს ევროპარლამენტარებს, რა სიტყვებით აღარ მოიხსენიეს, პროსახელისუფლებო ძალებს ევროკავშირის დროშები დააწვევინეს… ორი გზა გვაქვს სულ, ან ევროკავშირი, ან რუსეთი და თუ ევროკავშირი არ უნდათ, ხომ ცხადია ვინ და რა უნდათ? ოცნების მომხრეებს, პროსახელისუფლებო ჟურნალისტებს და ექსპერტებს უკვე დააწერინეს, დსთ სჯობს ევროკავშირსო! ნეიტრალიტეტიც სჯობს ევროკავშირსო! რომელიმეს გაკეთება მართლა თუ გაბედეს, მერე ოპოზიციას ვინ დაეკითხება, გამოვა ხალხი და მეორე მხარეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებში ვინაა? ივანიშვილი, ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური, ლილუაშვილი – როგორ გგონიათ, აქედან რამდენი მიიღებს ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას? – ყველა, თვალსაც არ დაახამხამებენ ისე! ამას დამატებული ალტ-ინფო, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ ხალხისგან დასაცავად შექმნილი “სპეც. რაზმია”.
ეს არის ერთი სცენარი და მეორე სცენარია ის, რომ ვრჩებით ბიძინას და რუსეთის ხელში! 2024 წლამდეც, 2024 წლის მერეც, მეტნი გავრბივართ ქვეყნიდან და დარჩენილთათვის კიდევ უფრო მეტად აუტანელი სიტუაცია იქმნება.
თქვენ მკითხეთ საუბრის დასაწყისში, რა მოხდება, თუ იმ პირობებს შევასრულებთ რა ევროკომისიამ დაგვიწესა? ვინ უნდა შევასრულოთ ეს პირობები? მე და თქვენ? თქვენ მეზობელს უნდა სასამართლო რეფორმა, მაგრამ მიუშვებს ვინმე და გამოასწორებინებს? ჩემ მეგობარს უნდა 5 ივლისის ორგანიზატორთა დასჯა, მაგრამ მას ვინ მისცემს ამის კანონიერ უფლებას? სწორედ ამიტომაა ყველა ტვირთი ხელისუფლებაზე, რადგან ყველა ბერკეტი მათ ხელშია, მათ შეუძლიათ, ან გააკეთონ, არ არ გააკეთონ! ხელისუფლება კი თავის მხრივ ივანიშვილის ხელშია! ამდენი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ღიად გვაჩვენებენ, რომ არაფრის უკეთესობისკენ შეცვლა არ სურთ! ევროკომისიის რეკომენდაციიდან რამდენიმე საათში, კობახიძე გამოვიდა და ბრძანა, ოლიგარქში ივანიშვილი არ უგულისხმიათო, თითქოს ივანიშვილის გარდა, რომელიმე ბიზნესმენისგან კიდევ იღებდეს მითითებებს… რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, ჩვენ მაგ პირობებს ისედაც ვასრულებთო! ანუ, ევროკომისიაც სულელია, თურმე, ის დაგვავალა, რაც უკვე გავაკეთეთ? ორი წელია სასამართლო რეფორმას აკრიტიკებს ევროპა და კობახიძე პასუხობს დღეს, სასამართლო რეფორმას ისედაც ვაკეთებთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და არაფრის შეცვლას არ ვგეგმავთო!
კობახიძემ ღიად დააფიქსირა რომ ევროკომისიის პირობების შესრულებას არ გეგმავს „ქართული ოცნება“!
სხვათა შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციის განხილვისას, ევროპარლამენტარებმა ისიც წამოგვაძახეს, თქვენი მთავრობა იძახის რომ ჩვენი დაწესებული სანქციები სისულელეაო! ესენი კი, მაინც აგრძელებენ მტკიცებას, ირგვლივ ყველა სულელია, ჩვენი და რუსეთის გარდაო!
ეს არის ჯადოსნური წრე – ევროკომისია გვიყენებს პირობებს, „ოცნება“ ამ პირობებს არ ასრულებს, პირობების შესრულების გარეშე არ მიგიღებთო გვეუბნებიან, გვეუბნებიან ღიად, ოლიგარქი მოიცილეთო და როგორ უნდა მოვიცილოთ, არავის აქვს ამის ფორმულა! თუ ნამდვილად სურს დასავლეთს მოვიცილოთ ოლიგარქი, დაუწესოს სანქციებიო, ამბობენ, მაგრამ ბიძინა ძალაუფლების გამო რაზე მიდის და ფულის გამო რაზე წავა, წარმოგიდგენიათ? მართლა დაიწყებს ომს, პირდაპირი გაგებით. ორი რამის იმედი მაქვს, ერთი ის, რომ რუსეთი ისე დასუსტდება ამ ომის მერე, რომ ჩვენი თავი არ ექნება და მეორე – ვფიქრობ, დასავლეთს, კონკრეტული გეგმა ექნება საქართველოსთვის. ჩვენ თუ ვხედავთ ამ მოჯადოებულ წრეს, ისინიც ხომ დაინახავდნენ? ამ გეგმაში თავიანთი როლები აქვთ გვარამიასა და სააკაშვილსაც! როცა დასავლეთი, ქვეყნისგან, რომელსაც აფინანსებს რაღაცა კონკრეტულს ითხოვს, მას ყოველთვის იღებს, ისე არ ითხოვს. რაკი ეს ორი გვარი მოხვდა სიაში კონკრეტულად, ესე იგი, მათ კონკრეტული როლები ექნებათ. ასე არ აპატიეს გირგვლიანის საქმე სააკაშვილს და ასე არ აპატიებენ ლაშქარავას საქმეს ამ ხელისუფლებას. გვარები, რომლებიც მოხვდა ევროპარლამენტის რომელიმე რეზოლუციაში, რომელიმე დასკვნაში, ან ანგარიშში, არ დავიწყებიათ, ასევე ახსოვთ ბრიუსელში, მურუსიძეზე და ჩინჩალაძეზე როგორ ჩაჰქონდა მტკიცებულებები „ოცნებას“ და ამიტომაც ვერ და არ პატიობენ ახლა მათ აღზევებას. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს თავისი როლი დასავლეთის გეგმაში ექნება, მას ხელისუფლებაში აღარავინ მიუშვებს, შესაბამისად, „ოცნების“ ნარატივი, რად მინდა ევროკავშირი, რომელიც მიშას მიბრუნებს მთავრობაში და მოდი, ბიძინას მთავრობით წავალ რუსეთთან – ისევ და ისევ დიდი ტყუილია.
ხო, იმასაც ვიტყვი, რომ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები თანხას აგროვებენ აქციისთვის, ერთი აქციის ორგანიზება თავისი სახსრებითაც შეუძლიათ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი და ერთჯერადი აქცია და თან, ვინმემ, ოდესმე რომ იკითხოს, ვისი ფულით იმართება აქცია, თავისუფლად იტყვიან, რომ ხალხის ფულით…
რა სცენარზეც ვსაუბრობ, გარკვეულწილად საფრთხის შემცვლელია და არეულობაზეც წავა ივანიშვილი, რადგან არავის გვჯერა, რომ ბიძინას სკამის დათმობა საკუთარი სურვილით შეუძლია, მაგრამ ამ ჭაობში ყოფნა უკვე გაუსაძლისია და სამწუხაროდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს სცენარი ახლა საუკეთესო ვარიანტია, თუ არ გვინდა, საბოლოოდ ჩავცვივდეთ პუტინის ხელში!“
კომენტარები