პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიცია შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყო. როგორც მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” თქვა, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ხელისუფლების ოპონენტებმა დეტალურად გაიარეს შარლ მიშელის 6-პუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი და განიხილეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო:
“დოკუმენტი შეთანხმებული არ იყო და უნდა შეთანხმებულიყო “ქართულ ოცნებასთან”, მაგრამ ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან. გავიარეთ ყველაფერი ძალიან დეტალურად, რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან.. საღამოს, მე არ ვიცი, რა მოხდა იმ შეხვედრაზე, მაგრამ ძალიან საყურადღებო იყო, რომ “ოცნებამ” დაგვიანონსა, რომ მოლაპარაკებები შეწყდა და პრემიერის ბრიუსელიდან დაბრუნებამდე არ გაგრძელდებოდა.. რამდენიმე წუთში კი ბატონი დანიელსონი გამოვიდა და თქვა, რომ რჩებოდა და მოლაპარაკება ხვალ გაგრძელდებოდა. პირდაპირი წინააღმდეგობა დაფიქსირდა “ოცნებისა” და ევროკავშირის გზავნილს შორის“
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონისა და “ქართული ოცნების” მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დანიელსონის ვიზიტი დასრულდა და “მოლაპარაკებები გაგრძელდება ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ”. რამდენიმე წუთში კი სპეციალური ბრიფინგი გამართა კრისტიან დანიელსონმა და საზოგადოებას ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივება შეატყობინა.
კომენტარები