ანი დვალიშვილი, ალია
ამასობაში, ოპოზიციამ 15 მაისის შტაბი შექმნა. ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ – ოპოზიციას ყველაზე მეტად არ სურს 15 მაისის აქციის ჩატარება, რადგან არ აქვს იმედი, რომ ორი თვით ადრე დაანონსებულ აქციაზე საჭირო რაოდენობის ხალხი მიუვა. ამიტომ, ისინი აქცენტს დასავლეთზე აკეთებენ, ნაცნობ-მეგობარ ევროპარლამენტარებს ზეწოლის გაძლიერებას სთხოვენ და… აკი წამოსცდა კიდეც ნინო ბურჯანაძეს, იმედია, 15 მაისისთვის ქვეყანაში სტაბილური ვითარება იქნება კოვიდ-მიმართულების მხრივო. ანუ, ოპოზიცია მიზეზს ეძებს საიმისოდ, რომ როგორმე აქცია არ დასჭირდეს და ხელისუფლება კიდევ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 15 მაისს ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდეს და კიდევ ერთხელ დაინახოს ყველამ, რომ მათ ადამიანური რესურსი უბრალოდ არ გააჩნიათ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებით, რატომ აკეთებს აქცენტს ოპოზიცია პოლიტიკაზე და არა სოციალურ ფონზე. ხომ ცხადია, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ახლა სწორედ სოციალური მდგომარეობა უფრო აწუხებს, ვიდრე ის, ვინ შევა პარლამენტში და ვინ დარჩება გარეთ.
„ოპოზიციის ერთიანობას დიდი ხანია წყალი შეუდგა და ნიკა მელიას ციხეში ყოფნის პირობებში, ლიდერობა ვერავინ ვერ აიღო საკუთარ თავზე. არ ყოფილა მარტივი, გაერთიანებულ ოპოზიციაში გამორჩეული იყო და უგულავას, ბაქრაძის, ბოკერიას, სამადაშვილის და ბურჯანაძის ხათრით, ქუჩაში მასა ნამდვილად არ გამოვა. იმედი ისევ მიხეილ სააკაშვილსა და მის მოწოდებებზეა. ალბათ, მიშა კიდევ ერთხელ არ იტყვის, ჩამოსვლას ვაპირებო. მან უბრალოდ ფონი უნდა შექმნას საპროტესტო, უნდა იაქტიუროს სოციალურ ქსელში, სხვაგვარად, 15 მაისს 10 ათასი კაცის მოგროვებასაც კი დიდი კითხვის ნიშანი აქვს დასმული“, – გვეუბნება „ნაცმოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
მანამდე კი, 9 აპრილი და გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ მიერ დაანონსებული აქციაა. კონკრეტულად ვერავინ ამბობს, რა უნდა „უცნობს“, მაგრამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ის კვლავ რომ შეეცადოს, გასაკვირი არ იქნება. ისიც გავიხსენოთ, რომ ძმები გაჩეჩილაძეები გიორგი კვირიკაშვილის უახლოესი მეგობრები არიან და ექსპრემიერი კი ბოლო კვირის განმავლობაში, ტელეკამერებთან არაერთხელ გამოჩნდა. ჰოდა, „უცნობის“ აქციაზე კვირიკაშვილი რომ გამოვიდეს სიტყვით, ნუ გაიკვირვებთ.
კომენტარები