მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე:
რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, ახლა შვილები და ქმარი რომ წაართვა მეწყერმა. იმ ქალს – მათთვის წასულს უცხო ქვეყანაში და მათ საგლოვად ჩამოსულს. უძალოა ყველა ეგეთი შემწე და იმთავითვე განწირული. შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა.
კომენტარები