ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი:
„მოკლე ინფორმაცია მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით, რაზეც ამჟამად ბევრი კითხვაა.
ეს არ არის ახალი ინფექცია, ადრეც იყო, თუმცა დაავადება იშვიათი იყო და შემთხვევები ან აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირდებოდა, ან ერთეული შემთხვევები აფრიკის კონტინენტის გარეთ, რომლებიც ყოველთვის უკავშირდებოდა აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს.
რაც შეეხება ამჟამინდელ აფეთქებას, რომელიც დაიწყო 13 მაისიდან, საყურადღებოა ის, რომ შემთხვევები რეგისტრირდება ევროპაში, აშშ-სა და კანადაში და ისინი არ უკავშირდება აფრიკაში მოგზაურობას ან იმპორტირებულ ცხოველებს. დღემდე დაფიქსირებულია 92 დადასტურებული და 28 საეჭვო შემთხვევა 12 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა). აფრიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კონგოში (1 იანვრიდან 1 მაისამდე 1238 შემთხვევა).
სადღეისოდ არ ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში და ამერიკაში ლეტალური შემთხვევების შესახებ, თუმცა ზოგადად, დაავადების ლეტალობის მაჩვენებელი ერთ-ერთი შტამისთვის არის 3.6%, ხოლო მეორე შტამის – 10.6%.
დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში.
სიმპტომები გავს ყვავილის სიმპტომებს, თუმცა უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენიმე დღეში ვითარდება ფუფხები და ცვივა.
გადაცემა სიმპტომური ადამიანიდან ხდება წვეთების და სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხესთან მჭიდრო კონტაქტის გზით. ინკუბაციური პერიოდია 6-13 დღე (შეიძლება 21 დღემდეც).
დიაგნოსტიკა ხდება PCR მეთოდით. გადამტანად გვევლინება მღრღნელები და პრიმატები.
დაავადება პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს მაიმუნებში და სახელწოდებაც აქედან მოდის. 1970 წელს პირველად გამოვლინდა ადამიანის შემთხვევა კონგოში“
კომენტარები