ტექნოლოგიების განვითარება ბევრ სფეროს აძლევს წარმოუდგენელ შესაძლებლობებს. მედიცინისთვის თანამედროვე, ინოვაციურ ტექნოლოგიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არაერთი ახალი ტექნოლოგიის დანერგვით უფრო მეტ ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
დროული დიაგნოსტირება კი მნიშვნელოვანია მკურნალობის დროულად დასაწყებად, ისევე, როგორც უმნიშვნელოვანესია დიაგნოსტირება იყოს ზუსტი.
თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატი, GE LOGIQ Fortis, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში გამოიყენება, მისი შესაძლებლობები მედიცინაში კიდევ ერთ ახალ სიტყვას ამბობს. გაუმჯობესებული ხარისხი და მკვეთრად შემცირებული შეცდომის რისკი ექიმს საშუალებას აძლევს ადრეულ ეტაპზევე გამოავლინოს პათოლოგია.
კიდევ ერთი და მთავარი დეტალი – აპარატი ინახავს ინფორმაციას პაციენტების წინა ვიზიტებიდან. განმეორებითი კვლევისას, ადარებს ძველ და ახალ მონაცემებს, რაც საშუალებას იძლევა, მცირე ცვლილებაც კი არ დარჩეს შეუმჩნეველი.
დეტალურად ამ თემაზე “ალიას“ ესაუბრება ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, რადიოლოგი, ათწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ნინო ღამბაშიძე.
– რამ გადაგაწყვეტინათ დაუფლებოდით ასეთ რთულ, მუდმივად განახლებად პროფესიას?
– ბავშვობიდანვე ვგრძნობდი მედიცინისადმი ინტერესს და მასთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებით გატაცებას. რადიოლოგია ორივე ინტერესს აერთიანებდა. მასში მუდმივად სიახლეების აღმოჩენა და მათი პრაქტიკაში გამოყენება ხდება, რაც პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას მაძლევს. ყველაზე მეტად ამ პროფესიის დადებითი მხარე არის ის, რომ ზუსტი დიაგნოსტიკით ვეხმარებით პაციენტებს, რაც ხშირად სიცოცხლის გადარჩენასაც ნიშნავს.
– რამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატების გამოყენება ულტრაბგერითი კვლევის დროს?
– თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აპარატების გამოყენება ულტრაბგერითი კვლევის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის, ზუსტ და სწრაფ დიაგნოსტიკას. ეს აპარატები აერთიანებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც აუმჯობესებენ გამოსახულების ხარისხს და ამცირებენ შეცდომის შანსს. ასეთ აპარატებზე მუშაობა ექიმს საშუალებას აძლევს ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს პათოლოგიები, რაც ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს.
– რა უპირატესობებით და მახასიათებლებით გამოირჩევა უახლესი თაობის GE LOGIQ Fortis აპარატი?
– LOGIQ Fortis ბოლო თაობის ექსპერტული კლასის აპარატია, რომელშიც ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი (AI). GE LOGIQ Fortis გამოირჩევა რამდენიმე უპირატესობით და მახასიათებლით. ერთ-ერთი მათგანი მისი მაღალი რეზოლუციის გამოსახულებებია, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს უფრო დეტალურად და ზუსტად გამოიკვლიონ პაციენტის ორგანოები და ქსოვილები. აპარატს აქვს გამარტივებული ინტერფეისი და პროგრამული უზრუნველყოფა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მისი გამოყენებას ყოველდღიურ პრაქტიკაში. ამასთანავე, აპარატი აღჭურვილია მონაცემთა დაცვის და კიბერუსაფრთხოების სისტემით. დამატებით, LOGIQ Fortis ინახავს პაციენტის წინა ვიზიტის მონაცემებს, რაც ექიმს საშუალებას აძლევს მარტივად შეადაროს ახალი და ძველი შედეგები. აპარატი მოიცავს დამატებით ფუნქციას, როგორიცაა Shear wave ელასტოგრაფია და UGAP-ი, რაც დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფს,
– რამდენად უსაფრთხოა ულტრაბგერითი კვლევა ამ ახალი აპარატით?
– ულტრაბგერითი კვლევა არაინვაზიური კვლევის მეთოდია და აბსოლუტურად უსაფრთხოა. GE LOGIQ Fortis არის სრულიად უსაფრთხო პაციენტებისთვის. ულტრაბგერითი კვლევა არ იყენებს რენტგენის სხივებს, რაც მას უპირატესობას ანიჭებს სხვა კვლევასთან შედარებით, როგორიცაა რენტგენი ან კომპიუტერული ტომოგრაფია.
– სხეულის რა ზონების კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი და რა დაავადებების გამოვლენა შეიძლება მოხდეს ამ აპარატით?
– GE LOGIQ Fortis საშუალებას იძლევა ჩატარდეს ფარისებრის, სარძევე ჯირკვლის, მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, ელენთა), საშარდე სისტემის (თირკმელები, შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი), გინეკოლოგიური (აბდომინური და ვაგინალური), ლიმფური კვანძების, რბილი ქსოვილების, სახსრების გამოკვლევა და ა.შ.
აპარატის დახმარებით შესაძლებელია მრავალი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, მათ შორისაა ონკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და თირკმლების, ასევე გინეკოლოგიური პათოლოგიები და სხვა.
–დამატებით რის საშუალებას აძლევს სპეციალისტს GE LOGIQ Fortis-ის გაზრდილი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები და უახლესი ფუნქციები, როგორიცაა Shear wave ელასტოგრაფია და UGAP-ი?
–Shear wave ელასტოგრაფია არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს ქსოვილის ელასტიურობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნეების და ღვიძლის დაავადებების გამოვლენისთვის. Shear Wave Elastography ღვიძლის სიმკვრივის განსაზღვრის არაინვაზიური, უმტკივნეულო და სწრაფი კვლევის მეთოდია, რომელიც გამოიყენება ღვიძლის ფიბროზის ხარისხის (F0-F4) დასადგენად.
როგორც აღვნიშნეთ, Logiq fortis-ს გაზრდილი აქვს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები ახალი ფუნქციებით, რომლებიც ორიენტირებულია ღვიძლის დაავადების მართვაზე. ეს გახლავთ UGAP – ულტრაბგერითი მართვადი შესუსტების პარამეტრი, რომელიც გამოიყენება ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მქონე პაციენტებში სტეატოზის რაოდენობრივი განსაზღვრის და ხარისხის შესაფასებლად (S1-S2-S3). გარდა ამისა, აპარატს აქვს შესაძლებლობა მონაცემთა შენახვის, რაც ექიმს საშუალებას აძლევს მარტივად შეადაროს ახალი და ძველი შედეგები. ეს ფუნქციები ერთად უზრუნველყოფს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და პაციენტისთვის სანდო შედეგებს.
-რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის ადრეული დიაგნოსტირება? რა რისკებს აცილებს თავიდან?
–ადრეული დიაგნოსტირება პაციენტებისთვის ძალიან, ზოგჯერ კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადებები უფრო მარტივად და სწრაფად იკურნება, რაც თავიდან აცილებს პაციენტებს სერიოზულ გართულებებს. მაგალითად, სიმსივნის ადრეული დიაგნოსტირება ზრდის განკურნების შანსებს და ამცირებს მეტასტაზების განვითარებას.
(R)
კომენტარები