თამო კეშელავა
„ალიას” ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და ვინაობის გამჟღავნება, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს.
მიშამ ამერიკის პრეზიდენტს, ბაიდენს მიმართა წერილით და ეს წერილი უცხოურმა პრესამ უკვე შეაფასა როგორც მინიმუმ, უტაქტო გზავნილად. კი, ეს წერილი მართლაც საკმაოდ მკვახეა, მაგრამ მერე რა? ვინ გამოიყენებს მას? „ქართული ოცნება“? – არა, „ოცნება“ მიშას მკვახე წერილით ვერ ისარგებლებს, არ აქვს ამისი თავი.
მიშამ ამ წერილით ბაიდენს უთხრა, დროზე გამომიყვანე აქედან, სანამ ჩემი ჭკუით გავსულვარო. ეს ძალიან ჰგავს ულტიმატუმის წერილს, რომელიც პირველ რიგში ამერიკისთვისაა, ამერიკის ადმინისტრაციისთვის, ამერიკელის სპეცსამსახურებისთვის, მერე უკრაინისთვის – რადგან, ახლა სწორედ უკრაინელები ეძებენ პუტინთან საბრძოლველად მძიმე ხელს და ამ ხელს სთავაზობს მათ მიშა, შემდეგ – რუსეთისთვის, რადგან, მიშას მოსწონს, როცა მათაც წინასწარ ამცნობს, რას გეგმავს და ყველაზე ბოლოს ქართველებისთვის, ქართველებიდან გამგები – გაიგებს, მაგრამ რამდენია ამის გამგები ქართული პოლიტიკიდან? მათთვის მთავარი გზავნილი მიშასგან ახლა არის ის, რომ მათ მალე გარედან ეტყვიან, როგორ უნდა მოიქცენ… სულ ესაა, ამ ეტაპზე, რაც ქართველ პოლიტიკოსებს მიშასგან უნდა მოესმინა.
რასაკვირველია, ამ წერილიდან ისიც ჩანს, რომ სანამ ქვეყანაში ჩამოვიდოდა, მიშამ გარანტიები სწორედ ამერიკისგან მიიღო და ახლა ამ გარანტიების ასრულებას ითხოვს – მართალია, მსოფლიო მედია მხრებს იჩეჩს, რა ტონი იყო ეს და როგორ მიმართა ბაიდენსო, მაგრამ მათ ხომ არ იციან, რა დაპირებებით ჩამოვიდა მიშა საქართველოში? ამ ღია წერილით ასევე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიშა არავის ენდობა, არც ამერიკის საელჩოს, არც ამერიკიდან ჩამოსულ ადვოკატებს, არც საკუთარ გუნდს, არც ამერიკიდან ჩამოსულ ემიგრანტებს, არც ბიძამისის გამოგზავნილ ადამიანებს, მას სურს პირადად მიჰყავდეს საქმე.
ბარემ, აქვე ვიტყვი, ბევრს საუბრობენ, მიშას უკრაინაში დაბრუნებაზე, მაგრამ მიშას ახლა უკრაინაში დაბრუნება არ აწყობს, მისთვის ეს საქართველოში წაგების ნიშანი იქნება და მას ორივე ქვეყნის “მოგება” უნდა. მის წერილს თუ დავაკვირდებით, იგი მხოლოდ საქართველოზე არ საუბრობს, იგი ამერიკას ეუბნება, რომ ის არის სწორედ ის პირი, ვინც რუსეთის წინააღმდეგ საქართველოშიც, უკრაინაშიც და ყველგანაც ერთდროულად შეძლებს საქმის გაკეთებას. დაახლოებით იმას სთავაზობს, თქვენი წარმომადგენელი ვიქნები ორივე ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგო. იმ ფონზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ფსონი სააკაშვილზე მართლაც იდება, მისი როლი უცხოელი პარტნიორების თვალში იზრდება. დააკვირდით, მიშა აღარაა ის სასაცილო პოლიტიკოსი, რომელიც „რაღაცა რეფორმების რაღაცა“ იყო ქართველების და არა მხოლოდ ქართველების თვალში, ის ნელ-ნელა ხდება მნიშვნელოვანი ფიგურა და არასამთავრობო ფორმატიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ინაცვლებს სახელმწიფოებრივ ფორმატში.
კომენტარები