„კი არ მივდივარ, მოვდივარ“ – თქვა გახარიამ და წავიდააააა…
მისი წასვლის მიზეზი თითქოსდა გუნდთან უთანხმოება იყო, ნიკა მელიას მოსალოდნელ დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ასევე პოლიტიკიდან ამასწინათ წასულმა „ქართული ოცნების“ მამამ, აწ უკვე ქვეყნის უჩინარმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა გახარიას თითი ჯერ კიდევ შარშანწინ, შემოდგომაზე დაუქნია, მასთან ერთი ჩინოვნიკი ქალის ვიზიტის შემდეგ და მოგვიანებით, გახარია კი არა, სწორედ ის ჩინოვნიკი ქალი გაქრა არათუ მთავრობის კანცელარიიდან, არამედ საქართველოდანაც კი!
მას შემდეგ, როგორც ამბობენ გიორგი გახარია ჩემოდანზე იჯდა და ერთი სული ჰქონდა, როდის დატოვებდა თანამდებობას, მაგრამ ამასობაში მსოფლიოს კოვიდ-19 ვირუსი მოედო და საქართველოშიც მალევე შემოაღწია!
გიორგი გახარია კი კრიზისების მართვის დიპლომირებული სპეციალისტია და ამიტომ იმავე ივანიშვილმა შეუთვალა – ახლა დარჩი, საქმეს მიხედე, ასეა საჭიროო!
გიორგი გახარიას ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
1992-1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე
1994-1999 წლებში – მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი
2003-2004 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი
1999-2008 წლებში – მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე
2006 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი
2008 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე მუშაობდა გერმანიაში, ფრანკფურტში ბიზნესის განვითარების დირექტორად აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში!
2012 წელს რუსეთის მოქალაქე გიორგი გახარიას საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას აძლევს, თუმცაღა ორმაგი მოქალაქეობის მიღება იმდროისათვის ერთობ რთული გახლდათ!
გიორგი გახარიას მოსკოვში რამდენიმე წარმატებული ბიზნესიც აქვს, გურამ აბსნაძის ვაჟთან ერთად, თუმცა ტოვებს რუსეთს და საქართველოში ჩამოდის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ
2013 წლის მარტიდან, მას ბიძინა ივანიშვილი პირადად წარადგენს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, რომელსაც 2016 წლის ივლისამდე იკავებდა.
2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი
2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას
2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე – საქართველოს ვიცე-პრემიერი
2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი
2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა! იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, მაგრამ…..
ეს თავბრუდამხვევი კარიერული აღმასვლა მხოლოდ მისი ნიჭერებითა და განსწავლულობით რომ არ შემოიფარგლება, პოლიტიკაში ცალი თვალით ჩახედულმა, დამწყებმა ადამიანმაც იცის, ჰოდა….
ბატონი გახარია, სტუდენტობის დროს მომხდარი ჩხუბის შემდეგ იქ მოხვედრილა, იმ ქალაქსა და მისამართზე, სადაც ბევრი პოლიტიკოსის კარიერა დაწერილა და მას ასე ჰქვია – „მოსკვა-ლუბიანკა 7“!
წარმატებული სტუდენტისთვის უბრალო ჩხუბი და ლუბიანკა იმას ნიშნავდა, რომ უნივერსიტეტიდანაც გარიცხავდნენ და კარიერაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტიააა?
მაგრამ, იმ შენობაშიც იცოდნენ, რომ ნიჭიერი ქართველი ბიჭი, შესაძლოა, რუსეთისთვისაც სასარგებლო გამომდგარიყო და მხეცებივით კი არ მოექცნენ? როგორც ამბობენ, ჭკუა დაარიგეს, „დაახელწერილეს“ და სახლშიც უვნებელი გამოუშვეს! (აქ მინდა გავიცინო, მაგრამ „სმაილიკებს“ გაზეთში ვერ მოვძებნი, ფეისბუქისგან განსხვავებით).
ასეა თუ ისე, დამჯერი ყმაწვილის კარიერა წარმატებულად დაიწყო და დიდი იმედი მაქვს, უფრო დიდი წარმატებითაც გაგრძელდება, რადგან მას „მთავარი სიჯიუტე“ „იქ სადაც ჯერ არს“, არ გამოუმჟღავნებია და საქართველოს პრემიერ-მინისტრობის სავარძელს ასევე ჯიუტად და პრინციპულად არ ჩაბღაუჭებია!!
გავიხსენოთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა მესამედ წასვლის შემდეგ და სულ ცოტა ხნის წინ?
„სიამოვნებით დავაფინანსებდი ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და მას ქართული ოცნება, ოპოზიციაში ეყოლებაო!“
დიახ, სწორედ ასე თქვა და ეს ვინმეს მხოლოდ ოცნება და სურვილი არ ეგონოს! ასეთ წინადადებებს ასე ჰაერში არც ისვრიან და არც ბიძინას უთქვამს შემთხვევით!
მან ამ სიტყვებით თავისივე შექმნილი „ქართული ოცნება“ გაროზგა და შეატოვა კობახიძე, მდინარაძე თალაკვაძის ამარა იმ საზოგადოებას, ვინც 2012 წლის არჩევნების წინა სიმძიმე საკუთარი მხრებით ათრია და ვისაც 9 წლის განმავლობაში სულში აფურთხა იმავე ქართული ოცნების მიერ კოალიციით მოსულმა პერსონებმა თუ ქართული ოცნების იმ წევრებმა, ვინც დღეს ქართულ ოცნებას ებრძვის უკვე ოპოზიციიდან!
რა დაუტოვა გიორგი გახარიამ საქართველოს თავისი წასვლით? ანუ, რით დაამახსოვრა მან თავი საქართველოს?
ვერ ვიტყვი, რომ ჩამონათვალი დიდია! უფრო სწორად, კი ვერც ერთ ვიხსენებ!
იქნებ ის ტენდერები, გამარჯვებული კომპანიების ჩამონათვალია წარმატება, რომელიც ჩინურ კომპანიებს ებოძათ და რომელთაც არცერთი შემდგარი, თავმოყვარე ქვეყანა კარს არ უღებს, როგორც საეჭვოს და თაღლითების თავშესაფარს?
იქნებ 99 წლით გასხვისებული სვანეთის მიწა-წყლის თურქებზე გადაცემის ტენდერი იყო გახარიას წარმატებაა?
ეს სია კია გრძელი და არცთუ სახარბიელო, მაგრამ გახარია ამის გამო არავის დაუთხოვია, არც ახსნა-განმარტება მოუთხოვია ვინმეს, რატომ ხდებოდა ასე და ისიც ადგა და წავიდა მაშინ, როცა არ უნდა წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა!!!
გავრილოვის ღამედ მონათლულ პოლიტ-სპექტაკლებს კი იმას დავამატებ, რომ გახარიას თანამდებობრივად ეკრძალებოდა ბრძანება გასროლაზე და მას ეს ბრძანება არ გაუცია, იცოდა რა, მისი კომპეტენციის არეალის ფარგლები და რატომ შეიტენა სხვისი დანაშაული, ალბათ თავად უწყის და ამაზე ოდესმე თავადვე ისაუბრებს!
რაც შეეხება კოვიდ 19-ის შემოტევას, რისკებს და ზოგადად, გახარიას წვლილს მასთან ბრძოლაში, აქაც წარმატებული იყო იქამდე, ვიდრე მავანთა ფულის შოვნის მადამ დაშვებულ ზღვარს არ გადააჭარბა და ჩვენ ვნახეთ მისი ბოლოდროინდელი, ასეთებთან დისტანცირებული ურთიერთობებიც, გნებავთ ეკრანზე და გნებავთ კანცელარიაში გამართულ ბრიფინგებზე!
ეროვნული მოძრაობის წამებული რაინდი, ტანჯულა და კეთილშობილი ნიკა მელია რომ ვერ გახდებოდა გიორგი გახარიას კარიერის მესაფლავე, ეს იქედანაც ჩანს, რომ ნაცმოძრაობას ერთობ ჰყვარებია ყოფილი პრემიერი! მისი წასვლის დღიდან მისტირიან სოციალურ ქსელებში ისეთებიც კი, გუშინ რომ „თვალთხარიას“ ეძახდნენ, „გადადექი, გადადექის“ უკიოდნენ და კანცელარიასთან მიტინგებს უწყობდნენ!
რა ვერ აიტანა გახარიამ გუნდში?
ის, რომ კანონს უნდა ეკანონა და სასამართლო ხელისუფლება იყო მთავარი ამ უთანხმოების?
განა პრემიერმა გახარიამ ჯერ საქართველოში და შემდეგ რუსეთში სწავლისას ვერ შეისისხლხორცა ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა არცერთი უწყება და პერსონა არ დგას?
იქნებ ამ წასვლით იცოდა რა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიგდებულ-მიტოვებულ „ქართულ ოცნებას“ არსებობის დღეები შეუმცირდა, ვადამდელი არჩევნების მოახლოება იყნოსა და გვერდზე გადგა მეორედ მოსასვლელად?
სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადადის…..
რატომ საფრანგეთი და არა რუსეთი, სადაც ბიზნესიც აქვს სახლიც, მეგობრებიც და ფულიც?
იქნებ იმიტომ, რომ ვიღაცამ შემდგომში არ წამოაძახოს – რუსეთიდან დაბრუნდა პოლიტიკაში, ხიხია და ოკუპანტის ჩანერგილიაოო?
ჰო, ჰო, იმ ძალამ არ წამოაძახოს, ვინც ახლა ცრემლებით ემშვიდობება და ხელმოწერებსაც აგროვებს მისი დაბრუნების მოთხოვნით!
ვინ იცის, საფრანგეთში რომ წავიდეს, იქნებ მართლაც მიბრუნდეს, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეებიც არიან და სწორედ იქიდან მოგვევლინნენ საქართველოს ხელისუფლებაში? ვინ იცის, ვნახოთ და დაველოდოთ, მაგრამ თუკი მართლაც გადაწყვიტა ხელისუფლებაში დაბრუნება, მას გარანტირებული აქვს ნაცმოძრაობის მხარდაჭერა ისევე როგორც გარანტირებული აქვს იმ ადამიანების მხარდაჭერაც, რომლებიც ოცნებაზე განაწყენებულები არიან, მაგრამ ხმა მაინც „ქართულ ოცნებას“ მისცეს, სიის პირველი ნომრის – გიორგი გახარიასადმი პატივისცემის გამოსახატად!!! წასვლისას ტესტიც ხომ ჩაატარა, გამოსამშვიდობებელი „სელფი“ გადაიღო, რომელმაც ორ დღეში 206 ათასი მოწონება დააგროვა!
ვინ იცის, იქნებ იგია ის თეთრი გიორგი, მხედარი კეთილშობილი, შემკული ყოველი სიკეთითა, რომელიც საქართველოს ხსნად მოევლინება თეთრ რაშზე ამხედრებული, რომელიც განკვეთს წყვდიადს და სძლევს ოკუპანტს, როგორც ამას მისანი ლელა კაკულია გვაუწყებდა და გვაუწყებს ახლაც?!
შეუცნობელია გზანი უფლისანი!
ბიძინასიც სხვათაშორის…. მალე აეხსნება ფარდა ყოველივეს, მაგრამ იქამდე ერთს კი დავძენ…
ვისაც სჯერა, რომ აი, ეგრე, საკუთარი გადაწყვეტილებით მიდიან ან მოდიან პოლიტიკაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და დამოუკიდებლები არიან თავიანთ ქმედებებში, ნეტარიაააა!
მითუმეტეს, თუ რუსეთიდან, წარმატებული ბიზნესიდან შემოდიან, მოქალაქეობას ჩუქნიან, ეგრევე ოლიმპოს საფეხურზე აყენებენ, იარაღს ხელში აწვდიან და უბიძგებენ – მიდი ზევსი დაამარცხეო!
კარგით, რაააა?
ირინე გოგოსაშვილი, ალია
კომენტარები