23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისის შემდეგ ოჯახის წევრებს არ უნახავთ. გაუჩინარებიდან მეხუთე დღეს ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებისა და ვერტმფრენების ჩართვას წინ უსწრებდა ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია მოთხოვნით, რომ სამართალდამცველებს მეტი ძალისხმევა გამოეჩინათ დაკარგულის მოსაძებნად.
როგორ გაქრა ახალგაზრდა ქალის კვალი
თამარის დედა ყვება,რომ მისი შვილი 17 ივლისს, შაბათ დილას სახლიდან იმ დროს გავიდა, როცა ოჯახის არც ერთი წევრი სახლში არ იყო – დედამ შვილთან დაკავშირება შუადღისას, 2 საათისთვის სცადა. ამ დროისთვის მისი ტელეფონი უკვე გამორთული იყო. სახლში დაბრუნებისას ოჯახის წევრებს არც ახალგაზრდა ქალის მანქანა დახვდათ ადგილზე, დღის ბოლოს კი პოლიციას მიმართეს. გარდაცვლილის პოვნამდე ერთი საათით ადრე, თამარის დედა ფეისბუქზე შვილის პოვნაში დახმარებას მოქალაქეებს თხოვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა ჰიუნდაის მარკის ნაცრისფერი ავტომანქანა სოფელ ხაიშთან (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) დააფიქსირეს. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობია, რატომ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი ამ ტერიტორიაზე საკუთარი მანქანით, ვინაიდან მათ იქ არ ჰყავთ არც ნათესავები და არც მეგობრები. ოჯახის წევრების თქმითვე, თამარი სახლიდან იშვიათად გადიოდა, სამსახურის საქმეებს ძირითადად სახლიდან აკეთებდა და მის გაუჩინარებას არც რაიმე ოჯახური კონფლიქტი უსწრებდა წინ.
გამოძიება გაუჩინარების შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. რა მუხლით გააგრძელებს გამოძიება მუშაობას უკვე გარდაცვლილის პოვნის შემდეგ, ჯერ უცნობია. ოჯახის წევრებს თავდაპირველად ჰქონდათ ვერსია, რომ თამარი შესაძლოა თეთრიწყაროში ვინმეს მოტყუებით წაეყვანა.
მოგვიანებით გაჩნდა ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების მეორე ვერსიაც, რომ მისი გაუჩინარება შესაძლოა კავშირში ყოფილიყო მის საქმიანობასთან – თამარმა სამსახური, სადაც 2017 წლიდან მუშაობდა, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, დედამ არ იცის, რა სამუშაოს შესრულებას გულისხმობდა ზუსტად შვილის სამსახური და სად იყო ოფისი.
გარდაცვლილის პოვნამდე რამდენიმე საათით ადრე განცხადება გაავრცელა იმ კომპანიამ, სადაც თამარი მუშაობდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის თანამშრომლის გაუჩინარება ამოუხსნელია. განმარტებულია ისიც, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც პროფესიით პროგრამისტი იყო, ბოლოს მუშაობდა კომპანიის თანამშრომლებისთვის ონლაინ სისტემის შექმნაზე, სადაც დასაქმებულები სამუშაო დროის დათვლას შეძლებდნენ.
მას შემდეგ, რაც ოჯახმა გარდაცვალების შესახებ გაიგო, 23 წლის პროგრამისტის მამამ კიდევ ერთხელ გამოთქვა ვარაუდი, რომ სიკვდილის მიზეზი შესაძლოა დაკავშირებული იყოს მის სამსახურთან, საიდანაც ხშირად გაღიზიანებული და აგრესიული ბრუნდებოდა ხოლმე.
რა იცის ინტერნეტმა თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ
ღია წყაროებზე და თამარის ნაცნობებთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით ირკვევა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ მის შესახებ.
- თამარი პროგრამისტი იყო, ინფორმატიკას საფრანგეთში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ მდებარე ქალაქ რენში, გამოყენებითი მეცნიერების ეროვნული ინსტიტუტში სწავლობდა.
- 2016 წლიდან ამ დრომდე არის თსუ-ში არსებული ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლის სტუდენტი.
- 2020 წელს თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გამართულ საფაკულტეტო კონფერენციაზე მისი მოხსენების თემა იყო: “ვებ-აპლიკაციები კომპანიების შეფასებისთვის”, მოხსენების თანაავტორი მიშიკო სამხარაძე.
- თამარი შპს ზეგ-ში მუშაობდა, კომპანიის მთავარი სერვისი პროგრამული პაკეტების შედგენაა. კომპანიის ოფიციალური მისამართი თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ნომერი 15-ია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის საქმიანობის სფერო საკონსულტაციო საქმიანობაა კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, საკუთარი ვებ-საიტი არ აქვს.
- 22 ივლისს გავრცელებული კომპანიის განცხადებიდან ირკვევა, რომ შპს ზეგ სხვა ქვეყნიდან მოსულ დაკვეთებზე მუშაობდა. “შპს “ზეგ” არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
- შპს ზეგ-ის გარდა თამარს სამუშაო ადგილებად პროფესიულ სოციალურ ქსელ Linkedin-ზე მითითებული აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების ავსტრიული კომპანია SPRYFLASH, რომლის მთავარი სერვისიც მაღალი ხარისხით დაწერილი კოდებით შექმნილი კომპიუტერული პროგრამებია. კომპანიას ოფიციალურ ვებ-საიტზე ბოლი სიახლე რამდენიმე წლის წინ აქვს გამოქვეყნებული. რადიო თავისუფლებამ 21 ივლისს ავსტრიულ კომპანიას, რომლის ერთადერთი ქართველი თანამშრომელიც თამარი იყო, წერილით მიმართა, სადაც ვიკითხეთ, რამდენად აქტიური იყო მათი თანამშრომლობა გაუჩინარებულ პროგრამისტთან და რა პროექტზე მუშაობდა მათთან. წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
- იმ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთანაც თამარი სოციალურ ქსელებშია დაკავშირებული, მას პირადად არ იცნობდა.
რა მოხდა გაუჩინარებიდან გარდაცვალებამდე?
სამართალდამცველების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა რამდენიმე რამ:
- თამარის გაუჩინარების შემდეგ პოლიციას სირთულეები შეექმნა მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული პირადი კომპიუტერის გახსნისას. როგორც 21 ივლისს გამართულ აქციაზე მისულმა გამომძიებელმა ოჯახს უთხრა, “apple”-ს ფირმის ლეპტოპს რთული პაროლი ედო და მის “გატეხვას” ვერ ახერხებდნენ.
- საპროტესტო აქციაზე, რომელიც ოჯახმა 21 ივლისს გამართა, გზის გადაკეტვის გამო დააკავეს აქციის ერთი მონაწილე.
- მედიასთან მამის მიერ მიცემული ინფორმაციის თანახმად, მანამ, სანამ მათ ერთ-ერთი გამომძიებელი ეტყოდა იმას, რომ კომპიუტერზე დადებულ პაროლს ვერ ხსნიდნენ, სხვა პირმა, რომელსაც ჰქონდა წაღებული ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი, მას დაურეკა და უთხრა, რომ კომპიუტერში დაცულ მონაცემებზე წვდომა შეძლეს მათი შვილი ძალიან დიდი პრობლემების წინაშე იდგა, თუმცა, რას გულისხმობდა ეს პირი პრობლემებში, არ დაუკონკრეტებია.
- თამარის გაუჩინარების საწყის ეტაპზე მას ეძებდნენ იმ სოფლებში, სადაც ადგილობრივებმა ნახეს პირადი მანქანით – მათ შორის საჰაერო გადაღების დრონებით, ვეტრმფრენი და მყვინთავები მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის შემდეგ ჩაერთვნენ.
- ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე ოფიციალური სტრუქტურებს 22 ივლისის დღის 12 საათამდე განმატებები არ გაუკეთებიათ. თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან გასვლიდან მეხუთე დღეს და ოჯახის წევრების მიერ გამართული საპროტესტო აქციიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაცვლილი საკუთარ მანქანაში იპოვეს, თეთრიწყაროს ტყეში, სადაც წინა დღეებშიც მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები.
რადიო “თავისუფლება”
კომენტარები