„ალიას“ ესაუბრება გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე
– გავრცელდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, რომელიც ინგლისში აღმოაჩინეს და ამის გამო ინგლისი სრულად ჩაიკეტა. რა იცით ამ ვირუსზე?
– მხოლოდ ინგლისში არა, აფრიკის ქვეყნებშიც გავრცელდა ახალი შტამი, ახლა რეალურად ორი ახალი შტამია, ერთი ინგლისში იპოვნეს, ერთი აფრიკის ქვეყნებში. მასზე ის ვიცით, რომ იგი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ძველი შტამი. სამწუხაროდ, მოლოდინი, რომ მას სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი ექნებოდა, როგორც ვხვდებით, არ მართლდება. თუმცა, მასზე მეტი ინფორმაცია რომ გავიგოთ, მინიმუმ 4 კვირა კიდევ გვჭირდება დასაკვირვებლად. იანვრის ბოლო კვირაში, უკვე თამამად შემეძლება პროგნოზი გავაკეთო და მეტი ვისაუბრო ახალ შტამზე.
– ახალი შტამით დაავადებულ პაციენტებში მძიმე პაციენტთა პროცენტობა განსხვავდება?
– არა, თითქმის იგივეა, რაც ძველი შტამის შემთხვევაში.
– ამიტომ ფიქრობთ, რომ სიკვდილობა მასაც არ ექნება ნაკლები?
– სიკვდილობის პროცენტი რომ დავადგინოთ, მინიმუმ 4 კვირა უნდა გავიდეს, 3-4 კვირის მერე ჩანს სიკვდილობა, ამიტომ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე ზუსტ ინფორმაციას ვერ გეტვით, მხოლოდ ვარაუდია ასეთი, რომ სამწუხაროდ, მოლოდინი იმის შესახებ, მას ექნებოდა ნაკლები სიკვდილობა, შეიძლება არ გამართლდეს.
– საუბრობენ იმაზე, რომ იგი სწრაფად ვრცელდება, რას ნიშნავს სწრაფად გარცელება?
-ვეცდები ისე ავხსნა, რომ ყველამ გაიგოს. კოვიდინფიცირებული ადამიანი საუბრისას, დახველებისას და ასე შემდეგ, არის ვირუსის გამავრცელებელი, ის აფრქვევს ვირუსებს, რომლებმაც შეიძლება შემოაღწიოს ჩვენ ორგანიზმში. არსებული შტამის პირობებში, განსაზღვრული ოდენობის ვირუსი უნდა ჩაგესუნთქა, რომ დაინფიცირებულიყავი, რაც მეტი ვირუსი მოხვდებოდა შენ ორგანიზმში, მით მეტი იყო შანსი, რომ დაინფიცირებულიყავი, თუ მცირე ოდენობით ვირუსი მოხვდებოდა შენ ორგანიზმში, შეიძლება სუსტად დაინფიცირებულიყავი, ან არ დაინფიცირებულიყავი. ახალი შტამის შემთხვევაში კი, 1 ვირუსიც საკმარისია, რომ დაინფიცირდეს ადამიანი.
– თქვეს ასევე, რომ ახლა შტამს აქვს 23 გენური ცვლილება, ეს რას ნიშნავს?
– არც მის ცოდნაა მოსახლეობისთვის აუცილებელი, გენეტიკა რომ ისწავლო, წლებია საჭირო. მაინც ვეცდები, მეტ-ნაკლებად გასაგებად ავხსნა. ათეულობით ათასი გენი არსებობს, ვირუსი როცა ხვდება თქვენ ორგანიზმში, იგი ირევა თქვენ გენში, ითქვლიფება, რაღაცას ცვლის, რაღაცა ახალს იძენს, ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. როცა სხვას გადასცემთ ვირუსს, იქაც იგივე პროცესს გადის. ის, რომ ახალ შტამს აქვს 23 გენური ცვლილება, არაფერ განსაკუთრებულს არ ნიშნავს, ჩვეულებრივია. კორონავირუსები ადრეც იყო, სარსი, მერსი ყველას გვახსოვს. კორონავირუსებს ზოგადად ახასიათებს მუტირება, როგორც სხვა ვირუსს. სხვათა შორის, სარსი და მერსი იცით, როგორ გაქრა? ზუსტად მუტირების შედეგად. არც წამალი იყო, არც ვაქცინა, თავისით გაქრა, მართალია, იყო გარკვეული შეზღუდვები, ჩაკეტვა და ა.შ, მაგრამ ვირუსმა განიცადა მუტირება და ამ მუტირების საფუძველზე გაქრა. სამწუხაროდ, კორონავირუსმა მთელი სამყარო მოიარა და ახლა მისი მუტირების შედეგად, ეს ორი შტამი მივიღეთ, ერთი აფრიკაში და ერთი ინგლისში და სრულიად შესაძლებელია, რომ ისევ განიცადონ მუტირება.
– იქნებ სწორედ მაგიტომ ვერ გამოიგონეს სარსის და მერსის წამალი და ვაქცინა, რომ სწრაფად მუტირებენ? და თუ ასეა, სად არის იმის გარანტია, რომ ახალ შტამზე ვაქცინები იმოქმედებენ?
– ახლა მსოფლიო ბევრად უფრო წინაა წასული და ვფიქრობ 2021 წელს წამალიც გვექნება და ვაქცინაც. ნახეთ, კარგი ამბავიც უნდა გითხრათ, პოზიტივი, როგორი დადარაჯებულია მსოფლიო, როგორც კი ახალი შტამი გაჩნდა, რა მალე აღმოაჩინეს, ხედავთ? უცებ ატეხეს წივილ-კივილი, მუტაცია განიცადა ვირუსმა, მუტირებული შტამი ვიპოვეთო, ჩაკეტეს ბრიტანეთი. ახლა ბევრად უფრო სერიოზულად ვუყურებთ ასეთ გამოწვევებს, მომზადებულები, მობილიზებულები ვართ და ეს კარგია. მანამდე კი, სანამ წამალი გვექნება, ჩვენი მთავარი წამალია პირბადე, ჩვენ თუ გადაცემის ჯაჭვს ჩავწყვეტთ, ვირუსს დავამარცხებთ.
კომენტარები