ანთროპოლოგი, ლევან შენგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“რადგან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნამ თუ არაღმართვამ ამხელა აჟიოტაჟი და ვითომ გაუგებრობა გამოიწვია, მოდი გავამარტივოთ საქმე.
პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფაქტი ისეთ აურზაურს იწვევს ჩვენს მოსახლეობაში, რომ სჯობია სხვა მაგალითზე გავარჩიოთ საქმე და დასკვნა ისე გამოვიტანოთ.
ადრე წლებში, თუ დაინახავდი მანქანების კოლონას, წინმიმავალს თოჯინა ჰქონდა დამაგრებული კაპოტზე, მორთული იყო ფერადი ბაფთებით – მარტივად მიხვდებოდი რომ ქორწილია და მაყრიონი მოდის. ასევე, გასაგები იყო, რომ ქორწილი სწორედ დღეს არის, გუშინ გადახდილ ქორწილს აღარავინ აღნიშნავს მორთული მანქანით…
სოფლებში აუცილებლად გინახავთ გადიდებული სურათი სახლის ფასადზე. ეს უეჭველად ნიშნავს, რომ ოჯახი მგლოვიარეა. რაღაც დროის შემდეგ ფოტოს ჩამოხსნიდნენ, ეს ნიშნავდა, რომ გლოვა დამთავრდა და ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყო (ქვრივი მეორედ დაქორწინდა და სხვ.).
…
ეს ყველაფერი (თოჯინა მანქანის კაპოტზე, გადიდებული სურათი ფასადზე…) სიმბოლოებია და კონკრეტულ შინაარსებს ატარებს.
ასევეა დროშაც. პირდაპირ ასეც ჰქვია – სახელმწიფო სიმბოლო!
წლების განმავლობაში, ევროკავშირის დროშა საქართველოს დროშის გვერდზე ნიშნავდა, რომ ჩვენი ერის და სახელმწიფოს მიზანია ევროკავშირში შესვლა, ევროპული ინტეგრაცია, რუსეთისგან თავის დაღწევა! მისი ჩამოხსნა თუ ჩვეულ ადგილზე არაღმართვა ნიშნავს, რომ მიზანმა მნიშვნელობა დაკარგა, ან ის რადიკალურად შეიცვალა.
მგონი, მაგალითების უკიდურესი სიმარტივის გამო სადავო აღარაფერია.
უბრალოდ, უნდა მოიკრიბონ კაცობა და გაბედონ თქმა, რომ მათთვის ახლა სხვა მიმართულებაა ორიენტირი. რად გვინდა ეს უნიჭო ტყუილები, ვის ატყუებენ, ან ვინ მოტყუვდება?!”
კომენტარები