ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია:
„სუპერმარკეტების სალაროებთან დიდი ასოებით რომ გამოაკრავდნენ განცხადებას, „მოლარე პროდუქტების გატარებას რომ დაიწყებს, გთხოვთ საფულე გამზადებული გქონდეთ“, რიგი გაცილებით სწრაფად წავიდოდა წინ და ჩემი გამოთვლით დღეში სულ ცოტა ორი საათი დაიზოგებოდა. თორემ ძალიან გულისგამაწვრილებელია, შენ წინ მდგომი ქალი, 24 კაციანი სუფრისთვის ნაყიდ პროდუქტს აუჩქარებლად რომ იღებს კალათიდან, სანამ მოლარე ამ ყველაფერს სალაროში ატარებს და პარკებში ულაგებს, ეს სივრცეს მისჩერებია, კაცმა არ იცის, რაზე ფიქრობს და მხოლოდ გადასახდელი თანხის რაოდენობას რომ იგებს, მაშინ იწყებს საფულის ძებნას, რომელიც, რა თქმა უნდა, არც ჩანთაშია, არც შარვლის და ქურთუკის ჯიბეში და საბოლოოდ, რიგში შეღონებული ადამიანების გმინვის ფონზე, ისევ ჩანთაში, ოღონდ გარედან მიკერებულ ჯიბეში აღმოჩნდება, რა ფსიქოტიპთან გვაქვს საქმე? ცხოვრებაშიც ასეთი ზოზინაა და სხვანაირად არ შეუძლია, დრო აქვს თავზესაყრელი და რადგან მახათს ვერსად გაიყრის, ხალხის ნერვებზე თამაშით ირთობს თავს, თუ დაბადებიდან ასეთი შტერია?და რაც მთავარია, მართლა ამდენი არიან თუ მარტო მე მხვდებიან ყოველ ნაბიჯზე?“
კომენტარები