დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია:
“რაღა დროს 9 მაისია, ბარემ კულიკოვოს ბრძოლაც აღვნიშნოთ
მაინც რას ვზეიმობთ რუსული ოკუპაციის და 400 000 დევნილის პირობებში? უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის პირობებში? თან საბჭოთა სიმბოლიკით? გეორგიევსკის ლენტებით? სტალინის ფოტოებით?
რა ვუყოთ საბჭოთა სისტემის მიერ წართმეულ თავისუფლებას და დახვრეტილი ქართველების ხსოვნას?
რა ვუყოთ ბოლშევიკური რუსეთის მიერ ანექსირებული საქართველოდან სახორცე მასალად ომში მათი ნების გარეშე წასხმული და ასიათასობით დაღუპული ქართველის ხსოვნას?
რა ვუყოთ საბჭოთა არმიის მიერ ევროპაში ჩადენილ სიმხეცეებს და სამხედრო დანაშაულებებს?
რა ვუყოთ იმას, რომ მეორე მსოფლიო ომის გარიჟრაჟზე კომუნისტური სსრკ ფაშისტური გერმანიის პარტნიორი იყო და მასთან ერთად დაგეგმა ევროპის გაყოფა?
სსრკ ნაცისტური გერმანიის თანამონაწილეა მსოფლიოს აფეთქებაში!
თვალი დავხუჭოთ?
იქნებ ხსოვნის დღე უნდა ერქვას, და არა ზეიმი?
ერი, რომელმაც დიდგორობა რის ვაი-ვაგლახით დააწესა, უერთდება ფაშისტურ რუსეთს ფაშიზმის დამარცხების აღნიშვნაში?
თუ თარიღშია საქმე, 8 მაისს აღნიშნავს მთელი ცივილიზებული სამყარო, განსხვავებით რუსეთისგან.
ჩემი პატივისცემა ვეტერანებს, ომში დაღუპულთა ხსოვნას, მათ შთამომავლებს. ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, ვისაც რა ეზეიმება, ის იზეიმოს.
პირადად მე, არ მსურს რაიმე გვაკავშირებდეს არც ფაშიზმთან, არც კომუნიზმთან, არც ფაშისტურ რუსეთთან.
მგონი დიდი ხანია დროა 30 საუკუნოვანი ერი გავიზარდოთ, დამარცხებულის სინდრომით წარსულით ცხოვრებას შევეშვათ და ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, საით მივდივართ. 30 წელია სახელმწიფო ვერ აგვიშენებია.
ყველა დიდი გამარჯვება და ყველა დიდი თარიღი წინ გვაქვს!”
კომენტარები