„ალიას“ პენიტენციურ სისტემაში არსებულ სკანდალურ ფაქტებს უყვება არასამთავრობო ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ დამფუძნებელი, თამარ იოვაშვილი:
-როდის და რამდენი წელი მუშაობდით პენიტენციურ სისტემაში?
-ორი წელი ვიმუშავე, 2017 წლიდან 2019 წლამდე მე-18 დაწესებულებაში. სოციალური მუშაკი ვიყავი, ასე ვთქვათ შუალედური რგოლი, ციხის ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის. როგორც კი იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა პენიტენციური სისტემა – მოგეხსენებათ, მანამდე პენიტენციურ სისტემას კახა კახიშვილს ხელმძღვანელობა და მერე აღმოჩნდა წულუკიანის ხელში – თეა წულუკიანმა დაიწყო კახიშვილის კადრების წმენდა.
-მახსოვს ეგ პერიოდი, მაშინ ჩვენ ჩავწერეთ არაერთი ადამიანი, რომლებიც გვიყვებოდნენ, რომ სიმსივნით დაავადებული ქალიც კი გაუშვა სამსახურიდან და უშვებდა ყველა იმ კადრს, რომელიც მისული იყო სამინისტროში 2013 წლის მერე. ანუ, უშვებდა `ოცნების~ მხარდამჭერებს და ტოვებდა ან აბრუნებდა ძველ კადრებს, რომლებიც ნაციონალური რეჟიმის დროს მუშაობდნენ – მიდასტურებთ?
-კი, გიდასტურებთ, ასე იყო ნამდვილად. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში, როცა ჩვენ გამოგვიშვეს, დატოვეს 70 წლის ქალი, რომელიც მუშაობდა ციხეში ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული და დიდი ბოდიში, მაგრამ მიჩვეული იყო, რომ უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა ბრძანებებს და დღემდე ახალაიების „ბალელშიკია“. ის დატოვა და ჩვენ გამოგვიშვა. წულუკიანს არ უყვარს განსხვავებული აზრი, საერთოდ არ უყვარს აზრი, მას უნდა რომ დაემორჩილო უსიტყვოდ, უენოდ და როგორც თავად გადაწყვეტს ისე გააკეთო.
-გქონდათ პრობლემები ადმინისტრაციასთან?
ვკამათობდით, ოღონდ არა ჩემი პრობლემების გამო, რა თქმა უნდა, პატიმართა უფლებების გამო. ეს ადამიანები, სასჯელს იხდიან დანაშაულისთვის და აქვთ იმის უფლება, ადამიანურ პირობებში მოიხადონ სასჯელი. მაგალითად, ერთ ასთმიან პატიმარს, ალერგია ჰქონდა საბანზე. თუ დაიხურავდა, ცუდად ხდებოდა, თუ არადა, იყინებოდა. ვცდილობდი, მისთვის როგორმე გამოგვეყო ანტიალერგიული საბანი და ბალიში. არც ოჯახს აძლევდნენ შემოტანის საშუალებას და ციხის ადმინისტრაციაც ამბობდა, რომ არ სჭირდებოდა პატიმარს ეს ნივთები, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ღიად აფიქსირებდა, რომ პატიმრის მდგომარეობა რთულდებოდა საბნის გამო. ძალიან დიდი კამათი მოგვივიდა მაშინ და უამრავი დღე დამჭირდა, რომ ამ პატიმარს დავხმარებოდი. მერე რასაკვირველია, პატიმრები ბრაზობენ ჩვენზე, ბადრაგებზე, ექიმებზე, სოციალურ სამსახურზე – როგორ წარმოიდგენს პატიმარი, რომ შენ მიიტანე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უფროსამდე და ციხის უფროსი, უარს ამბობს ერთ ცალ ანტიალერგიულ საბანზე? ან როგორ წარმოიდგენს რომ მართლაც პრობლემაა მედიკამენტის? – ჰგონია, რომ შენ არ აწოდებ მედიკამენტს.
-მედიკამენტების პრობლემაც იყო?
-კი, ძალიან ხშირად. შეიძლებოდა ყოფილიყო ტკივილგამაყუჩებელი, მაგრამ თითქმის არასოდეს იყოს სპეფიციკური მედიკამენტები, ონკოლოგიური პატიმრებისთვის, მაგალითად. გამოწერდა ექიმი წამალს, ითხოვდა – მოდიოდა უარი, რატომ? პენიტენციურ სისტემას ჯერ არ აქვს ეს მედიკამენტი შესყიდულიო, პასუხობდნენ. როგორც იქნებოდა შეისყიდდნენ და ხშირ შემთხვევაში მოდიოდა არა ის წამალი, რასაც ექიმი გამოწერდა, არამედ მისი შემცვლელი – მერე ეს სხვა მედიკამენტი, თუ პატიმრის მდგომარეობაზე არ მოქმედებდა კარგად – პატიმარი ბრაზდებოდა რასაკვირველია, ისევე, როგორც ბრაზდებოდა იმაზეც, რომ წამლის მიწოდებას ვუგვიანებდით. არც ოჯახს აძლევენ თან მედიკამენტის შემოტანის უფლებას – მე იქ ვმუშაობდი და იცოდნენ, რომ შაქრიანი დიაბეტი მქონდა და იმ წამლის შეტანის უფლება არ მქონდა, რომელიც აუცილებლად უნდა დამელია დღეში სამჯერ.
-უამრავი წერილი მოგვდიოდა რედაქციაში და სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შეჩერდა, ისევე როგორც, ბოლო პერიოდში პენიტენციური სისტემა მედიასაც კი აღარ პასუხობს. გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ კავშირშია ეს ორი მოვლენა – და იმ წერილებში, პატიმრები წუხდნენ იმაზეც, რომ არ ვარგა ვენტილაციის სისტემა.
-კი, მაგასაც გიდასტურებთ, არათუ საკნებში, ჩვენს ოთახებში არ ვარგოდა ვენტილაციის სისტემა.
-კვებაზე გვწერდნენ კიდევ… ამბობდნენ, რომ შემცირდა…
-მხოლოდ იმ პაციენტებს კვებავენ შედარებით ნორმალურად, რომელზედაც ექიმი წერს, რომ ჯანმრთელობიდან გამომდინარე სჭირდება გაძლიერებული კვება – მხოლოდ ასეთ პაციენტებს აწვდიდნენ ზოგჯერ მაინც ხილსა და ხორცს, დანარჩენები უმეტესად კომბოსტოსა და ლობიოზე გადაჰყავთ. პატიმრების უმეტესობას ოჯახები არჩენს, მინიმუმ კვირაში ასი ლარი მაინც უნდა ჩაურიცხოს ოჯახმა, რომ ციხეში პატიმარმა კვება შეძლოს ნორმალურად და არ დაგიავადმყოფდეს უჭმელობით. როგორია საქართველოს მაცხოვრებლითვის თვეში 400 ლარის გადახდა? ამას დამატებული, მისვლაც ხომ სჭირდებათ, გზის ფულის გადახდა, რომ მიხვალ, შენც ხომ რამე უნდა შეუგზავნო. კიდევ კარგი, ის ოჯახები, რომლებსაც მეტი საშუალება აქვთ, იმდენს აგზავნიან, რომ მათი პატიმრები ინახავენ გაჭირვებული ოჯახების პატიმრებს და არა სახელმწიფო – მეტწილად ასეა.
-საუბრობენ, რომ სამაგიეროდ, ციხეში ცემა აღარ ხდება…
-არა, ცემის ფაქტები არ მინახავს, მაგრამ ადამიანის დასამცირებლად და ადამიანისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად სხვა გზებიც არსებობს – მაგალითად, მდგომარეობა საერთო აბანოში, რომელსაც, პირდაპირი გაგებით სოკოები ჰქონდა მოდებული, მდგომარეობა შშმ პირებისთვის, რომლებისთვისაც, არანაირი პირობა არაა შექმნილი სააბაზანოში და იძულებულნი არიან, ყოველთვის სხვას სთხოვონ დახმარება. იყო ერთი პატიმარი, რომელსაც გაჩერებული ჰქონდა მარჯვენა ხელი… ერთი მოკრძალებული თხოვნა ჰქონდა, პური შეეგზავნათ დაჭრილ მდგომარეობაში, რადგან ვერც ტეხდა მხოლოდ მარცხენა ხელით და ვერც ჭრიდა – უარი უთხრეს – დღემდე უცნობია მოტივი, რის საფუძველზე არ შეიძლებოდა დაჭრილი პურის შეგზავნა… ასეთი წვრილმანებია უამრავი…
-რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ პენიტენციური სისტემიდან თანამშრომლები ისევ გაათავისუფლეს მასობრივად.
-კი, უამრავი ადამიანი გაუშვეს ახლა ამ პანდემიის დროს. მე-8 და მე-18 დაწესებულებებიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს, ექთნები, ექიმები, მათ შორის, ექიმი, რომელიც სიგელებითაა დაჯილდოებული კახიშვილის პერიოდში. გააუქმეს ქირურგიის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილება – პალიტიური პატიმრები, პარალიზებული ადამიანები – სად უნდა გადაიყვანონ ახლა? ვინ მიხედავს? ეს ხანგრძლივი მოვლის განყოფილებაც კახიშვილის შექმნილია, მოვიდა წულუკიანი და ყველაფერი დაანგრია. ამ განყოფილებაში ეხმარებოდნენ პატიმრებს, რომლებსაც არ შეუძლიათ გადაადგილება და მაშინაც კი, თუ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, მათ მოვლას მინიმუმ 1 ადამიანი სჭირდება. სად უშვებენ ამ პატიმრებს? ინფექციურში დატოვეს ერთი ექიმი. ფსიქიატრიულში ამ მომენტისათვის არის 60 პაციენტი და დატოვეს მხოლოდ 2 ექიმი. თერაპიულ განყოფილებაში – 1 ექიმი. გაათავისუფლეს კარდიოლოგი, ისედაც ვერ აუდიოდა კარდიოლოგი პაციენტებს და ახლა საერთოდ გაუშვეს. ქირურგები გაათავისუფლეს. ისედაც მცირე იყო სამედიცინო პერსონალი და რთული იყო ამდენი პატიმრის მოვლა. სხვა დაწესებულებეში კი, სადაც არ არის ციხის საავადმყოფო, საერთოდ რა ხდება ვერ ავღწერ, ზოგჯერ 2 დღე ითმენს პატიმარი ტკივილს, სანამ ექიმი მივა.
არ ვიცი, როგორ აპირებენ პატიმრებს დროულად დაეხმარნონ და გადაარჩინონ, საერთოდ არ აპირებენ და სულ ერთია რამდენი გარდაიცვლება და რამდენი გადარჩება?
ვერ ვხვდები, პრემიერმა მოუწოდა კერძო სექტორს, სამსახურიდან არავინ გაათავისუფლოთ, არც ხელფასი დააკლოთ, თორემ, მორჩება პანდემია, თქვენთვის ყველასთვის მოვიცლი და ყველასთან მოვალო და საჯარო სამსახურებიდან უშვებენ ხალხს? საჯარო მოხელეების ოჯახებს ტოვებენ ახლა მშვივრებს დამატებით?
რა გამოდის, ვიცე-პრემიერი წულუკიანი სრულად უგულებელჰყოფს პრემიერის სიტყვებს და საპირისპიროს აკეთებს? მართალია, რაღაც ნოემბერზე დაანონსებული რეორგანიზაცია ახსენა, მაგრამ – საგანგებო მდგომარეობის დროს, რეორგანიზაცია რომ ჩერდება – არ იცის, ვიცე-პრემიერმა???
სხვა გზა არ დაგვიტოვეს, გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაც ხდება სამედიცინო კუთხით ციხეებში და ამის დამალვას ცდილობენ – გამოუშვეს პროფესიონალი და გონიერი კადრები და დაიტოვებენ იმას, ვინც სიტყვასაც არ შეუბრუნებს არავის – შესაბამისად, ამბის გამომტანიც არავინ იქნება.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც სამსახურიდან გამომიშვეს, ემიგრაციაში ვარ, აქ დამიდგინდა ლატენტური ტუბერკულოზი – ვადაც დაადგინეს და ამ ვადების მიხედვით, ჩემი ინფიცირება მოხდა ციხეში მუშაობისას. საგულისხმო ისაა, რომ მე მართლაც მიწევდა ტუბერკულოზიან პატიმრებთან ურთიერთობა, ადმინისტრაციის მოთხოვნით. მართალია, მე მათ ვთხოვე, რომ დიაბეტის გამო, ვარ რისკ-ჯგუფში და იქნებ, არ გადავეყვანე ტუბერკულოზის განყოფილებაში, მაგრამ, არ გაითვალისწინეს.
აქ მეუბნებიან ახლა, რომ როცა ასეთი სპეფიციკური სამსახური გაქვს, პრევენციის ვაქცინაა აუცილებელი, რომელიც ნამდვილად არ ჩამტარებია. მინდა გითხრათ, რომ ამ წლების განმავლობაში, ტუბერკულოზით დაავადდა ციხის ერთი-ერთი ყოფილი მთავარი ექიმიც და რამდენიმე ექიმიც.
ცხადია, ხომ, რომ პენიტენციური სისტემა არ ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და მათ ოჯახებზეც კი, არათუ პატიმრებზე.
ეს პრობლება დიდი ხანია იდგა და დგას, მაგრამ, ის რაც ახლა მოხდა, პანდემიისას, ვიცე-პრემიერმა არ გაითვალისწინა პრემიერის თხოვნა და თანამშრომლები დატოვა ერთადერთი შემოსავლის გარეშე – ყოველგვარ საზღვრებს სცდება. ეს ან გამიზნული საბოტაჟია სახელმწიფოს წინააღმდეგ, ან, სამედიცინო კუთხით, რაღაც არის ციხეში ისეთი, რაც პროფესიონალი ექიმების თვალმა არ უნდა ნახოს!
მასალაზე მუშაობის პერიოდში „ალიას“ ციხის ორი, აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა, რომლებმაც, ამ ეტაპზე უარი თქვეს ვინაობის დასახელებისგან:
-სახელს და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ ყველა მიხვდება, ჩემი უშუალო უფროსიდან დაწყებული, წულუკიანით დამთავრებული, ვინ ვარ. 25 წლიანი სამედიცინო სტაჟი მაქვს, მყავს მეუღლე, რომელიც ვერ მუშაობს და მყავს მცირეწლოვანი, 8 წლის შვილი, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ, რაც იცის მინისტრმაც და იცის ციხის ადმინისტრაციამაც. სამი დღის წინ ვმუშაობდი ღამის ცვლაში, დავასრულე ცვლა, დამიძახეს და მითხრეს – რომ ჩემი გათავისუფლების ბრძანება მოვიდა, აი, ასე, მოულოდნელად… ციხის მთავარმა ექიმმა მითხრა, ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ შენ თუ გაგიშვებდნენ, როგორ ვიფიქრებდიო…
-მინისტრმა განცხადება გააკეთა, ექთნებს 900 ლარი ჰქონდათ ხელფასი, მინდა მოვუმატო და სწორედ ამიტომ გავათავისუფლე პერსონალი, რომ გათავისუფლებულების ხელფასების ხარჯზე, დარჩენილებს მოვუმატო ანაზღაურებაო.
-700 ლარი მქონდა ხელფასი, რას ითვლის მინისტრი და ვის ხელფასს ითვლის, არ ვიცი. ის ვიცი, რომ დავრჩით მთელი ოჯახი სარჩოს გარეშე და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. მივწერე სამინისტროს, მივწერე მინისტრს, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიმიღია. მხოლოდ პატიმრები მირეკავენ, ორი დღეა ზარი არ წყდება, 900 პატიმარს რომ ბოლოს მარტო პატრონობდი, ის ექთანი გაგიშვა მინისტრმა სამსახურიდანო? – მეკითხებიან.~
კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი, ექიმი:
-ერთი საყვედურიც არ მიმიღია არასოდეს, არც ერთი. ეს არ იყო ადვილი სამსახური, ყოველთვის ციხიდან გამოსვლისას, ცას ავხედავდი და ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ კიდევ ერთმა ცვლამ ჩაიარა მშვიდობიანად. ნამდვილად არ ღირდა იმ ხელფასად, რასაც გვიხდიდნენ, ეს შრომა, მაგრამ ის მშველიდა, რომ ყოველ თვე, პერმანენტულად მიხდიდნენ და ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი არ იშიმშილებდა.
პატიმრების უმეტესობა აგრესიულია, რა ქნან, ვისაც წვდებიან, იმას ეუბნებიან საყვედურს, ამას წინათ, დაუძახა პატიმარმა ბადრაგს, მივიდა ბადრაგი საკანთან და სახეში შეასხა ცხელი ლობიო პატიმარმა – ეს წყალ-წყალა ლობიო, როგორ ვჭამო, მარცვალი მაინც ჩაგეგდოთო. რა ბადრაგის ბრალია, ან რა ჩემი ბრალია, მე ხომ არ მომაქვს პროდუქტი და მე ხომ არ ვაკეთებ, მაგრამ, იმათიც მესმის, რთულია, ასეთი საკვების ჭამა. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად აპოლიტიკური ვარ, რომელი პარტიაც შემომთავაზებს იურიდიულ დახმარებას, მივიღებ, მე არ მაქვს საშუალება იურისტის დაქირავების, არადა, ამ ამბავსაც ასე არ დავტოვებ.
„ალია“ – წულუკიანმა ჯერ კიდევ მასალის დაბეჭდვამდე იმართლა თავი და თქვა, რომ უნდა თანამშრომლებს ხელფასი მოუმატოს, ამიტომ, შეამცირა თანამშრომლები და შემცირებულების ხარჯზე, გაუზრდის დანარჩენებს ხელფასს.
თუ მინისტრს იმის თქმა უნდა, რომ ციხეებში შტატები გაბერული იყო და ერთი ექიმის ადგილას, სამი იყო გაფორმებული – უკვე ორი წელია თავად ხელმძღვანელობს ციხეს და თუ ეს თაღლითური სქემა იყო სახელმწიფოს გაძარცვის, ამ სქემის ნაწილიც თავადაა და მოთავეც.
სანამ იუსტიციის მინისტრი ყულფში თავს თავისი ხელით ჰყოფს – ციხეში ეს სიტუაციაა:
პატიმრების რიცხვი არ შემცირებულა.
ანუ, თუ იყო 1000 პატიმარზე 3 ექიმი, ახლა არის 1 ექიმი და ის ერთი ექიმი მიიღებს დაახლოებით 200 ლარით მეტს.
ე.ი. რა გამოდის, 2 ექიმის ოჯახი იშიმშილებს და 1 ექიმის ოჯახს დაემატება 200 ლარი.
ოღონდ, ეს ერთი ექიმი წელში გაწყდება იმდენს იმუშავებს და მაინც ვერ შესძლებს, ვერც იმ 200 ლარის ხათრით, რომ 3 ექიმის საქმე გააკეთოს და ყველა პატიმარს საჭირო დახმარება გაუწიოს.
ამას დამატებული ცუდი კვება, ცუდი ვენტილაცია, აგერ, აცრების არქონაშიც ადანაშაულებენ მინისტრს და აღარ არის საკმარისი?
ბატონო პრემიერო, პანდემიის მერე რომ მოიცლით, წულუკიანით დაიწყეთ და არ გამოგვაპაროთ, რას იტყვის, როცა ქვეყანაში კარანტინია, კომენდანტის საათი და ხელისუფლება კერძო სექტორს ეაჯება, არავინ გაათავისუფლო, ხომ ხედავ მე ვერ ვეხმარებიო – ზუსტად მაშინ, მე რატომ დავტოვე მშიერი ამდენი ოჯახიო? რატომ მივუქსიე სახელმწიფოს ამდენი მშიერი და უკმაყოფილო ადამიანი პანდემიის დროსო?
თამო კეშელავა
ალია №14
კომენტარები