საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
12.10.2023 ისრაელი:
– მას შემდეგ რაც ებრაული უშიშროება ვარაუდობდა დამატებითი ირანული შეიარაღებისა და ოფიციალური პირების ჩასვლას სირიაში, ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე. მიუხედავად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების აქტიური მუშაობისა აფეთქებები მაინც განხორციელდა აეროპორტის ტერიტორიაზე. ეს იყო რეალური პრევენციული დარტყმა.
– შეტაკებებმა აქტიური სახე შეიძინა პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე: წუხელ ებრაული სამხედრო პოლიცია საკვანძო ქალაქ ჯენინში ღრმად შევიდა, რასაც მთელი ღამის განმავლობაში შეტაკებები მოჰყვა. ჯენინის სრული კონტროლი ისრაელს არ მოუპოვებია და თუკი შეეცდება ეს პრაქტიკაში ძალიან რთული იქნება.
– სროლებია იერუსალიმის ტერიტორიაზეც. ებრაულ პოლიციას რამდენჯერმე დაესხნენ თავს. აღნიშნული ქმედებები ხორციელდება არამხოლოდ ქალაქის სხვადასხვა ურბანულ ზონაში, არამედ ძველ, ისტორიულ სივრცეებშიც. სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან სხვა მიმართულებისაგან განსხვავებით აქ თავდასხმები არა ჯგუფურად, არამედ ინდივიდების ხელით ხდება. შესაბამისად, სიტუაცია არ არის მარტივი.
– კვლავ მოხდა ჰამასის რაკეტების გაშვება ღაზას სექტორიდან. დაიბომბა ებრაული ქალაქი ბერშევა. ვარაუდობენ, რომ ჰამასმა რამდენიმე წლის წინ ღაზასთვის გადაცემული წყლის ხარისხიანი მილებისაგან რაკეტების გამშვები დანადგარები გააკეთა. რეალურად, ჰამასი ხშირად ითვისებდა ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც სამხედრო რესურსს, შესაბამისად არც ეს იქნებოდა უცნაური.
– ებრაული ავიაცია ღაზას სექტორის აქტიურ დაბომბვას ახორციელებს. ჰამასის კონტროლქვეშ არსებული ობიექტები სამიზნედაა ქცეული ზღვიდანაც და ხმელეთიდან, არტილერიის გამოყენებით. ჯერჯერობით სახმელეთო ოპერაცია არ დაწყებულა.
– ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ იდენტიფიცირებულია ჰამასის ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა ებრაულ დასახლებებზე თავდასხმებში და რომ შური აუცილებლად იქნება ნაძიები.
– შედარებით დამშვიდდა სიტუაცია ლიბანის მიმართულებით. ჰეზბოლას მხრიდან მხოლოდ ლიმიტირებული აქტივობა იყო დღის განმავლობაში. როგორც ჩანს ისრაელის იერიშებმა შედეგი გამოიღო.
– Washington post-ის ინფორმაციით მინიმუმ 64 ადამიანი იქნა გატაცებული ჰამასის ტერორისტების მიერ, რომელთაგან 49 სამოქალაქოა. ამ სამოქალაქოთაგან კი 11 ბავშვია. მანამდე დაკარგულად გამოცხადებულთაგან ნაწილი მოკლულია ჰამასის მიერ.
– ისრაელში მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკა დაიცავს ისრაელს.
კომენტარები