ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში, კოტე კემულარია.
– ბატონო კოტე, გუშინ თეთრ სახლში ისეთი რა მოხდა, რაც მსოფლიო პოლიტიკას არ ახსოვს და ამას ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი ადასტურებს. ზელენსკისა და ტრამპს, ზელენსკისა და ტრამპის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსს შორის პირდაპირ ეთერში დაპირისპირებამ საყოველთაო შოკი გამოიწვია. რა იყო ამ დაპირისპირებების რეალური მიზეზი? რატომ დადგა ეს შოუ ამერიკის ხელისუფლების ორმა მთავარმა ფიგურამ?
–მოდით, ცოტა შორიდან დავიწყოთ. ტრამპის გამარჯვების მერე, ეს პირველი შოუ არ ყოფილა. ამ მასშტაბისა არა, მაგრამ ტრამპმა სხვა და სხვა დონის შოუები დადგა არჩევნებში გამარჯვებისთანავე. ჯერ კანადას დაუპირა ამერიკის შემადგენლობაში შეყვანა, ამერიკის მორიგ შტატად გადაკეთება და კანადის პრემიერი, თავდაჭერილი ადამიანი, ჯასტინ ტრუდო მწყობრიდან გამოიყვანა. მერე გრენლანდიას დაადგა თვალი, დანიას არ სჭირდება, მას ფულს გადავუხდით და ამერიკის საკუთრება გახდებაო და ახლა დანიის პრემიერი, მეტე ფრედრიკსენი და საგარეო საქმეთა მინისტრი გადარია. მერე პანამის არხის სრული კონტროლი მოინდომა და დაიმუქრა, ვინც პანამის არხს ამერიკის არხს არ უწოდებს, იმათ დავიჭერთო. იგივე თქვა მექსიკის ყურეზე და ოფიციალურად სახელიც გადაარქვა, ამერიკის ყურე დაარქვა და მოიმდურა ის ჟურნალისტები, ვინც ამ ყურეს ისევ მექსიკის ყურეს უწოდებენ. ასევე, მექსიკას და კანადას გაუზარდა ამერიკაში ექსპორტზე ტარიფები. ორი სასაზღვრო მეზობელი ჰყავს, მექსიკა და კანადა და უკვე ორივეს წაკიდება მოასწრო. ეს არის ტრამპის მანერა, მისი არაკომპეტენტურობის გამოძახილი. თეთრ სახლში მომხდარმა ყველა ზღვარს გადააჭარბა. დიპლომატიაში უარესი დაპირისპირებებიც მომხდარა, მაგრამ დახურულ კარს მიღმა. საჯარო და მით უფრო, კამერების წინ ამგვარი შოუების მოწყობას ყველა ერიდება.რაც მოხდა, ეს იყო დადგმული, ამაზე ყველა თანხმდება. ვიზუალურადაც ჩანდა, ტრამპი რაიმე კითხვას რომ დასვამდა, ჯეი დი ვენსს შეჰყურებდა, რომ ჯერ მას ეთქვა რაიმე. დი ვენსის ყველა პასუხი კი პროვოკაციული და ზელენსკისთვის შეურაცხმყოფელი იყო. ვინც ვაკვირდებით, ვისაც დიპლომატიასთან უშუალო შეხება გვქონია, ასეთი რამ არ ხდება – როდესაც პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ერთად მართავენ მოლაპარაკებას, გადამწყვეტი სიტყვა პრეზიდენტს ეკუთვნის, პროტოკოლითაც ასეა. იქ კი ბევრ საკითხზე ვიცე-პრეზიდენტის სიტყვა იყო საბოლოო, ის იყო წამყვანი. ეს შოუ, ბევრი თანხმდება, რომ ტრამპისა და დი ვენსის მიერ წინასწარგანზრახულად იყო დაგეგმილი და ამ აზრს მეც ვიზიარებ. თუმცა, ამით ამერიკულმა მხარემ ვერაფერი მოიგო, რადგან მთელი ცივილიზებული სამყარო ზელენკისა და უკრაინის მომხრედ დარჩა. უცნაური ის იყო, რომ ტრამპი ზელენსკის ძალიან თბილად დახვდა, წინა დღეს, ზელენსკის რამდენიმე საქმიანი და თბილი შეხვედრა ჰქონდა კონგრესში, ამერიკის მხრიდან უკრაინული მინერალების მოპოვებაზე ხელშეკრულებაც მზად იყო და ამაზე ტრამპმაც კმაყოფილმა ისაუბრა. ამერიკის ფინანსთა მინისტრი და ხაზინის უფროსი გამოვიდნენ და ყველა დეტალია შეთანხმებულია და პირდაპირ მოვაწერთ ხელსო, განაცხადეს. მოულოდნელად კი ასეთი რამ მოხდა. გაირკვევა, რამ გააღიზიანა ტრამპი, რით დარჩა უკმაყოფილო, რომ ასეთი შოუს დადგმა გადაწყვიტა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
-რა მოგება ნახა ამ ამბიდან ტრამპმა?
–ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები ძალიან უარყოფითად აფასებენ ამ ამბავს, ტრამპისა და დი ვენსის თავდასხმას ზელენსკიზე. ყველა ამბობს, რომ ეს იყო ზესახელმწიფოს ლიდერების თავდასხმა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტზე. მთავარი რაც არის, ტრამპმა ამერიკული საზოგადოებისგან პატივისცემა ვერ მიიღო და ბევრი პოლიტიკოსი გადაიკიდა, მათ შორის რესპუბლიკელებიც. კალიფორნიელმა სენატორმა, ადამ შიფმა განაცხადა: „დღეს თეთრ სახლში ერთმანეთს შეხვდნენ გმირი და ლაჩარი. გმირი, შეხვედრის შემდეგ სახლში, უკრაინაში დაბრუნდა“. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, მე ამერიკული პოლიტიკოს გამო, ამხელა სირცხვილი ჯერ არ განმიცდიაო. თუ ეს სპექტაკლი იმისთვის დაიდგა, რომ ზელენსკი გაეშავებინათ, ეს არ გამოუვიდათ. ზელენსკის უკრაინაშიც ჰყავს ოპონენტები და მათი პატივისცემაც კი დაიმსახურა, რომ უკრაინის საზიანოდ არაფერი დაუთმო ამხელა ქვეყნის მეთაურს და მსოფლიომ კიდევ ერთხელ გაიცნო, როგორც გმირი, რომელმაც თეთრ სახლში მართლა იბრძოლა და იქიდან გამარჯვებული გამოვიდა. ერთადერთი, ვისაც მომხდარი გაუხარდა, ეს მოსკოვია. ეს, რაც შეეხება ემიციებს. ახლა საქმეზე გადავიდეთ.
–მეც ეგ მაინტერესებს და პირველ რიგში, ამ აურზაურის მერე, ამერიკა დაეხმარება უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ფულით და იარაღით?
–ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი ამ შოუს ასე გამოეხმაურა – ჩვენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ, თავისუფალ სამყაროს კი ახალი ლიდერი სჭირდებაო. იქვე დააკონკრეტა, რომ აქ ევროპამ უნდა თქვას თავისი სიტყვაო. ტრამპისა და დი ვენსის ამ არასაჭირო გამოხდომამ, დღის წესრიგში დააბრუნა ერთიანი და ძლიერი ევროპის აუცილებლობა. ევროპამ დაინახა, რომ ევროპაში რუსული აგრესიის შესაკავებლად, ტრამპის ამერიკა არ გამოადგებათ და ლიდერი ევროპაში უნდა მოძებნონ. დაინახეს, რომ ეს აღარ არის ის ამერიკა, რომელიც მუდამ რუსეთთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგა. საგულისხმოა, რომ თეთრი სახლიდან 2 საათის გამოსულიც არ იყო ზელენსკი, რომ მას ბოლომდე გვერდში დგომა აღუთქვეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, კინ სტარმერმა, მისმა ესპანელმა კოლეგამ, პერდო სანჩესმა და პოლონეთის პრემიერმა, დონალდ ტუსკმა. შემდეგ იგივე პოზიცია დააფიქსირეს გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტო მეცოლამ, სკანდინავიის ქვეყნების პირველმა პირებმა და სხვა გავლენიანმა ევროპელმა პოლიტიკოსებმა. მანამდე, ინგლისის პრემიერი, უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა, კინ სტანმერმა მკაფიოდ თქვა, რომ ბრიტანელი სამხედროები მზად არიან უკრაინაში წასასვლელად. უკრაინაში ჯარების გასაგზავნად მზად არის საფრანგეთი. თუ ტრამპი გააგრძელებს ასეთ თავდასხმას და დი ვენსი კრემლის მესიჯებს კიდევ გაახმოვანებს, რაც თეთრ სახლში გააკეთა, შესაძლოა, მივიღოთ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ძლიერი ევროპა, რომელიც დაუპირისპირდება რუსეთს და უკრაინას არ მიატოვებს. ევროპის გვერდით იქნებიან კანადა, იაპონია, ავსტრალია და სხვა არაევროპული ქვეყნები. ამერიკა დარჩება მარტო რუსეთთან ერთად, ამ რეალობას მივიღებთ. ამაზე დაფიქრდებიან ვაშინგტონში. შესაძლოა, ტრამპმა უკან დაიხიოს, როდესაც დაინახავს საფრთხეს, რომ მარტო დარჩება, მარტო რუსეთის მხარდამხარ და ჩინეთის პირისპირ. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა, იმიტომაც მოხდა, რომ ტრამპი საკუთარი სიტყვების, დაპირების ტყვეა. მან არჩევნებამდე თქვა, რომ ომს შეწვეტდა და ეგონა, ამას ნებისმიერ ფასად დათანხმდებოდა უკრაინა. რუსეთი ითხოვს მთელ აღმოსავლეთ უკრაინას, იმ ტერიტორიებსაც, რომელთაც ახლა უკრაინა აკონტროლებს, ეს უბრძოლველად სურს მიიღოს და ამაზე არც ერთი ნორმალური უკრაინელი პოლიტიკოსი არ დათამხმდება, მარტო ზელენსკი არა. გამოდის, ტრამპი მზად იყო, რუსეთის ეს ულტიმატუმი მიეღო, ამ დასკვნამდე მივდივარ. ტრამპმა თქვა კიდეც, მე მხარე არ ვარ მოლაპარაკებაში, შუამავალი და ნეიტრალური ფიგურა ვარო. რუსეთი აგრესორია და უკრაინა მსხვერპლი, ათასი საშინელება ჩაიდინეს რუსებმა უკრაინაში და როდესაც თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს ლიდერობაზე გაქვს პრეტენზია, შეუძლებელია, ნეიტრალური იყო. მომლაპარაკებელი და შუამავალი მუდამ ვერ იქნება ნეიტრალური. ამ ომში, ლუკაშენკოც იყო შუამავალი და ერდოღანიც, მაგრამ არც ერთი არ იყო ნეიტალური-ერთი რუსეთის მხარეს იყო, მეორე უკრაინისა.
– თუ ევროპამ საკუთარი თავის პატრონობა თავად გადაწყვიტა, აუცილებლად მოუწევს საკუთარი ჯარის შექმნა, სავარაუდოდ, ევროკავშირის ფარგლებში და მისი მანდატით. ეს თუ მოხდა, ნატო დაიშლება?
–ხვალ, დიდ ბრიტანეთში იგეგმება დიდი შეხვედრა. პრემიერმა სტანმერმა ევროპის ყველა გავლენიანი ქვეყნის ლიდერი მიიწვია და მიწვეულია თურქეთიც. ეს შეხვედრა ბევრ რაიმეს გადაწყვეტს. ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა შეგახსენოთ. თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა განაცხადა – მზად ვარ, ჩემი მილიონიანი არმიით ევროპის უსაფრთხოების სისტემას შევუერთდეო. ეს ნიშნავს, თურქეთიც რუსეთის წინაამღდეგ და უკრაინისა და ევროპის გვერდით დგას. ცხადია, თუ ევროპამ საკუთარი ჯარი შექმნა, ნატო დაიშლება, რაც ამერიკას არ აწყობს. გავიმეორებ, რომ ევროპის ქვეყნების გარდა, ამერიკას რუსეთთან პარტნიორობაში გვერდით არ დაუდგებიან კანადა, იაპონია და ავსტრალია. თურქეთზე უკვე ვთქვით და მარტო დარჩება ამერიკა. წესით, ტრამპს უნდა ეყოს ჭკუა, რომ ეს ყველაფერი რეალობად არ აქციოს.
–ჩინეთის ფაქტორიც აიძულებს ტრამპს, რომ ევროპა არ დაკარგოს და მარტო არ დარჩეს ამერიკა, არა?
–ჩინეთსა და ევროპას შორის ვაჭრობა შეადგენს 3.5 ტრილიონ დოლარს, კოლოსალური თანხაა. 500 მილიონიანი ევროპის ბაზრის დაკარგვაც ჩინეთს არ აწყობს. თავის მხრივ, ევროპას არ აწყობს ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის დაკარგვა და მათი სავაჭრო ურთიერთობები გაგრძელდება. ამერიკა იძულებული გახდება, ბევრი რამ დათმოს, რომ ევროპასთან ძველი, ნორმალური ურთიერთობა და ნატოც შეინარჩუნოს, რადგან ნატოს გარეშე ჩინეთთან კონკურენცია ძალიან გაუჭირდება. ეს კი თავისთავად ნიშნავს რუსეთ-უკრაინის ომის საკითხის ახლებურად გააზრებას ტრამპის მიერ. თუ შეუწყვიტა უკრაინამ ამერიკას სამხედრო დახმარება, ევროპა ამოავსებს ამ დანაკლისს. აი, თუ ევროპა, ავსტრალია, კანადა და იაპონია განუდგნენ ამერიკას, მაშინ არასახარბიელოდ ექნება საქმე ამერიკას და ამ დანაკლისს ვერანაირად ვერ შეავსებს ტრამპი.
კომენტარები